Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვამ შეწყვიტა კალინინგრადისკენ რუსული სანქცირებული ტვირთების გატარება


ლიეტუვის რკინიგზამ წუხელ ღამით შეწყვიტა კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამის შესახებ მან შეატყობინა რეგიონის ხელმძღვანელობას, იუწყება კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი ანტონ ალიხანოვი.

ევროკავშირის აკრძალვა ვრცელდება რუსეთის რეგიონებიდან კალინინგრადში მიმავალი ტვირთების თითქმის 50%-ზე. ალიხანოვის თქმით, ახლა დამატებითი ხომალდები იქნება საჭირო კალინინგრადში ტვირთების ბორნებით ჩასატანად. რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, ლიეტუვამ უხეშად დაარღვია ევროკავშირში შესვლის პირობები.

კალინინგრადის ოლქი რუსეთის ანკლავია, რომელიც ლიეტუვასა და პოლონეთს ესაზღვრება. მასთან სამგზავრო მატარებლებით კავშირი ძველებურად გრძელდება ლიეტუვის გავლით, თვითმფრინავები კი ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავენ, ვინაიდან ევროკავშირმა თავისი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთს.

ივნისის დამდეგს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მიიღო სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელშიც, სხვათა შორის, გააფართოვა პირებისა და ორგანიზაციების რიცხვი, რომლებზეც ვრცელდება საექსპორტო შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გაფართოვდა იმ საქონლისა და ტექნოლოგიების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის დახვეწისთვის. მასში შევიდა 80 ქიმიკატი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქიმიური იარაღის შესაქმნელად.

24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. სამხედრო ოპერაციის მიზნებად მან დაასახელა უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“, მაგრამ არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რას გულისხმობდა. ომის გამო აშშ-მა და დასავლეთის ქვევნებმა მოსკოვს დაუწესეს მკაცრი სანქციები, რომლებიც შეეხო არა მხოლოდ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც. ასობით კორპორაციამ და ბრენდმა გამოაცხადა რუსეთში ბიზნესის შეწყვეტის შესახებ.

XS
SM
MD
LG