Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი იმეორებს, რომ NATO-ში გასაწევრიანებლად ერთ-ერთი ბარიერი ტერიტორიების ოკუპაციაა


22 ივნისი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ტრიბუნაზე
22 ივნისი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ტრიბუნაზე

პარლამენტის წინაშე მთავრობის საქმიანობის ანგარიშით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ფრაქცია „რეფორმების“ ჯგუფის წევრის, თეონა აქუბარდიას შეკითხვას, რომელიც ეხებოდა NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას.

დეპუტატმა პრემიერს ჰკითხა: „აბსოლუტურად რუსული დეზინფორმაციის სტილში გქონდათ თქვენ გუშინ კატარში გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ არ ვართ მიამიტები, თურმე, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები და ჯერ ეს საკითხები უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრები. აპელირებთ, რომ ეს არის „ნატოელების“ პოზიცია. მე გეკითხებით, როდესაც კონსტიტუციაში ჩაწერა თქვენმა გუნდმა, რომ NATO და ევროკავშირი არის ქვეყნის არჩევანი და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ გახდნენ NATO-ს და ევროკავშირის წვერები, არის თუ არა თქვენი განცხადება იმ კურსის მაჩვენებელი, რაც NATO-ზე უარს ნიშნავს?”

NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბევრი რამ საჯაროდ არ ითქმის, თუმცა გაიმეორა კატარში გაკეთებული განცხადება. პრემიერი აღნიშნავს, რომ არაერთი ლიდერისგან აქვს მოსმენილი, რომ ტერიტორიების ოკუპაცია NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით ერთ-ერთ ბარიერს წარმოადგენს.

„რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს, აქაც მინდა, რომ ძალიან მკაფიო ვიყო. კარგად მოგეხსენებათ, რომ NATO-ს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე. ეს არის დამოკიდებული NATO-ს ყველა წევრზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპაციაა“, - თქვა ღარიბაშვილმა

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას. „თქვენ თუ გინდათ, ილუზიაში იცხოვროთ და ხალხი მოატყუოთ, ვერ მოატყუებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში“, - მიმართა მან „ნაციონალურ მოძრაობას“. ღარიბაშვილმა დაამატა: „MAP-ის მოცემა რომ აზეიმეთ წინასწარ და მერე ვიხილეთ სასტიკი იმედგაცრუება. დაიწყო ომი შემდეგ...“

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ასპირანტი ქვეყანაა.

„NATO-სთან მიმართებით მინდა განვაცხადო შემდეგი: ჩვენ, ჩვენი ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ჯარი იყოს უკეთ მომზადებული, რომ NATO-სთან თავსებადობა გაიზარდოს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები, განვახორციელოთ ის სტრუქტურული რეფორმები, რომელიც გასატარებელი იყო, განვახორციელეთ და ა.შ. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა, - თქვა პრემიერმა და მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, - ჩვენი დიდი ოცნება არის, რომ, რა თქმა უნდა, ერთიანი, ძლიერი საქართველო გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. რა ვერ გაიგეთ ჩვენს ნათქვამში? ბარიერი ნამდვილად არის, ეს თავად ევროპელ და „ნატოელ“ კოლეგებს უთქვამთ პირადად, რომ [საქართველო] ვერ გახდება NATO-ს წევრი. გასაგებია გერმანიის მაგალითი, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა. პირდაპირ უთქვამთ, რომ სანამ გაქვთ კონფლიქტი, მიმდინარე ოკუპაცია და ეს კონფლიქტი რუსეთთან, ეს არის ერთ-ერთი ბარიერი. ეს ბარიერი და მემკვიდრეობა დაგვახვედრეთ თქვენ, ძვირფასებო“.

21 ივნისს კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებამდე ტერიტორიული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი.

XS
SM
MD
LG