Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედი მაქვს კულტურის მინისტრი თავის ადგილს იპოვის და წავა - ინტერვიუ კურატორ ლიკა მამაცაშვილთან


3 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმიდან (“ქარვასლა”) გაათავისუფლეს კურატორი ლიკა მამაცაშვილი. კულტურის სამინისტროსთვის ეს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესის ნაწილია. ბოლო სამ თვეში მუზეუმის ათამდე თანამშრომელი 3 თვიან დროებით კონტრაქტზე გადაიყვანეს, რამდენიმეს პოზიცია შეუცვალეს.

მხატვრებმა მისი მუზეუმიდან გათავისუფლება კულტურის სამინისტროსთან აქციით გააპროტესტეს - ყველაზე რთულ წლებში, როცა საბჭოთა კავშირი ბოლო დღეებს ითვლიდა და საქართველო დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა, ქარვასლას დარბაზები იყო ერთადერთი მეგობრული სივრცე თანამედროვე ხელოვნებისთვის, რაშიც კურატორს დიდი წვლილი იყო.

თბილისის ისტორიის მუზეუმი 2022 წლის 8 მარტს ეთნოგრაფიული მუზეუმის მართვაში გადავიდა და მის ხელმძღვანელად ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა. ნინო ჭიპაშვილი* ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელობამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა, იყო მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

როდესაც ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლებს ათავისუფლებდნენ, მათი ნაწილი ამბობდა, რომ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა და ანტისაოკუპაციო აქციებში მონაწილეობისთვის დაისაჯნენ. როცა თქვენი გათავისუფლების ამბავი გავიგეთ, ბევრმა გვითხრა, რომ თქვენ მმართველი პარტიის მხარდამჭერი იყავით და გაუგებარია, რატომ გაგათავისუფლეს.

ნამდვილად. ნამდვილად ვუჭერდი ქართულ ოცნებას ხმას და წინა ხელისუფლების დროს არასოდეს არ მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა, ისე არ მომწონდა წინა ხელისუფლება, მაშინაც კი, როცა ხალხი ძალიან აღტაცებული იყო. ვერაფრით ვერ გეტყვით რომ კაცის კვლა, ტერიტორიების კარგვა და სხვისი საკუთრების წართმევა კარგია და ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი, როცა ის ხელისუფლება წავიდა. პირველი ოთხი წელი ამ ხელისუფლებასაც ველოდი, რომ რაღაც შეიცვლება, ვფიქრობდი, ასეთი დაჯახებაა ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის და ამის დალაგებას დრო ჭირდება. მერე მივხვდი, რომ ძალიანაც მოსწონთ ეს დაპირისპირება, კარგ დროს ატარებენ და არის ერთი ვაკხანალია. მეორედ მათთვის ხმა აღარ მიმიცია, არავისთვის აღარ მიმიცია ხმა.

კულტურის მინისტრის მოსვლა იყო საბოლოო დარტყმა ჩემთვის. არ შეიძლება ასეთი ადამიანი მოიყვანო კულტურაში და თუ მოგყავს, ესე იგი ამას მიზანმიმართულად აკეთებ, რაღაცის დასაზიანებლად მოგყავს და კულტურის დაზიანება არაფრით არ შეიძლება.

მე გამათავისუფლეს, როგორც ეროვნული მუზეუმის მხარდამჭერი და პასუხისგამცემი ყველა მათ ქმედებაზე, რომელიც არ მომწონდა და რაზეც ღიად ვლაპარაკობდი. მე ვერასოდეს ვერ გავჩერდები, რაც არის ცუდი და რაც ხელოვნების განვითარებას შეაფერხებს. ჩემთვის მიუღებელია, ამაზე ვერ ვჩერდები.

ანუ თქვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა თქვენი გათავისუფლების ბრძანება.

არა, მე ამას ველოდი. სრულიად გასაგები იყო ჩემთვის რომ ეს მოხდებოდა, თავიდანვე გასაგები იყო, როცა მე გამოვედი ყველაფერ იმის საწინააღმდეგოდ, რაც მათ გააკეთეს და ეს დავწერე. ძალიან უყვარს [ნინო ჭიპაშვილს - რ.თ.] ადამიანების დამცირება, გათავისუფლება. მგონი ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როცა ადამიანებს ათავისუფლებს. უბრალოდ მაინტერესებდა, რატომ მიწელავდნენ. ვფიქრობდი, რატომ მიწელავენ, მაინც უნდა მომხსნან, რატომ არ მხსნიან? უნდათ კიდევ რამე დავწერო?

გულისხმობთ ფეისბუკზე სტატუსის დაწერას?

ფეისბუკზე დაწერასაც და ისედაც გამოვდიოდი და ვლაპარაკობდი. ფეისბუკზე როგორ არის იცით? ჩასაფრებულები არიან, თავისი ხალხი ყავთ, რომლებიც ამოუკრეფენ ამ ყველაფერს და უყვებიან, ვინ რას ამბობს. იმდენი მინისტრი გამოვიარე, საბჭოთა კავშირი გამოვიარე და მსგავსი არაფერი მინახავს. მინისტრი ერეოდეს კურატორი ვინ იქნება, განყოფილების გამგე ვინ იქნება, ვინ იქნება მეთვალყურე, მგონი 1937 წელსაც არ ყოფილა. ეს არის დიდი ვნება. თვითონ იყოს ყველაფრის მაკონტროლებელი. იდეოლოგიისკენ მიჰყავს, რომელსაც ალბათ თვითონ დაწერს. გასაგებია, როგორიც იქნება ეს იდეოლოგია.

იცით, როგორ იყო?

ბოლო 6 გამოფენაზე, რაც გვქონდა მუზეუმში, პენიტენციური სისტემიდან მოსულ ახალ დირექტორს არაფრით არ უნდოდა ტელევიზიების შემოშვება. ბოლოს მოვიფიქრეთ, რომ თვითონ მხატვრებს მოეყვანათ მედია. ტელევიზიებს არ უშვებდა, მერე უშვებდა მხოლოდ პირველ არხს და იმედს. იყო შემთხვევა, სამი ტელევიზია ერთად მოვიდა, მათ შორის იყო ფორმულა და ვინმე რუსუდანმა [რუსუდან უშიკიშვილი, კულტურის სამინისტროს პრეს სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი - რ.თ.] გასცა ბრძანება, სანამ ფორმულა არ წავიდოდა, დანარჩენები არ შემოეშვათ. მე იქ ვიდექი და მესმოდა, როგორ ელაპარაკებოდა დაცვას. ახლა შეცვალეს პიარი და მგონი უფრო მკაცრი მოიყვანეს.

თვითონ არც უნახავთ ეს გამოფენები.

პირადად თქვენთან დაკავშირებით იყო რაიმე უსიამოვნო შემთხვევა, ან გასაუბრებაზე მინიშნება, რაც გაფიქრებინებდათ, რომ გადაწყვეტილია თქვენი გათავისუფლება.

მთხოვდნენ მიღება-ჩაბარების აქტები მე დამეწერა, ეს ჩემი საქმე არ იყო და ეს ავუხსენი. ჩემი მისია იყო დროებითი გამოფენების მოწყობა და მხატვრებთან ურთიერთობა.

ზოგადად, ძალიან მძიმე გარემო იყო, არც ვიცი, როგორ გავუძლებდი… არაჩვეულებრივი თანამშრომელი მყავდა, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა და რამდენჯერმე ჰკითხა [ნინო ჭიპაშვილმა - რ.თ.] “სამი შვილი და სამსახური ერთად როგორ შეიძლება”? საბოლოოდ ეს გოგონა, რომელსაც ლაზერის სხივს ვეძახდი უზუსტესი თვალის გამო, რაც ექსპოზიციისას ძალიან დასაფასებელია, ჩამოაქვეითა, გახადა მეთვალყურე და უთხრა, ბავშვები რომ შემოვლენ, შენ მიიღებო. მეთვალყურე ნივთებს უნდა უყურებდეს და არა ბავშვებს. ეს ადამიანი იქ 20 წელი მუშაობდა და ასეთების დაფასებაა საჭირო, ჩამოქვეითება კი არა.

სხვათა შორის, პირველი რაც გააკეთა სამინისტრომ ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, შეაჩერა პროექტი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების გალერეის გაკეთებას გულისხმობდა. ეს პროექტი ხელს უწყობდა თანამედროვე ხელოვნების განვითარებას - ამ პროექტის მიზანი იყო იმ მხატვრებზე პროექტების გაკეთება, რომლებიც ქარვასლაში პირველ თავისუფალ გამოფენებში მონაწილეობდნენ. ჩვენ ვუფინანსებდით მასალას პროექტისთვის, ვუკეთებდით კატალოგს და ვამზადებდით მათზე ფილმს. პრაქტიკულად ვუქმნიდით პაკეტს, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ გალერეაში შეეძლო წარედგინა, სხვა რა უნდა მხატვარს. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა გამოფენაც, “თამაშის მდგომარეობა”, რომელიც თბილისის გარდა, ბაქოშიც გვქონდა წაღებული, ალიევის ცენტრში და ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად.

თამაშის მდგომარეობა, ბაქო, 2017 წელი
თამაშის მდგომარეობა, ბაქო, 2017 წელი

ამ პროექტის გაჩერების მერე ვცადე მიხეილ შენგელიაზეც [მხატვარი - გარდაიცვალა 2020 წელს. რ.თ.] პროექტის შეტანა სამინისტროში, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ: აშკარად ჩანდა უარყოფითი დამოკიდებულება იყო იმის გამო, რომ მე ვიყავი ეროვნული მუზეუმის იდეის მხარდამჭერი. ეს დამოკიდებულება თუ დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით. ეს ნიშნავს კულტურის უკან დაწევას, ჩარჩოებში ჩასმას და გარკვეულ იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევას. ეს არის ეროვნული მუზეუმის ნგრევა და დაანგრია კიდეც. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო მისი მიზანი და მან ეს გააკეთა.

საინტერესო ისაა, რომ თქვენი და სხვების გათავისუფლებაც რეორგანიზაციის პროცესით აიხსნება, თუმცა საზოგადოებამ არ იცის, რას გულისხმობს კონკრეტულად რეორგანიზაცია, რა უნდა იყოს ამ რეორგანიზაციის შედეგი.

ჯობია ჯერ თავები მოვაჭრათ და მერე აღარავინ იყოს გამკითხავი, რა დავწერეთ - ასეთია ალბათ მათი პოზიცია. ვერ დაწერენ [კულტურის სტრატეგიას], რომც დაწერონ, ცუდი იქნება.

როდესაც არაპროფესიონალი მოდიხარ და ამბობ, რეფორმას გავატარებ, როგორ, რის ხარჯზე? ხომ უნდა გესმოდეს ეს საგანი და გინდოდეს მისი განვითარება. მარტო პროფესიონალების ჩართვა ამას არ უშველის. მას აქვს თავისი გემოვნება და ყველაფერი უნდა ამ გემოვნებას მოარგოს. მე მაინც მჯერა, რომ ეს მალე დამთავრდება. აღარ არის შუასაუკუნეები, 21 საუკუნეა, როცა ყველა ცდილობს პროგრესს აუწყოს ფეხი.

ახლა, თბილისის ისტორიის მუზეუმში აკეთებენ რემონტს და მერე უნდათ, რომ ერთ-ერთი საგამოფენო სივრცე დაეთმოს უახლოეს ისტორიას, საბჭოთა კავშირს - ასეთი ექსპოზიციები მზადდებოდა საბჭოთა კავშირშიც. მეტი არც იცის, არც გემოვნება აქვს და არც კომპეტენტური ხალხი ჰყავს გვერდით.

მე ალექსანდრე როინაშვილის მკვლევარი ვარ, ფოტოგრაფიის მიმართულებით ვარ ხელოვნების დოქტორი და მას აქვს ძალიან კარგი წერილი, “რა არის მუზეუმი”. ამ წერილში ის წერს, რომ მუზეუმი არის სარკე, სადაც ჩაიხედავ და დაინახავ, რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა, რა ვერ მოახერხეს და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ.

" რა არის მუზეუმი? მუზეუმი არის იმგვარი სარკე, რომელშიაც ჩაიხედავ, მერე მოშორდები და შენი სახე და საქმე კი შიგ დარჩება. გადის რამდენიმე ათასი წელიწადი და შენი მომავალი თაობა თვალით ჰხედავს, თუ რა სახისანი ყოფილან მათი წინაპარნი და რა შესძლებიათ და რა უმოქმედიათ. მუზეუმი იგივე უმაღლესი სასწავლებელია, სადაც პროფესორები თავიანთ მოწაფეებს უკითხავენ ლექციას და ასმენენ ისტორიას და მისს ლიანდაგსა. მუზეუმის დანიშნულება ის არის, რომ თვალით დაანახვოს წინაპართა ნამოქმედი, მოსაზრეობა, ხელოვნება და ჭკუისა და გონების ნაწარმოების ნაყოფი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი დაწინაურებულნი პირნი დაიწყებდნენ ამ ფრიად საჭირო და საშვილიშვილო საქმეზე ზრუნვასა და აი, სწორედ ამის გამო, ამ ოცის წლის წინად შევუდექი ძველის შესანიშნავის სამუზეუმო ნივთების შეკრებასა და მოპოებას. ამ ნივთების შეძენაში რამდენი შრომა, გაჭირვება და მწუხარება გამოვიარე, აქ საჭიროდ არა ვრაცხ მოვიხსენო. მე მხოლოდ იმას ვაუწყებ ჩემთა მოძმეთ და მემამულეთ, თუ რამდენად ნაყოფიერი იყო ჩემი დიდი ხნის განზრახვა. მე ვიმოგზაურე იმ უცხო ქვეყნებში, რომელნიც გარს არტყიან ჩვენს სამშობლოს და ხშირად ესხმოდნენ ხოლმე თავსა და გაჰქონდათ მრავალი ნივთები და ოჯახის მოწყობილობა. ამ ჩვენის ოდესმე დაუძინებელის მტრებისაგან შევიძინე ხუთასამდე ნივთი და ჩამოვიტანე ჩვენს დედა-ქალაქში იმ განზრახვით, რომ გადამეცა ჩვენის ერისათვის, დასაარსებლად ქართული ეროვნული მუზეუმისა და ისევ წავსულიყავ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ძველის ნივთების მოსაპოვებლად. აი ექვსი წელიწადი სრულდება, რაც ჩამოვიტანე ეს ნივთები და, ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდლამდე ვერ ვპოვე ვერც ერთი დაწესებულება ჩვენში, რომ შეეძლოს და შეინახოს, თუნდ დროებით დაქირავებულს სახლში, და მოუყაროს თავი ამ შესანიშნას და იშვიათ ნივთებს. ხოლო მე მომცეს შემთხვევა, რომ განვაგრძო ჩემი გულითადი წადილი და კიდევ შევუდგე ნივთების მოპოვებასა იმავე განზრახვით."
ალექსანდრე როინაშვილი, „ივერია“ # 256 1895წ. 26 ნოემბერი

ეს იყო არა მხოლოდ კარგი ფოტოგრაფი, არამედ პირველი ადამიანი, რომელმაც შექმნა კერძო მუზეუმი და მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ნივთები. მე გავუკეთე მას რამდენიმე წლის წინ გამოფენა, არ იყო მარტივი ამ ნივთების იდენტიფიცირება, რთული პროცესი იყო, მაგრამ გავაკეთეთ. ჩემთვისაც ესაა მუზეუმი.

ალექსანდრე როინაშვილის მიერ შეგროვებული უძველესი ნივთების გამოფენა; 2015 წლის დეკემბერი
ალექსანდრე როინაშვილის მიერ შეგროვებული უძველესი ნივთების გამოფენა; 2015 წლის დეკემბერი

თქვენმა გათავისუფლებამ მხატვრები ერთსულოვნად გააბრაზა, როგორ აღმოჩნდა რომ ასეთი სოლიდარობა გამოიჩინეს?

1986 წელს დავიწყე თანამედროვე ხელოვნების გამოფენების კეთება თბილისის ისტორიის მუზეუმში. ერქვა რომ მაშინ “პერესტროიკა” იყო, მაგრამ წინააღმდეგობაც არსებობდა. იყო შემთხვევები, როცა KGB მოდიოდა და გვეკითხებოდა, რა ხდება, ვისი გამოფენაა? განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენთვის მხედრიონის დრო, როცა ავტომატებით შემოდიოდნენ და ვერავინ ხმას ვერ სცემდა. კაფე იყო ეზოს დონეზე და იქ ისხდნენ ხოლმე, თუ მოუნდებოდათ, ჭერშიც ისროდნენ. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთ მხატვარს, მამუკა ჯაფარიძეს პასუხს სთხოვდნენ ნამუშევრებზე, დახვდნენ ავტომატებით, ეკითხებოდნენ, რას აკეთებს, რატომ აკეთებს. მე რომ ლექსი დავწერე, ეგეთი გამოფენა ჰქონდა მაშინ და ამაზე აუხტნენ. ხომ წავიდა მხედრიონი, მე მგონია რომ ესენიც ასე წავლენ.

*რადიო თავისუფლება ცდილობს თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორთან, ნინო ჭიპაშვილთან ინტერვიუს ჩაწერას მუზეუმში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე - სამინისტროს პრესსამსახურში კონკრეტულ თარიღს, როდის მოგვეცემა ამის საშუალებას, არ ასახელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG