Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: თუ კანდიდატობაზე გადაწყვეტილება იქნება შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ფარდას ავხდი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით ხალხის შეურაცხყოფად აღიქვამს. მან ამ საკითხზე პირველი კომენტარის დროს ჟურნალისტებთან თქვა, რომ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, "ყველაფერს ფარდას ახდის".

"თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი", - თქვა მან.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ეს მისი შეფასებით "სიმბოლურია".

"ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური. რეალურად, ამ სტატუსის მონიჭებით, რომლის დიდი იმედი მაქვს ჯერ კიდევ, ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის და ჩვენს ინტერესებშია და არ იქნება რუსეთის ინტერესებში...

ჩემთვის მთავარია, რომ დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, რომლის 80 პროცენტი მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების - ეს არის აღმაშფოთებელი. მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების მიმართ.

სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის დამოკიდებულება გავიგო, რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ..." - თქვა მან.

მან კანდიდატობის საკითხზე საუბრის დრო თქვა, რომ "ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს".

"ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებულები არიან ქვეყნის გარე და შიდა მტრები, თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა...

გახსოვთ, თუ არ ვცდები, 2007 თუ 2008 წელი იყო, მაშინ ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მოლოდინი გააჩინეს, რომ მაპის მონიჭებით თუ არ მონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს მაპი, მაგრამ რა მოხდა? ქვეყანამ გააგრძელა ნატოში ინტეგრაცია, ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ისევ, შეგახსენებთ, გახსნა ნატოსთან ერთობლივი საწრთვნელი ცენტრი. მე გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას ელოდება. ეს საკითხი 23-24 ივნისს განიხილება.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

XS
SM
MD
LG