Accessibility links

site logo site logo

უსუფაშვილი: ვხედავთ არა ევროპისკენ მიმავალ მთავრობას, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას


პარლამენტის წევრი „ლელოდან" დავით უსუფაშვილი.

პარტია „ლელოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი დავით უსუფაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენ აქ ვხედავთ არა ევროპისკენ მიმავალ მთავრობას, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას", - თქვა უსუფაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი და მთავრობამ ეს შანსი გონივრულად უნდა გამოიყენოს.

„თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯეროს იმ ხალხს ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა. დაუჯეროს თქვენი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც ევროპა უნდა. დაუჯეროს მათ და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ჩემს ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ და „ნაციონალების" ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ. საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი წესდების გამო გააკეთეთ. ეს ზღაპრები, რომ საქართველო გეოგრაფიის გამო დაისაჯა, არის ტყუილი. ეს ჩვეულებრივი ტყუილი არ არის, ეს არის სტრატეგიული ტყუილი. გეოპოლიტიკა თქვა ერთხელ მაკრონმა (და არა გეოგრაფია) და აქ ეს ათასჯერ გაიმეორეთ. შეთანხმების შესრულებაზე ვილაპარაკოთ. ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოში 23-24 ივნისს ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG