Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: ევროპარლამენტარები თვლიან, რომ ივანიშვილს კარგი საქმე არ გაუკეთებია, ჩვენ პირიქით ვფიქრობთ


თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი

საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი არ ეთანხმება საქართველოზე მომზადებულ ევრპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც საუბარია მმართველი პარტიის დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ივანიშვილმა საქართველოს ბევრი კარგი საქმე გაუკეთა.

"აღმოჩნდა, რომ არის 300 ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით - ვმსჯელობთ ფაქტებით. დარწმუნებული ვარ, მთავარი არხის ჟურნალისტმაც კი იცის, ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნაში ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ეს სია იმდენად დიდა, რომ მის ჩამოთვლას არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი არ ეყოფა", - ამბობს წულუკიანი.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

დღეს, 11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "თუ [წევრობის კანდიდატის სტატუსზე] გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ფარდას ახდის".

გუშინ, 10 ივნისს კი საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ "ინტერპრესნიუსთან" კომენტარში თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო "შეურაცხყოფა ქართველი ხალხის" და "გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი".

"თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - აღნიშნა ხუნდაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG