Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი: "ჩვენ გვერგო ბედად ტერიტორიების დაბრუნება და გაძლიერება"


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს ახალგაზრდა მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა უარი კი არ თქვა შვედეთის ტერიტორიებზე 1700-1721 წლების ჩრდილოეთ ომის დროს, არამედ "დააბრუნა" და "გააძლიერა" ისინი. რუსეთის სახელმწიფო მეთაურის თქმით, "ჩვენც გვერგო ბედად [ტერიტორიების] დაბრუნება და განმტკიცება".

ამასთან პუტინს არ დაუზუსტებია, თუ რომელი ტერიტორიების დაბრუნება იგულისხმებოდა მის ნათქვამში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხერსონსა და უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმისთვის მზადება გამოაცხადეს. ეს მოხდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს ვიზიტის შემდეგ რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. 24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად რუსეთი აკონტროლებს ხერსონის რეგიონის უმეტეს ნაწილს, რეგიონულ ცენტრთან და ზაპოროჟიეს რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად, თუმცა თავად ქალაქი ზაპოროჟიე უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

პუტინმა განაცხადა, რომ პეტრე პირველის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე უხსოვარი დროიდან ფინო-უგორების ხალხებთან ერთად, სლავებიც ცხოვრობდნენ. ეს მიწები, პუტინის თქმით, "ყოველთვის რუსეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო". რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა ასევე ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, რომელიც რუსეთის პირველმა იმპერატორმა 1703 წელს დააარსა, და თქვა, რომ თავდაპირველად ევროპის ქვეყნები მას არ აღიარებდნენ რუსეთის ტერიტორიადო.

ამ დღეებში რუსეთში პეტრე I-ის დაბადებიდან 350 წლისთავი აღინიშნება. რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს მეფე, მოგვიანებით იმპერატორი, ტრადიციულად განიხილება როგორც მმართველი, რომელმაც მკაცრი მეთოდებით გააძლიერა სახელმწიფოს ძალაუფლება და განახორციელა მთელი რიგი რეფორმები. პეტრე პირველის საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი იყო ბალტიის მთელი რიგი ტერიტორიების ანექსია, რომლებიც 1721 წელს ნიშტადტის ზავის შედეგად შვედეთიდან რუსეთს გადაეცა. ზოგიერთი მათგანი, კერძოდ, თანამედროვე ესტონეთის ტერიტორიები და ლატვიის ნაწილები, თითქმის არასდროს შედიოდა რუსეთის ან რუსეთის სამთავროების შემადგენლობაში.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე და ასევე სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.

XS
SM
MD
LG