Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერება და რელიგია


ავტორი: გიორგი აბულაძე

ალბათ ყველასათვის ცნობილია, რომ ძველი დროდან მოყოლებული მიმდინარეობს ინტელექტუალური ბრძოლა მეცნიერებასა და რელიგიას შორის. ამ ორი შეხედულებათა სისტემის მსოფლმხედველობები ხშირად ეჯახებიან ერთმანეთს. ბევრი ღრმად რელიგიური პირი უარყოფს მეცნიერულ შეხედულებებს სხვადასხვა სფეროში და ხშირად მათ მოწინააღმდეგეებს მწვალებლებს უწოდებენ.

საპირისპიროდ, არაერთი მეცნიერი მწყრალადაა განწყობილი რელიგიის მიმართ და ამ უკანასკნელის მიმდევრებს უმეცარ ფანატიკოსებად მიიჩნევენ. თუმცა, აღსაღნიშნავია ისიც, რომ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ნაკლებად რადიკალურები არიან და ცდილობენ მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებული უფსკრულის ამოვსებას, მათი პოზიციების გონივრულად დაახლოვება/გაზიარების გზით. ასეთი ადამიანების რიგს მივეკუთვნები მეც.

მე-17 საუკუნის ბოლომდე ევროპული საზოგადოება რელიგიური დოგმების ტყვეობაში იყო. რელიგია წამყვან როლს თამაშობდა ადამიანთა ცხოვრებაში. ამ ყველაფერს საკუთარი ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული მიზეზები ჰქონდა, რომელზე საუბარიც შორს წაგვიყვანს. ქრისტიანთა წმინდა წიგნი–ბიბლია, უმაღლეს ავტორიტერს წარმოადგენდა. ხდებოდა ბიბლიური ტექსტების პირდაპირი მიღება ანალიზის გარეშე. ხშირად იდევნებოდნენ მეცნიერები. მე-18 საუკუნეში, როდესაც ევროპაში განმანათლებლობის ხანა ბობოქრობს ადამიანთა აზროვნებაში უდიდესი გარდატეხა ხდება. მეცნიერება იწყებს განვითარებას. მე-19 საუკუნეში გაძლიერებულ მეცნიერებასა და რელიგიას შორის მწვავე დაპირისპირებაა. საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიღწევები ეჭვქვეშ აყენებს ბიბლიურ მოვლენებს. სასულიერო ფენა და რელიგიური მეცნიერები მკაცრად აკრიტიკებენ იმ დროის თანამედროვე მეცნიერებს (პოზიტივისტებს). აგნოსტიკოსები (ისინი ვინც არ არიან დარწმუნებულები ღვთაებრივი ძალის არსებობა/არარსებობაში), ათეისტები (ისინი ვინც უარყოფენ ღვთაებრივი ძალის არსებობას), დესტები (რომელთაც სჯერათ ღმერთის არსებობის, თუმცა ეჭვის თვალით უყურებენ პერსონიფიცირებულ ღმერთს და ბიბლიურ შეხედულებებს და თეისტები (რომლებსაც სწამთ ღმერთის არსებობის, რომელმაც შექმნა და განაგებს სამყაროს) ერთმანეთთან ოპონირების რეჟიმში არიან.

დროთა განმავლობაში კამათი ცხრება და ხდება რელიგიური შეხედულებების ლიბერალიზაცია. ბევრი სასულიერო პირი აღიარებს თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს. ამ პროცესს საფუძველი აშშ-ში ჩაეყარა (სადაც ბრძოლა მეცნიერებასა და რელიგიას შორის განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა), როდესაც პროტესტანტულ საზოგადოებაში დაიწყეს მეცნიერული და რელიგიური შეხედულებების დაბალანსება, კომპრომისების გზით. კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანები ფუნდამენტალისტური პრინციპების ერთგულნი დარჩნენ (ისინი ბიბლიის თითოეულ სიტყვას შეუცდომლად თვლიან, იბრძვიან დარვინიზმის წინააღმდეგ, მისდევენ კრეაციონიზმს და ტრადიციონალიზმს). დღესაც ბევრი ფუნდამენტალისტი საკმაოდ აგრესიულად ებრძვის მათ მოწინააღმდეგეებს. აქვთ სოციალურ-პოლიტიკური მოთხოვნები და სჯერათ სხვადასხვა შეთქმულების თეორიების.

ევოლუციონიზმი VS კრეაციონიზმი

ამ თემაზე საუბრისას შეუძლებელია არ ახსენო ზემოთ აღნიშნული ორი თეორიის შესახებ. მე-20 საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო დაპირისპირება ამ თეორიებს შორის. პირველი თეორია მიიჩნევს, რომ სამყაროს დასაბამი არაფრისგან იწყება („დიდი აფეთქების თეორია“) და თითოეული ორგანიზმი გაჩნდა/განვითარდა პრიმიტებისგან, რომლებმაც დროთა განმავლობაში განიცადეს ევოლუცია (მაგ. დარვინიზმის მიხედვით ადამიანის შორეული წინაპარია მაიმუნის მსგავსი არსება „ჰომონიდი“). კრეაციონისტული თეორია კი ამტკიცებს, რომ სამყარო ზუსტად ისე შეიქმნა, როგორც ეს რელიგიურ წიგნებშია მოცემული. კრეაციონისტებს სჯერათ ყველა ბიბლიური ფაქტის (ედემის ბაღის, დიდი წარღვნის და ა.შ.) უტყუარობა. არსებობს მრავალი მიმდინარეობა ამ თეორიებს შიგნით, რომელიც დროთა განმავლობაში წარმოიშვა. მათ შორის არის ძალზედ საინტერესო და გავრცელებული „თეისტური ევოლუციონიზმის“ თეორია, რომელმაც მოახდინა ამ ორი თეორიის ჰარმონიზაცია. აღნიშნული თეორიის მიხედვით ღმერთმა სამყარო შექმნა ევოლუციური პროცესის გზით (ანუ ამ სამყაროს მიღმა არსებობს უზენაესი ძალა–ღმერთი, რომლის ნებითაც სამყარო წარმოიშვა და განვითარდა ევოლუციის გზით. სწორედ ის არის ამ პროცესის მმართველი). ამ თეორიის მიმდევრებს სჯერათ დღესარსებული, თითქმის ყველა ცნობილი სამეცნიერო თეორიის. ადამიანებს აქვთ თავისუფალი ნება, სამყარო იმართება ბუნებრივი კანონების მიხედვით რომლის ავტორიც ღმერთია. მეცნიერება იღწვის, რათა სრულად შეიცნოს ჩვენი სამყარო.

საბოლოოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ 21-ს საუკუნეში, როდესაც ინფორმაციისა და განათლების მიღება უფრო მარტივია, უკვე არსებულ თეორიებზე დაყრდნობით გვქონდეს საკუთარი პოზიცია ამ აქტუალურ საკითხზე. არსებობს სრულიად უსაფუძვლო და არასწორი პოზიცია, რომ მეცნიერული შეხედულებების მხარდაჭერა–რელიგიურის უარყოფას ნიშნავს. დასავლეთ ევროპის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ენდობა ევოლუციონიზმის და თანამედოვე მეცნიერების სხვა თეორიებს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველა მათგანი ურწმუნოა, მოსახლეობის 60%-ზე მეტს ღმერთის არსებობის სწამს. ბევრი მეცნიერსაც სწამდა ღვთაებრივი ძალის არსებობის და მეცნიერებასა და რელიგიას შორის შეურიგებელ ურთიერთობას არ ამართლებდა. ლეგენდარული ფიზიკოსის ა. აინშტაინი სიტყვებია: „მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია კი მეცნიერების გარეშე–ბრმა“. კვანტური თეორიის მამას მაქს პლანკს ეკუთვნის სიტყვები: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“.

„ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG