Accessibility links

logo-print logo-print

კაპიტოლიუმში ბრბო შეიჭრა, პრეზიდენტად ბაიდენის დამტკიცების ცერემონია შეწყდა


6 იანვარს დაიწყო აშშ-ის კონგრესის ორი პალატის გაერთიანებული სხდომა, რომლის მიზანია ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფორმალური დადასტურება. სხდომა დაწყებით კი დაიწყო, მაგრამ თავისი ტრადიციული მოვალეობის შესრულება ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაც კონგრესის შენობაში მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განრისხებული მომხრეები შეიჭრნენ, კონგრესის წევრები იძულებული გახდნენ დაეცალათ სხდომათა დარბაზი და უსაფრთხო ადგილებისთვის მიეშურათ.

ჩვეულებრივ, არჩევნების შედეგების დამტკიცება უკანასკნელი ფორმალური პროცედურაა, რომელიც დარჩა არჩეული პრეზიდენტის, დემოკრატ ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, რაც 20 იანვარს გაიმართება. კონგრესის სხდომაზე, რომელიც იანვრის დასაწყისში იმართება ხოლმე, ითვლიან საარჩევნო კოლეგიაში საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ მოპოვებულ ხმებს და ადასტურებენ გამარჯვებულს. მაგრამ წელს ვაშინგტონში პროცესები სხვაგვარად განვითარდა - რესპუბლიკელ კანონმდებელთა ჯგუფმა გააპროტესტა ზოგიერთ შტატში ბაიდენის გამარჯვება და შეეწინააღმდეგა შედეგების დადასტურებას.

მას მერე, რაც კონგრესის წევრები შეიკრიბნენ და პირველ გამომსვლელთა მოსმენაც მოასწრეს, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა ტრამპის მომხრე აგრესიული ბრბო, რომელიც პოლიციას დაუპირისპირდა.

მოხდა კონგრესის წევრთა ევაკუაცია, პოლიციამ მათ მოუწოდა აირწინაღები გაეკეთებინათ, ვინაიდან ტრამპის მომხრეებთან შეტაკებებისას ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც უძღვებოდა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას, დაცვამ გაარიდა იქაურობას.

როგორც მოგვიანებით გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, ტრამპის მომხრეები მოძრაობდნენ კაპიტოლიუმის შენობაში, შევიდნენ სენატის სხდომათა დარბაზში და ზოგიერთი კანონმდებლის ოფისში. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს სკამების უკან გამაგრებული იარაღმომარჯვებული პოლიციელები.

როგორც იტყობინებიან, პოლიციასთან შეტაკებებისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ქალი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვაშინგტონის მერმა მიურიელ ბოუზერმა საღამოს 6 საათიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. ძალადობის ჩასახშობად მობილიზებული არიან ეროვნული გვარდია და სხვა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.

არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელევიზიო მიმართვაში დემოკრატიაზე „უპრეცედენტო თავდასხმა“ უწოდა კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს.

„ეს არაა წინააღმდეგობა, ესაა არეულობა, ესაა ქაოსი,“ თქვა ბაიდენმა. მან ტრამპს მოუწოდა, დაიცვას აშშ-ის კონსტიტუცია, ტელევიზიით მიმართოს თავის მომხრეებს და დააშოშმინოს ისინი.

ტრამპმა თეთრ სახლში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, რომელიც ტვიტერით გაავრცელა, არეულობის მონაწილეებს მშვიდობისკენ მოუწოდა, თან კვლავ გაიმეორა თავისი დაუსაბუთებელი მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტვიტერში დაწერა, რომ ძალადობა „უნდა შეწყდეს და უნდა შეწყდეს ახლავე“. მან პირობა დადო, რომ არეულობაში მონაწილეები „კანონის სრულ ფარგლებში“ დაისჯებიან.

რამდენიმე დემოკრატმა კანონმდებელმა უწოდა კაპიტოლიუმში მომხდარს „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობა.

„ბრბო აშშ-ის კაპიტოლიუმში იჭრება არჩევნების გასაუქმებლად. მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალება,“ დაწერა ტვიტერში წარმომადგენელთა პალატის წევრმა ვალ დემინგსმა.

შეიარაღებული დემონსტრანტები შეინიშნებოდნენ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოსთან, მათ შორის ჯორჯიის შტატშიც, სადაც 6 იანვარს გამართულ არჩევნებში აშშ-ის სენატში ორი ადგილი მოიპოვეს დემოკრატებმა და ამგვარად კონგრესის ორივე პალატაზე დაამყარეს კონტროლი. ეს მძიმე მარცხია ტრამპისთვის. ის 1932 წლიდან პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ერთ საპრეზიდენტო ვადაში თეთრი სახლიც წააგო და კონგრესის ორივე პალატაც.

დონალდ ტრამპის მომხრეებმა სამშაბათს დაიწყეს ვაშინგტონში თავის მოყრა. მოქმედი პრეზიდენტი ათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოვიდა ოთხშაბათს და კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და რომ საარჩევნო კოლეგიის ხმები გასაუქმებელია.

კონგრესის გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა თეთრ სახლთან შეკრებილ მომხრეებს მიმართა: „ჩვენ არასოდეს დავნებდებით... შეაჩერეთ [ხმების] ქურდობა“.

სანამ კაპიტოლიუმში ხალხი შეიჭრებოდა, კონგრესში გაიმართა დებატები ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების უარყოფის თაობაზე და იმის გამო, რომ 14-მა რესპუბლიკელმა სენატორმა და წარმომადგენელთა პალატის 100-ზე მეტმა წევრმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შტატში არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით თავად რესპუბლიკური პარტიაც ორადაა გაყოფილი. სენატის უმრავლესობის რესპუბლიკელმა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა თანაპარტიელებს მოუწოდა, ზიანს ნუ მიაყენებენ ამერიკულ დემოკრატიას და აღიარონ ბაიდენის გამარჯვება.

„ამომრჩევლებმა, სასამართლოებმა, შტატებმა - ყველამ თქვა თავისი სიტყვა. თუკი გავაუქმებთ მათ გადაწყვეტილებას, ეს სამუდამო ზიანს მიაყენებს ჩვენს რესპუბლიკას,“ თქვა მაკკონელმა.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ ამ დღეს „უზარმაზარი ისტორიული მნიშვნელობის“ უწოდა და თქვა, რომ საქმე ეხება „ჩვენი დემოკრატიული სისტემის რწმენის გარანტირებას“.

მიუხედავად რესპუბლიკელთა ნაწილის მცდელობისა, თითქმის არ არსებობს შანსი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება გაბათილდეს, ვინაიდან დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ და საკმარისი რაოდენობის რესპუბლიკელიც მათ უჭერს მხარს ამ საკითხში.

ჩვეულებრივ, კონგრესის ამ სხდომას, რომელიც არჩევნების შედეგებს ამტკიცებს, უძღვება მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი - ამ შემთხვევაში მაიკ პენსი. დიდხანს არსებული კანონით, ვიცე-პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიული ფუნქცია აქვს. მათ შორის, მან უნდა გახსნას კონვერტები და ხმამაღლა წაიკითხოს საარჩევნო კოლეგიაში ცალკეული შტატის მიერ მიცემული ხმა.

1887 წლის კანონის მიხედვით, კონგრესის წევრებს შეუძლიათ, არ მიიღონ ეს ხმები, მაგრამ ეს შესაძლებლობა არასოდეს გამოუყენებიათ. ყოფილა მცირერიცხოვან კანონმდებელთა მხრიდან წინააღმდეგობა, მაგრამ ეს სწრაფად წყდებოდა.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან ზეწოლისა, პენსმა ტრამპი საქმის კურსში ჩააყენა, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების უარყოფას და არ მოეპოვება საამისო უფლებამოსილებები.

ამის საპასუხოდ ტრამპი თავს დაესხა ვიცე-პრეზიდენტს და განაცხადა, რომ პენსს „გამბედაობა“ აკლია არჩევნების შედეგების უარყოფისთვის.

„მაიკ პენსს არ ეყო გამბედაობა იმის გასაკეთებლად, რაც უნდა გაკეთებულიყო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი კონსტიტუციის დასაცავად...“ დაწერა მან ტვიტერში.

საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ტრამპმა - 232. არჩეულმა პრეზიდენტმა თავის მეტოქეს 7 მილიონზე მეტი ხმით გაუსწრო სახალხო კენჭისყრაში, მაგრამ ტრამპი და მისი მომხრეები დაუსაბუთებლად აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. შტატებისა და ფედერალურ დონეზე ჩატარებულმა შემოწმებამ ცხადყო, რომ ეს მტკიცებულებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ტრამპის იურიდიულმა მრჩევლებმა ათობით საჩივარი შეიტანეს შტატებისა და ფედერალურ სასამართლოებში. ისინი აცხადებდნენ, რომ კენჭისყრისას ხდებოდა გაყალბება ან ხმის მიცემის პროცედურისას კანონის დარღვევას. მაგრამ ყველა ეს სარჩელი, ერთის გარდა, უკუგდებულ იქნა, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მიერ.

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელსაც ტრამპი და მისი მომხრეები იყენებენ არჩევნების შედეგების გაპროტესტებისას, არის ის, რომ, მათი თქმით, რესპუბლიკელი ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი ამ შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს. ტრამპის კრიტიკოსთა თქმით კი, სწორედ მოქმედი პრეზიდენტისა და მისი მომხრეების მიერ დათესილია ეს ეჭვი, რომელსაც შემდეგ თავადვე იყენებენ საკუთარი მტკიცებულების არგუმენტად.

დღის ბოლოს გავრცელდა ცნობები, რომ ამერიკის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრები კვლავ იკრიბებოდნენ დილით დაწყებული პროცედურის - საპრეზიდენტის არჩევნების შედეგების დადასტურების დასასრულებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG