Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია რიყეზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 ივნისს


შეკრება რიყეზე - ვინ მიდის პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე?

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ აქციაზე მიწვევა მიიღო გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა და საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა. დიპლომატებმა ამის შესახებ გუშინ განახადეს.

16 ივნისის აქციაზე მისვლას გეგმავს პარტია „ლელო“. მისმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ეს გადაწყვეტილება ასე განმარტა: „ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. “ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე“.

აქციაზე მისვლას აპირებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილიც. „დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე!“ - დაწერა ფეისბუკში ელისაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ 16 ივნისის აქციაზე არ მივა მოძრაობა „სირცხვილია“, რომელსაც ზურაბიშვილმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის გაუქმება შესთავაზა და დღევანდელ შეკრებაზე მიიწვია. მოძრაობა გეგმებს არ ცვლის და ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ორშაბათისთვის ემზადება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ფარდები და პოლიტიკა - პრეზიდენტი ვისკენ და ვის წინააღმდეგ?

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის კრიტიკულ რეზოლუციას და იქ ბიძინა ივანიშვილის ხსენებას ოპოზიციის და დასავლეთის (ნაწილის) მხრიდან საქართველოს „ომში ჩათრევის” მცდელობას უკავშირებს და „ფარდის ახდით“ იმუქრება, პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო იზოლაციის ფარდის მიღმა აღმოჩენის საფრთხის წინაშეა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ 14 ივნისს გაკეთებული განცხადებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უპრეცედენტოდ დაუპირისპირდა მმართველ გუნდს.

პრეზიდენტის მიერ „მეორე ფრონტის გახსნისა“ და „საქართველოს ომში ჩათრევის“ მითად და ტყუილად გამოცხადებას გუშინ დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით „მეორე ფრონტის გახსნაზე“ სალომე ზურაბიშვილს სერიოზულად არავინ დაელაპარაკებოდა, რადგან ის რეალურ ბერკეტებს არ ფლობს. კობახიძე არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მეორე ფრონტის გახსნაში „ჩაითრიონ“ კიდეც.

ვისკენ და ვის წინააღმდეგაა პრეზიდენტი? წაიკითხე მოსაზრებები ლელა კუნჭულიას სტატიაში.

მაკრონის იდეა და სტოლტენბერგის დაპირება მოახლოებული სამიტების წინ

სულ უფრო ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ ცნობილი გახდება ვინ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ასოცირებული ტრიოდან - საქართველო, უკრაინა, თუ მოლდოვა.

ამ საკითხზე ევროკომისია რეკომენდაციებს 17 ივნისს გამოაქვეყნებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, მომავალ კვირაში, 24-25 ივნისის სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ.

სამიტამდე დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების“ შექმნის იდეა წამოაყენა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით მაკრონის წინადადება სამიტზე 23 ივნისის დღის წესრიგის პროექტში არის შეტანილი.

„აღნიშნული გაერთიანება არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივა და არ შეცვლის ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს. არამედ დაეხმარება გაწევრიანების მსურველ ევროპულ ქვეყნებს, რათა გაწევრიანებამდე განამტკიცონ წევრ სახელმწიფოებთან პოლიტიკური კავშირები, მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრაში თანამდევი მონაწილეობით და, აუცილებლობის შემთხვევაში, ევროკავშირის შიდა ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაციის მხრივ“, - წერია საფრანგეთის მიერ წარდგენილ წინადადებაში, რომლის ტექსტიც რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიურომ მოიპოვა.

პარალელურად ევროკავშირის სამიტამდე პარტნიორი ქვეყნების დახმარებაზე გააკეთა განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. „განვიხილავთ პრაქტიკულ დახმარებას სხვა, საფრთხის წინაშე მდგარი პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“, - თქვა მან.
რა პერსპექტივა აქვს მაკრონის იდეას და რას უნდა ელოდეს საქართველო ნატოს მადრიდის სამიტამდე? წაიკითხე კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

"პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას", - აცხადებენ ცენტრში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაადასტურა "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის 1285 შემთხვევა მსოფლიოს გარშემო 28 ქვეყანაში, იუწყებოდა გაეროს ჯანდაცვის ეს სააგენტო 8 ივნისს. ამ ქვეყნების ჩამონათვალში ამ დრომდე არ ყოფილა საქართველო.

აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის შეიარაღების ახალ პარტიას უგზავნის

15 ივნისს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ პარტიას უგზავნის. ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა კიევი დასავლეთის ქვეყნებისგან დაჟინებით ითხოვს მეტ სამხედრო დახმარებას დონბასის რეგიონში რუსეთის ჯარების იერიშის ფონზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინა სატელეფონო საუბრისას, რომ აშშ დაეხმარება მას.

აშშ კვლავაც მზადაა, დაეხმაროს უკრაინელ ადამიანებს, „რომელთა სიცოცხლე ომმა გაგლიჯა“, ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. დახმარება მოიცავს რაკეტებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის, რომლებიც უკვე გაიგზავნა უკრაინაში, ასევე საარტილერიო ჭურვებს ჰაუბიცებისთვის და სათადარიგო ნაწილებს.

წაიკითხე მეტი.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მოსკოვში კონსულტაციები გამართა

მოსკოვში გაიმართა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა ოკუპირებული რეგიონის და რუსეთის გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე, - გამართული შეხვედრის შესახებ იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური.

„შეხვედრის შედეგების შესახებ ცხინვალში გაიმართება პრესკონფერენცია. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის მიერ ასევე გაკეთდება ერთობლივი განცხადება“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

რუსეთთან გაერთიანების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას 13 მაისს მოაწერა ხელი მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა კრემლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო გზავნილი, რომ ახლა ამის დრო არ იყო.

წაიკითხე მეტი.

მარხვა ცხოვრების ბოლომდე - გაიცანით, ქართველი ვეგანები

ვეგანებისთვის მხოლოდ მცენარეებით კვება მთავარი გზაა ცხოველების წამებისგან დასაცავად. ახლა ოცამდე ახალგაზრდა ცდილობს, გაზარდოს თბილისელების მგრძნობელობა ფერმებში ფარულად გადაღებული სასტიკი ვიდეოების ქუჩაში ჩვენებით.

„რა ვეგანიზმი, ხალხი დილის 7 საათზე შაურმებს იძახებს”, - სიცილით მეუბნება კურიერი. თავის მოპედს ეყრდნობა და ხელს იშვერს ახალგაზრდებისკენ, რომლებიც მდუმარედ დგანან ლეპტოპებით ხელში.

კვირა საღამოა, „გალერეა თბილისის” წინ ვართ. თითქმის სამი თვეა, 7-8 მოხალისე აქ იკრიბება. ძირითადად, კვირაობით და ხუთშაბათობითაც.

მათი ლეპტოპების ეკრანებზე გოჭებს აჭრიან კუდებს, ხოცავენ წიწილებს… გამვლელები დროდადრო ჩერდებიან, გაკვირვებულები უყურებენ ვიდეოებს. უმრავლესობა მყისვე გზას აგრძელებს, მაგრამ ზოგი ჩერდება და საუბარში ერთვება - სულ 10-15 წამით მაინც თუ გაჩერდა ვინმე, მასთან მოხალისე მიდის.

ორი ბიჭი 20 წუთია ხმამაღლა კამათობს. მათ წინ ეკრანზე ღორების ფერმას აჩვენებენ.
- სხვამ მოკლა, იმან აწამა. მე უბრალოდ ვყიდულობ. ეს დანაშაული არაა, - ამბობს ერთი.
- წამების და მკვლელობის მონაწილე ხარ. მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვია, რომელზეც მოქმედებ, - პასუხობს მეორე. ეს 22 წლის ჯინოა.

წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG