Accessibility links

site logo site logo

დეოლიგარქიზაცია - საშვი ევროკავშირში? რა ხდება უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში


იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, სხვა პირობების შესრულებასთან ერთად, საქართველოს დეოლიგარქიზაციაც მოეთხოვება. ოლიგარქიასთან ბრძოლა უნდა გააგრძელონ უკრაინამ და მოლდოვამ, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. 

ასეთია ევროკომისიის მოსაზრება, რომელიც 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს და შესაბამისი რეკომენდაციები გადაწყვეტილებაში ასახოს.

ოლიგარქიასთან ბრძოლაში დაწინაურებულია უკრაინა - ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოლიგარქების წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა; თუმცა ომმა ეს პროცესი გარკვეულწილად შეაჩერა.

ევროკომისიის შეფასებებში კონკრეტულად არავინ დასახელებულა, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძლიერ, არაფორმალურ ზეგავლენებზე საუბრისას, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, პოლიტიკიდან დეკლარირებულად წასული ბიძინა ივანიშვილის გვარი.

ევროკავშირი ქვეყნის განვითარების აუცილებელ პირობად მიიჩნევს - ოლიგარქების დამაზიანებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ზეგავლენების შეზღუდვას.

  • რას გულისხმობს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ტრიოს ქვეყნებისთვის?
  • რა ხდება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში?

უკრაინა

17 ივნისს, როდესაც ბრიუსელში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების შესახებ გადაწყვეტილებები გამოცხადდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მიერ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად დეოლიგაქიზაციის კანონის მიღება დაასახელა.

ეს აქცენტი დასმულია უკრაინის შესახებ გამოქვეყნებული შეფასებების ძირითად ტექსტში, სადაც ვკითხულობთ:

„2021 წლის ნოემბერში ხელი მიეწერა ე.წ. „ანტიოლიგარქიულ კანონს“, სტრატეგიული მიზნით, რომ შეიზღუდოს ოლიგარქების გადაჭარბებული ზეგავლენა უკრაინის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე“.

დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის რადის მიერ დამტკიცებულ კანონს პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2021 წლის ნოემბერში, ომამდე 3 თვით ადრე, მოაწერა ხელი. ასამოქმედებლად განისაზღვრა 180 დღე და ახალი კანონი 2022 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში.

უკრაინის მედიის ცნობით, პროცესი შეფერხდა და ოლიგარქების რეესტრი, ომის გამო, ჯერ არ არის შედგენილი. ევროკომისია რეკომენდაციების ჩამონათვალში აღნიშნავს, რომ წინსვლისთვის მეტის გაკეთებაა საჭირო:

„დაინერგოს ანტიოლიგარქიული კანონი, რათა შეიზღუდოს ოლიგარქების გადაჭარბებული ზეგავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს უნდა გაკეთდეს იურიდიულად დასაბუთებული გზით, შესაბამის კანონმდებლობაზე ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით“.

უკრაინაში მიღებული კანონის სრული სახელწოდებაა - კანონი „ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების აღმოფხვრის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ ზეგავლენასთან“.
კანონის თანახმად, ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარება ევალება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკისა თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის წარდგინებით.
კანონის თანახმად, იმისათვის, რომ ესა თუ ის პირი ოლიგარქად იქნეს აღიარებული, ის უნდა აკმაყოფილებდეს ოთხიდან სამ კრიტერიუმს: 1. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 2. მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; 3. არის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი ბიზნესსუბიექტისა, რომელსაც კანონის ამოქმედების დროისთვის არის ბაზრის მონოპოლისტი ანდა უჭირავს მონოპოლიური მდგომარეობა დ ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ მდგომარეობას; 4. ამ პირის (და მისი ბიზნესსუბიექტების აქტივების) დადასტურებული ღირებულება აღემატება 1 მილიონ საარსებო მინიმუმს, რომელიც დადგენილია შრომისუნარიანი ადამიანებისთვის შესაბამისი წლის 1 იანვრისთვის (უკრაინაში 2021 წელს ეს მაჩვენებელი - 2.27 მილიარდ გრივნას შეადგენდა)
იმის გამო, რომ კანონის მოქმედების არეალი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლოს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასცა დავალება შემუშავდეს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმი.

უკრაინელი ექსპერტები, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ხშირად მსჯელობენ დეოლიგარქიზაციის აუცილებლობაზე და ხაზს უსვამენ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს ის ზიანი, რომელიც ოლიგარქიას მოაქვს..

„ოლიგარქებმა გათელეს სახელმწიფო და ეკონომიკა, თავიანთთვის სასათბურე პირობების მოწყობით და კონკურენციის ჩახშობით. რეფორმების გატარების ნებისმიერი მცდელობა ეჯახება სასტიკ წინააღმდეგობას მათ [ოლიგარქების მიერ] ჩინოვნიკების, დეპუტატების, გამყიდველი ძალოვნებისა და პროპაგანდის სისტემების მხრიდან, მრავალფეროვანი მედიასაშუალებებისა და მიკერძოებული ექსპერტების მხრიდან ... ეს არის უკრაინის სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა“, - აღნიშნავს ინოვაციების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ანტონ პეტრენკო, კორუფციის თემებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ბლოგში.

პეტრენკო ამბობს, რომ „ოლიგარქიას არასდროს უთამაშია დადებითი როლი მსოფლიო ისტორიაში“, ის მხოლოდ „ადგილობრივი ელიტების“ გამდიდრებაზეა ორიენტირებული და ქვეყანას უამრავ პრობლემას უჩენს:

  • რესურსების გამოცლა და ეკონომიკის დეგრადაცია;
  • სახელმწიფოს ფუნქციონირების შეწყვეტა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩათვლით;
  • განათლებისა და ჯანდაცვის დონის ამაღლების პრობლემა.

დეოლიგარქიზაციის საკითხს ევროკომისიის ანგარიშში ძირითადად „პოლიტიკური კრიტერიუმების“ თავში ვხვდებით, „კანონის უზენაესობისა“ და „კორუფციასთან ბრძოლის“ კონტექსტში.

უკრაინელი ოლიგარქებიდან ამ ეტაპზე დაკავებულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი.
კიდევ ერთ მილიარდერს, ოლიგარქად მოხსენიებულ იჰორ კოლომოისკის „კორუფციული ქმედებებისთვის“ აშშ-მა შარშან სანქციები დაუწესა.
„ეს ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და მართლმსაჯულების რეფორმების მიმართ, რაც არსებითია უკრაინის ევროატლანტიკური გზისთვის... [აშშ-ის სახელმწიფო - რთ] დეპარტამენტი გააგრძელებს მსგავსი უფლებამოსილების გამოყენებას კორუმპირებული სუბიექტებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ამ რეგიონში და მთელ მსოფლიოში“, - წერია 2021 წლის 5 მარტით დათარიღებულ განცხადებაში.
ექსპერტებისა და მედიის მიერ ოლიგარქებს შორის მოიხსენიება ასევე ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომლის წინააღმდეგაც უკრაინაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მოლდოვა

უკრაინის მსგავსად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ევროკომისიამ მოლდოვის შემთხვევაშიც გასცა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე თქვა, რომ „ბოლო პერიოდში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა რეფორმებისკენ, მოქალაქეების მტკიცე მანდატით“ და რომ ქვეყანა შეუდგა „ანტიკორუფციულ და ევროპულ გზას“.

მაგრამ გასაკეთებელი ისევ ბევრია და რეკომენდაციების ჩამონათვალში ვხვდებით დეოლიგარქიზაციის საკითხსაც.

„შესრულდეს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება, კერძო ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - ვკითხულობთ ევროკომისიის მიერ მოლდოვის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებებში.

კორუფციასთან პრინციპულ ბრძოლას ასახელებს კიშინიოვი ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის დაკავების ძირითად საფუძვლად; თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის ასევე ეჭვმიტანილია დანაშაულებრივი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღებასა და ქონების უკანონო დაგროვებაში.
ძირითადი ბრალდების თანახმად, იგორ დოდონმა ქრთამი არაპირდაპირი გზით აიღო მოლდოველი ოლიგარქის, ხელისუფლებიდან 2019 წლის ზაფხულში წასული დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერისა და მოლდოვის „რუხ კარდინალად“ წოდებული ვლადიმირ პლაჰოტნიუკისგან.
პლაჰოტნიუკს და მისი ოჯახის წევრებს, აშშ-მა, 2020 წელს, სანქციები დაუწესა.

როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკი პოპესკუმ მაისში უთხრა რადიო თავისუფლებას, ამჟამად მოლდოვა ესწრაფვის რამდენიმე ოლიგარქის ექსტრადიციას, რომლებმაც ბევრი ფული მოჰპარეს მოლდოველებს და ახლა სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ.

როგორც ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, რუმინელმა ევროპარლამენტარმა, ევროკავშირ-მოლდოვის დელეგაციის თავმჯდომარემ - ზიგფრიდ მურეშანმა უთხრა რადიო თავისუფლებას:

„მოლდოვაში პროევროპულმა მთავრობამ 6 თვეში მოახერხა ის, რასაც პრორუსი მთავრობა 6 წელი ამუხრუჭებდა - რეფორმები და საჭირო ინიციატივები. ევროპული გზისადმი ერთგულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც საუბარია ევროკავშირთან დაახლოების სისწრაფეზე. ამ ხალხებს სურთ, ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ, და უნდათ, ეს მალე მოხდეს“.

საქართველო

უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკომისიამ უსაფუძვლოდ ჩათვალა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ბრიუსელში 17 ივნისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ევროპული პერსპექტივის გახსნას გულისხმობს.

საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ეფექტიანი ანტიკორუფციული პროცესების გასაძლიერებლად. კერძოდ, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და მათ შორის - ოლიგარქების კერძო ინტერესების აღმოფხვრა მოითხოვს შემდგომ გადამჭრელ ქმედებებს“, - ვკითხულობთ ევროკომისიის შეფასებით დოკუმენტში.

12 რეკომენდაციას შორისაა დეოლიგარქიზაცია:

„შესრულდეს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება, კერძო ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა, დიპლომატმა გიგი გიგიაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სიტყვა დეოლიგარქიზაცია საქართველოსთან მიმართებით პირველად არის ნახსენები „ისტორიის განმავლობაში“ და მართლმსაჯულებისა თუ მედიის თავისუფლებას პრობლემებს - „ყველა იმ საკითხს, რომელიც აქამდეც ვიცოდით, ახლა დაემატა დეოლიგარქიზაცია“.

ვინ არის ოლიგარქი საქართველოში?

ხელისუფლების ოპონენტებს, პირველ რიგში, ახსენდებათ ყველაზე მდიდარი ადამიანი - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი; ხოლო თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არ მიაჩნიათ.

"ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი... დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა…
კეზერაშვილი არის მეორე ოლიგარქი, მასზეც არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია ეს საქმე მიყვანილი იყოს ბოლომდე", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 17 ივნისს, ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს.

„ქართული ოცნება“ ივანიშვილს მადლობებს უხდის და აცხადებს, რომ რაც კი საქართველოს აქამდე გაუკეთებია ევროკავშირისკენ სვლის მიმართულებით, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

პარალელურად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ადვოკატზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი საერთაშორისო სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს“.

ოპონენტები კი, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო ტალღის ფონზე, ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული მომავლის დამუხრუჭებაში ადანაშაულებენ და თვლიან, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის წინსვლას ვერც ევროკომისიის შემდგომ შეფასებამდე, წლის ბოლომდე უზრუნველყოფს.

"ძვირფასებო, ჩვენ გველოდება ძალიან რთული ექვსი თვე. ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც ან ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე, ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში. ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც ჩვენ უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა და მივუბრუნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო არის ღირსი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი", - განაცხადა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.
ევროპარლამენტი "გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში", წერია სტრასბურგში 9 ივნისს დამტკიცებულ რეზოლუციაში - „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დაცულობის ხელყოფის შესახებ“.
ტექსტში 308 ხმით შეტანილი დამატების თანახმად, ევროპარლამენტარები მოითხოვენ პერსონალური სანქციების დაწესების განხილვას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელსაც, როგორც რეზოლუციაში ჩაიწერა, კავშირები აქვს კრემლთან.

„პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში, ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თავის აპრილის კვლევაში - „ბიძინა ივანიშვილი და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი“.

ივანიშვილი მოხსენიებულია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშშიც. ტექსტში აღნიშნულია, რომ „ოლიგარქიულ გავლენას განიცდის ქვეყნის პოლიტიკური საქმიანობა, პოლიტიკის გადაწყვეტილებები და მედია გარემო, ხოლო პოლიტიზაცია ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG