Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კვირის ქრონიკა: „ყველაფრის სრული კოლაფსი“


ვლადიმირ პუტინი, დმიტრი მედვედევი
ვლადიმირ პუტინი, დმიტრი მედვედევი

უკრაინაში ისევ ომი მძვინვარებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავი პეტრე დიდს შეადარა, თუმცა ოპონენტები ამ ორ ფიგურას შორის უზარმაზარ განსხვავებებს ხედავენ. ამასობაში, დმიტრი მედვედევი ამ საშინელი დროის შხამიან კომენტატორად გადაიქცა.

აი, რა ხდებოდა რუსეთში გასული კვირის განმავლობაში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მომავლისათვის.

10 წელი გავიდა

ყველაფერი იცვლება, მაგრამ, ამავე დროს, ყველაფერი უცვლელია.

მთავარი, რაც რუსეთში ბოლო ათი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, მისი პრეზიდენტია: პუტინი ამ პოსტს 2000-2008 წლებში იკავებდა, შემდეგ თანამდებობა დროებით დმიტრი მედვედევს გადაულოცა და 4 წელი პრემიერ-მინისტრი იყო, 2012 წელს კი ისევ პრეზიდენტი გახდა.

იმავე 10 წლის განმავლობაში სრულიად შეიცვალა მედვედევის საჯარო პერსონა. პრეზიდენტად ყოფნის დროს ის, ერთი შეხედვით, გულთბილ შეხვედრებს მართავდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, ლაპარაკობდა დასავლური ცხოვრების ღირსებებზე და, 2012 წელს ისიც განაცხადა „თავისუფლება სჯობს არათავისუფლებასო“.

სიძულვილის ენა

ათი წლის შემდეგ კი ის განსაკუთრებულად შხამიანი რიტორიკით გამოირჩევა. 7 ივნისს „ტელეგრამის“ არხზე დაწერა, „მე მძულს ისინი. ისინი გადაგვარებული ნაძირალები არიან. მათ ჩვენი, რუსეთის სიკვდილი უნდათო“ და დასძინა: „სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ისინი გაქრნენ“.

ვინ არიან „ისინი“, მედვედევს არ დაუკონკრეტებია. ზოგის აზრით, უკრაინელები იგულისხმა, სხვების შეფასებით კი - დასავლეთი. როგორც უნდა იყოს, მისი სიტყვები კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენი რამ შეიცვალა პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ.

2011 წლის სექტემბერში, როდესაც მედვედევმა და პუტინმა გამოაცხადეს, რომ შემდეგ წელს ადგილებს გაცვლიდნენ - პუტინი ისევ პრეზიდენტი გახდებოდა, მედვედევი კი - პრემიერი - ბევრ მოქალაქეს იმედი გაუცრუვდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ან ცვლილებისკენ მოძრაობა მაინც დაიწყებოდა და რამე დროს საჯარო მოხელეები ხალხის სამსახურში ჩადგებოდნენ.

ის, რომ გადაადგილება უმაღლეს ეშელონებში ნაკლებ თავისუფლებას მოიტანდა, თავიდანვე, ჯერ კიდევ პუტინის პრეზიდენტად არჩევამდე გახდა ცხადი. ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები, რომლებსაც ძირითადად პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებასთან დაკავშირებული უკმაყოფილება ამოძრავებდა, ძალის გამოყენებით დაშალეს, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება რუსეთში კი სულ უფრო და უფრო შეიზღუდა.

მაშინ პუტინის ინაუგურაცია უცნაური სანახავი იყო - მან კრემლამდე მიმავალი გზა ცარიელ ქუჩებში განვლო - დემონსტრანტებს პოლიცია აკავებდა, კეთილისმსურველთა არმია კი არ ჩანდა. მსგავსი ატმოსფერო სუფევდა 10 წლის შემდეგაც, როდესაც მან უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევის განხორციელება გადაწყვიტა - ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, პრაქტიკულად მარტომ მიიღო.

„ყველაფრის სრული კოლაფსი“

მისი ამ გადაწყვეტილების შედეგები ყოველდღე უფრო დამანგრეველი ხდება. დაიღუპა უკრაინის ათასობით მოქალაქე, მილიონები კი იძულებულები გახდნენ, სახლი მიეტოვებინათ. რუსეთის არტილერიამ მიწასთან გაასწორა ქალაქები და სოფლები. ყოველდღე ჩნდება რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულების - გაუპატიურებების და წამების - ახალ-ახალი მტკიცებულებები.

რუსეთში ზეწოლა ოპონენტებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე და, ზოგადად, განსხვავებულ აზრზე 2012 წლიდან იზრდებოდა - ჯერ ნელ-ნელა, შემდეგ კი მკვეთრად. 2021 წელს დაიჭირეს ალექსეი ნავალნი, რომელიც მანამდე მოწამვლას გადაურჩა. 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, როგორც ჩანს, პუტინი ცდილობს ნებისმიერი სახის ოპოზიციის განადგურებას.

2012 წელს ცვლილების მოსურნე რუსები იმედგაცრუებულნი დარჩნენ, მაგრამ ისინიც კი ვერ იწინასწარმეტყველებდნენ ამჟამინდელი ვითარების მასშტაბს: პუტინის ქმედებებით გამოწვეულ სიკვდილსა და განადგურებას უკრაინაში და იზოლაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და გაურკვეველ მომავალს რუსეთში. ამ ვითარებას პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ანდრეი კოლესნიკოვმა „ყველაფრის სრული კოლაფსი“ უწოდა.

„ყველაფრის დასასრული“

ანდრეი კოლესნიკოვი მკვლევარია „კარნეგის ფონდში საერთაშორისო მშვიდობისათვის“. ის ჯერ კიდევ 2011 წლის 24 მაისს წერდა კოლეგებთან ერთად, რომ რუსეთს დიდი საშიშროება ელოდა, თუ მისი ლიდერები მომავლის ნაცვლად წარსულზე აიღებდნენ ორიენტირს.

„ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ორი არჩევანი არსებობს: მოდერნიზაცია ან ყველაფრის დასასრული. მართლები აღმოვჩნდით“, - დაწერა კოლესნიკოვმა.

„რუსეთს უიღბლო მომავალი აქვს, რადგან მას უიღბლო წარსული ჰქონდა. მისი მმართველები რუსეთის წარსულისგან ქმნიან ისეთ იმიჯს, რომელიც მათ აძლევს ხელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალს წარსულის ნახაზებით აშენებენ“, - დაწერა მან და დასძინა: „ახლა, როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინის რუსეთი ანტიკურობის ხანაშია გადავარდნილი“.

პუტინმა რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, რათა გაემართლებინა ომი, რომელსაც დასავლეთის მთავრობები, უფლებადამცველები და შინაური ოპონენტები გაუმართლებელს უწოდებენ.

9 ივნისს მას მთლად ანტიკური ხანის მაგალითი არ მოუყვანია, მაგრამ 350 წლის წინანდელი ამბები მოიშველია და პეტრე დიდზე ილაპარაკა. მისი სიტყვები ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მინიშნება იყო იმაზე, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დაწყების მთავარი მიზეზი იმ ტერიტორიების ხელში ჩაგდება იყო, რომელსაც ის უსაფუძვლოდ და უცნაურად რუსეთის ნაწილად მიიჩნევს.

ამოქოლილი ფანჯარა

პუტინმა ახალგაზრდა მეწარმეებთან შეხვედრაზე თქვა, რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა შვედეთთან 21-წლიანი ომის დროს მათ ტერიტორიები კი არ წაართვა, არამედ დაიბრუნა ის, რაც რუსეთს ეკუთვნოდა და ამით ქვეყანა გააძლიერაო.

„ჩვენც გვერგო ბედად [ტერიტორიების] დაბრუნება და განმტკიცება“, - თქვა პუტინმა.

არადა, პეტრე პირველი ცნობილი იყო იმით, რომ მან რუსეთის მოდერნიზაცია დაიწყო, ევროპელი ექსპერტები ჩამოიყვანა და გაჭრა „ფანჯარა ევროპაში“.

პუტინმა კი დასავლეთის ქვეყნები გადაიმტერა და უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გააერთიანა. მისმა დაწყებულმა ომმა რუსეთის იზოლაცია გამოიწვია და დააზიანა ეკონომიკა, რასაც სავარაუდოდ მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება.

„ბევრი რუსი შიშობს, რომ უკრაინაზე თავდასხმით პუტინმა ეგ ფანჯარა მიაჯახუნა“, - წერდა „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG