ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში ძლიერი წვიმის შედეგად საჯარო სკოლა დაიტბორა. წყალმა დაფარა შენობის ეზო, სარდაფი, საპირფარეშოები და დამხმარე სათავსოები.
ადგილობრივების ინფორმაციით, სკოლის დატბორვა გამოიწვია სოფელში მდებარე ტბებიდან დიდი რაოდენობით წყლის გადმოსვლამ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ასევე გაწმენდილი არ არის სანიაღვრე არხებიც, რის შედეგადაც, მილებმა წყალი ვერ გაატარა და დაიტბორა სოფლის შიდა გზებიც.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ღლიღვაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვიან.
„წყალია ამოსატუმბი და ამას გავაკეთებთ ხვალიდან. მსგავსი ძლიერი წვიმა მე არ მახსოვს. სოფელში ფაქტობრივად ხევი მოდიოდა", - თქვა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
ახმეტის მერის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დახმარებისთვის სამაშველო სამსახურს მიმართეს და სკოლის შენობიდან წყლის ამოტუმბვას, სავარაუდოდ, 16 ივნისს, დილიდან დაიწყებენ. რაც შეეხება სანიაღვრე არხებს, მისი თქმით, არხები გაწმენდილი იყო. „იმ რაოდენობის წვიმა მოვიდა, რომ ვერანაირი არხი ამ წყალს ვერ გაატარებდა", - დაამატა ნასყიდაშვილმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კასრისწყალს ნალექმა პრობლემები შეუქმნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საზღვრისპირა სოფელში სტიქიის პრევენციისათვის შესაბამის სამუშაოები არ ტარდება.
დაწერეთ კომენტარი