Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია საგანგებო ზომებს შემოიღებს გაზის მოხმარების შესამცირებლად


უკანასკნელ ხანებში რუსეთიდან გაზის იმპორტის საგრძნობი შემცირების ფონზე გერმანიას გადაწყვეტილი აქვს, შემოიღოს ახალი საგანგებო ზომები გაზის მოხმარების შესაზღუდად და ენერგიის სხვა წყაროებზე გადასასვლელად. DPA-ს ცნობით, ამის შესახებ განაცხადა გფრ-ს ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

კერძოდ, უნდა შემცირდეს გაზის გამოყენება მრეწველობაში და ელექტროენერგიის საწარმოებლად. პრიორიტეტი უნდა იყოს გაზის საცავების შევსება, რათა ქვეყანა გაზით უზრუნველყოფილი იყოს ზამთარში. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საცავების შესავსებად 15 მილიარდ ევრომდე კრედიტი გამოყოს რუსეთის ფარგლებს გარეთ გაზის შესასყიდად. გარდა ამისა, როგორც Deutsche Welle იტყობინება, სამრეწველო საწარმოები, რომლებიც გაზის მოხმარების შემცირებას შეძლებენ, კომპენსაციას მიიღებენ.

ვარაუდობენ, რომ ელექტროდენის საწარმოებლად უფრო მეტი ქვანახშირის ელექტროსადგური ამოქმედდება.

ჰაბეკი გამოდის წინადადებით, გატარდეს ზომები საყოფაცხოვრებო მიზნებით გაზის მოხმარების შესამცირებლად, მაგრამ ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კანცლერი ოლაფ შოლცი ეწინააღმდეგება მოქალაქეთათვის შეზღუდვების დაწესებას, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ მზად იქნება მკაფიო გეგმა რუსეთიდან იმპორტის შემდგომი შემცირების შემთხვევისთვის.

„გაზპრომმა“ უკანასკნელ დღეებში საგრძნობლად შეამცირა გერმანისთვის გაზის მიწოდება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“. მან ეს ახსნა კომპანია Siemens-ის წარმოების გაზის ტურბინების რემონტით, რაც ამჟამად შეუძლებელია სანქციების გამო. როგორც იტყობინებიან, ერთ-ერთი ტურბინა, რომელიც კანადაში გაგზავნეს სარემონტოდ, რუსეთს ვერ უბრუნდება მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. ამჟამად „ჩრდილოეთის ნაკადით“ დღეში იტუმბება არაუმეტეს 67 მილიონი კუბური მეტრი გაზისა, რაც ორზე უფრო მეტჯერ ნაკლებია მის გამტარუნარიანობაზე. გაზის ტრანზიტი გრძელდება უკრაინის გავლითაც, მაგრამ ასევე უფრო ნაკლები მოცულობით, ვიდრე ადრე.

ხანგრძლივი პერსპექტივით ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას რუსეთიდან გაზის იმპორტზე, ვინაიდან ის რუსეთს არასანდოობაში სდებს ბრალს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო. მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ეწინააღმდეგება რუსეთიდან გაზის იმპორტზე ემბარგოს შემოღებას უახლოეს მომავალში. ისინი აცხადებენ, რომ ამ გაზის გარეშე მათ გაუჭირდებათ უზრუნველყონ მრეწველობის მუშაობა, ასევე შესაძლოა გათბობაც.

XS
SM
MD
LG