Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთუმეობის ისტორიისთვის


ავტორი: ირაკლი ფავლენიშვილი

რუსეთის მთავარი იარაღი მთელი მისი ისტორიის მანძილზე იყო პროპაგანდა და იდეოლოგიური ომი, ,,,ყოველთვის როდესაც რუსეთი აქცენტს აკეთებდა სამხედრო მოქმედებებზე, ის მარცხდებოდა‘’ წერს ქართველი იუნკერი ივანე ნანუაშვილი, რომელმაც მთელი ცხოვრება რუსულ იმპერიასთან ბრძოლას შეალია, მის რჩევებს რუსული იმპერიის ბუნების შესახებ ითვალისწინებდნენ აშშ-ს პრეზიდენტებიც.

ქართველი ერი თავისი ძლიერი კულტურული იდენტობით და მრავალსაუკონოოვანი ისტორიით რუსული იმპერიისთვის რთული დასამარცხებელი იყო თავიდანვე. იმპერიაში გაიაზრეს რომ პირდაპირი სამხედრო მოქმედებებით ქართველების დაჩოქება რთული იყო, რადგან ქართველები ოდითგანვე ცნობილი იყვნენ ,,როგორც მხედრობასა შინა აღზრდილნი და მარადის ჭირვეულსა სიცოცხლესა ჩვეულნი’’. ამიტომ განიზრახეს მოსყიდვით, დაშინებით, თანმიმდევრული რეპრესიებით და იდეოლოგიური ომით ქართველების საბრძოლო სულისკვეთების დამარცხება. შესაბამისას რუსული პროპაგანდის მთავარ სამიზნედ იქცა ყველა ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდა იმპერიას და ქვეყნის თავისუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა. ასეთ ადამიანებს მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ბრალდებათ თანამემამულეების სასიკვდილოდ გამეტება უაზროდ, კრიმინალობა, ნაციონალიზმი.

1812 წლის კახეთის აჯანყება უკვე დამარცხებულია, და 1814 წელს იოსებ ბებუთაშვილი წერილს უგზავნის ალექსანდრე ბატონიშვილს, რუსეთთან მებრძოლ უკანასკნელ ბაგრატიონს: „აბა, ხომ ხედავთსაქმე გათავებულია და ვერას გახდით“... „ამდენი ხალხი ტყვილა დაღუპეთ: ზოგი ციმბირს დაჰკარგეს, ზოგნი თქვენთან არიან და მაგათი ცოლშვილნი ციმბირს არიან გაგზავნილი, მამული და ყმა ჩამორთმეული და სხვა"... "რუსთ უკვე ყველა შეურიგდა (ირანი, ოსმალეთი), ბონაპარტეც წაახდინეს და ეხლა, აბა, რაღას უცდი?!.. ჩამოდი და კიდევ დიდ წყალობებს მიიღებ, ყველაფერი გეპატიება"-...

ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც ვერ მოიხელთა იმპერიამ ათწლეულების მანძილზე და რომელიც ლეგენდად იქცა კავკასიის თავისუფლებისთვის ბრძოლის, რუსეთის მიერ მოსყიდული პრივილეგირებული საზოგადოების მიერ ბრალდებულია ,,გათავებული საქმის გამო ხალხის ტყუილა დაღუპვისთვის’’ ამით იმპერიას სურდა ჩაენერგა აზრი მოსახლეობის ცნობიერებაში, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის განუხორციელებელი ოცნება და მის გამო თავგანწირვა არის უსარგებლო მსხვერპლი.

იგივე ითქმის სხვა ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე უკანასკნელი სამი საუკუნის მანძილზე; ქაქუცა ჩოლოყაშვილს დღემდე ბრალს სდებენ რუსეთუმეები ავანტიურის მოწყობაში, რომელმაც მისი თანამებრძოლები შეიწირა, ასევე ადანაშაულებდნენ და გიჟებად ჰყავდათ შერაცხული მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია საბჭოთა იმპერიის იდეოლოგებს.

დღემდე მახსოვს როგორ გამამწარა საგურამოელმა გლეხმა ბავშვობაში, როდესაც ოხრანკის ტყუილები მომიყვა დიდი დამაჯერებლობით ილიას დესპოტიზმზე და გლეხების წამებაზე ( ძვირადღირებულ ქურქში გამოწყობილი იდგა ეზოში და შოლტს სცემდა საწყალ გლეხებსო) ეს დაუჯერებელი ტყუილი დიდ ქართველ ჰუმანისტზე დღემდე არის მოღწეული, მიუხედავად იმისა რომ ილიას როგორც რუსული პროპაგანდის სხვა ყოფილი მსხვერპლების რეაბილიტაცია საზოგადოების ფართო მასებში განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ თითქოსდა სრულფასოვნად მომხდარია.

რუსეთუმეობის მთავარ ტესტად ქცეულია დამოკიდებულებები ,,გეორგიევსკის ტრაქტატზე’’ რუსული იდეოლოგიური მანქანა ცდილობს ამ შეთანხმების და 1801 წლის მანიფესტის ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი გზად დასახვას, არადა ცნობილია რომ სწორედ ტრაქტატს მოჰყვა მაჰმადიანური გარემოცვის მიერ ორკესტრირებული შეტევა ერეკლე მეფის სამეფოზე, რასაც დაპირებული რუსული მხარდაჭერის ნაცვლად სრული დუმილი მოჰყვა. მანიფესტის და რუსეთში ძალადობრივად გაწერვიანების შემდგომი 50 წლის მანძილზე კი დავკარგეთ უფრო მეტი მოქალაქე ვიდრე მანამდე 150 წლის მანძილზე(ისტორიკოსი აკაკი პაპავას ცნობით). არნახული ზიანი მიადგა ქართულ ეკლესიას, პირველად გაუქმდა მისი ავტოკკეფალია, ,,ქართველთა გალობას ძაღლების ყმუილს უწოდებნენ’’ ამბროსი ხელაიას თქმით ღებავდნენ უძველეს ფრესკებს.

საგულისხმოა რომ ,,საქართველო ქართველების’’ გარეშე არამხოლოდ საბჭოთა და მეფის რუსეთის, არამედ მათდამი ოპოზიციურად განწყობილი ძალების დეკლარირებული მიზანი იყო. გავიხსენოთ დეკაბრისტების მოძრაობა, რომელის მეფის რუსეთის დროს ყველაზე ლიბერალურ გამოსვლად არის შეფასებული, მისი ერთ-ერთი ლიდერი პესტელი თავის გეგმაში საუბრობდა კავკასიიდან ქართველების როგორც ,,არასანდო ნაციის’’ გადასახლების აუცილებლობაზე. იგივე შეიძლება ითქვას საბჭოთა დისიდენტებზე, რომლებიც ყოველთვის აგრესიულად იყვნენ განწყობილი საბჭოთა რეჟიმის მიერ დამონებული ერების თავისუფლების თემასთან დაკავშირებით. ცნობილია სახაროვის ფრაზა ,,საქართველოს პატარა იმპერიობაზე’’

დღესაც იგივე ნარატივი ვრცელდება თანამედროვე რუსეთუმეების მიერ, რომლის აღმნიშვნელ ლოზუნგად იქცა ,, აბა ომი გინდათ’’ ისევ კოლექტიური ბებუთაშვილები გვიკიჟინებენ რომ გათავებულ საქმეს არ შევეჭიდოთ და ტყუილა ხალხი არ გავწიროთ, თუმცა დღემდე ცხოვრობენ საქართველოში ალექსანდრე ბატონიშვილის გზის გამგრძელებლები; ნიკა შანავები, ტატო ბიგვავები,ბახვა ჩიქობავები, დათო რატიანები, დათო მენაბდიშვილები, ალიკაი ცაავები, გია ბერიაშვილები, არკადი კასრაძეები, ზაზა ბიწაძეები,ვიტალი ორბელაძეები, დათო გობეჯიშვილები, რატი შურღაიები,გიორგი გრიგოლიები, კირილ შანავები, დანიელ გერლიანები... პატრიოტები, რომლებიც სამსაუკუნოვან ბრძოლას აგრძელებენ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, ბრძოლას, რომელშიც გამარჯვება ასეთი ახლო არასდროს ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG