Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით არახამიას თქმით, დონბასში დაჭრილებისა და დახოცილების სახით უკრაინა დღეში 1000-მდე ჯარისკაცს კარგავს


დავით არახამია, ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი უკრაინის ვერხოვნა რადაში
დავით არახამია, ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი უკრაინის ვერხოვნა რადაში

დონბასში ყოველდღიურად 1000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება ან იჭრება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა მშვიდობიან მოსახლეობაში 200-დან 500-მდეა. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტისას უკრაინის ვერხოვნა რადაში მმართველი ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

არახამიას თქმით, დანაკარგის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

მაისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა დონბასში დაღუპულის სახით ყოველდღიურად 60-დან-100-მდე ადამიანს კარგავს, დაჭრილთა რაოდენობა კი 500-ს აღწევს.

არახამია დარწმუნებულია, რომ დანაკარგების მიუხედავად, უკრაინას დონბასში ბრძოლის ძალა შესწევს. მისივე თქმით, უკრაინამ ჯარში მილიონი ადამიანის მობილიზება მოახდინა და კიდევ ორი მილიონის მობილიზება შეუძლია, მაგრამ მათ შეიარაღება სჭირდებათ. "ჩვენ ხალხი მომზადებული გვყავს თავდასხმის, კონტრშეტევისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი," - განაცხადა არახამიამ.

დავით არახამიამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინიდან მოსკოვთან მოლაპარაკების ჯგუფის წევრები ყოველკვირეულად უკავშირდებიან რუსეთის წარმომადგენლებს, მაგრამ "ორივე მხარემ კარგად იცის, რომ ახლა მოლაპარაკებების დროს არ არის".

არახამიამ ასევე დასძინა, რომ უკრაინას მოლაპარაკებისთვის "საკმაოდ სუსტი პოზიცია აქვს" და ამიტომ, „ვიდრე პოზიცია არ შეიცვლება“, არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. არახამიას სიტყვები გამოცემა Axios-ს მოჰყავს.

გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 10 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

უფლებადამცველ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასაწყისში დღეში საშუალოდ 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება. რუსეთის არმიის დანაკარგი დღეში საშუალოდ 1000 ჯარისკაცს შეადგენს. ახლა, არესტოვიჩის გათვლებით, რუსეთის არმია ყოველდღე 200-300 ჯარისკაცს კარგავს.

ამ მონაცემების საბრძოლო პირობებში გადამოწმება შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG