პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ეხმაურება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ბრიუსელში მისაღებ გადაწყვეტილებას. ექსპრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა დათქმების გრძელი სიით.
„არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები.
დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები", - სააკაშვილის განცხადება „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, იგივე გააკეთა უკრაინამ. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
საქართველოში სტატუსის საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.
დაწერეთ კომენტარი