აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სვეროდონეცკისთვის ბრძოლა, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს მთელი დონბასის ბედისთვის, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ფონზე, როდესაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკვანძო პუნქტზე კონცენტრირებული რუსეთის საარტილერიო ძალის ზემოქმედების შედეგად, უკრაინის დამცველები იძულებული გახდნენ, ქალაქის განაპირას დაეკავებინათ პოზიციები.
"ეს არის ძალიან სასტიკი, ძალიან რთული ბრძოლა. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული ბრძოლა მთელი ამ ომის განმავლობაში. დიდწილად პირდაპირ იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი", - განაცხადა 8 ივნისის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის ძალები "სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ", მაგრამ ქალაქის ინდუსტრიული ზონა "კვლავ ჩვენია", - ამის შესახებ ცნობა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ჰაიდაიმ ტელეგრამის არხით გაავრცელა. მისი თქმით, ქალაქის ქუჩებში გრძელდება ბრძოლები, "რუსები ანადგურებენ ყველაფერს. ისინი ტანკებიდან და არტილერიიდან ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს".
ლუგანსკის ქალაქი სევეროდონეცკი რამდენიმე კვირის განმავლობაში საბრძოლო დაპირისპირების ეპიცენტრშია. იგი რუსეთის იერიშების სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ძალებმა ქვეყნის სხვა ტერიტორიებიდან უკუაქციეს 24 თებერვლის ინტერვენციის შემდეგ ლამის კიევამდე მისული რუსეთის ჯარები.