Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, 20 ივნისს აქცია ტრიბუნად არ გამოიყენონ


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია არ გამოიყენონ ტრიბუნად და დადგნენ "აქციის რიგით მონაწილეებად ხალხთან ერთად".

მისი განცხადებით, ამ დღეს არ უნდა იყოს არცერთი დროშა, გარდა საქართველოს და ევროკავშირისა; არ უნდა იყოს არცერთი გზავნილი, გარდა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა. მისივე თქმით, ეს უნდა იყოს ერთჯერადი შეკრება "კონკრეტული ამოცანით".

"20 ივნისი გარდამტეხი დღე იყო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირა ქართველმა ხალხმა, რომ მზად არის თავისუფალი მომავალისთვის, შვილებისთვის, ღირსებისთვის, ქვეყნის სწორი განვითარებისთვის ერთად დადგეს.

დღეს, სწორედ ეს ღირებულებებია კვლავ საფრთხეში. დღეს, როდესაც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ევროპულ გზაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა, კიდევ ერთხელ და უფრო ძლიერად არის ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი დასაცავი.

სწორედ ამიტომ, "ლელო", მისი ლიდერები, წევრები, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მებრძოლები მოგიწოდებთ! გამოვიდეთ ყველა!" - წერია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

თბილისში 20 ივნისს აქცია დაიგეგმა სახელწოდებით - "შინ ევროპისკენ". მისი ორგანიზატორები არიან: სამოქალაქო მოძრაობა "ტალღა", "სირცხვილია" და "რუსეთი ოკუპანტია".

აქცია 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება, ხოლო 21:00 საათზე მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ.

სავარაუდოდ, 15 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შეფასება, რომლის საფუძველზე 27 ქვეყნის ლიდერი პასუხს გასცემს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს ევროკავშირის წევრობის სტატუსზე. საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში 23-24 ივნისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG