Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში გაზის კრიზისი გამოაცხადა


გაზგამანაწილებელი სადგური გერმანიის ქალაქ მალნოვში
გაზგამანაწილებელი სადგური გერმანიის ქალაქ მალნოვში

გერმანიის მთავრობამ გააქტიურა ე.წ. განგაშის რეჟიმი - გაზით მომარაგების სფეროში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ავარიული გეგმის მეორე საფეხური. ამის შესახებ, როგორც DW იუწყება, დღეს ბერლინში განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა. მან გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირება და მაღალი ფასი, რომელიც სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რუსეთმა 60%-ით შეამცირა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდებული გაზის მოცულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანია ზამთრისთვის რეზერვუარებს ვერ შეავსებს 90%-ით, როგორც ეს გათვალისწინებული იყო. როგორც ჰაბეკმა თქვა, ქვეყანა გაზის კრიზისის მდგომარეობაშია და ბუნებრივი გაზი დეფიციტური ხდება. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის თანახმად, ამ ეტაპზე მომხმარებელს არაფერი ემუქრება, თუმცა, უარესი სცენარისთვის უნდა მოემზადონ. ჰაბეკმა რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებას უწოდა გერმანიაზე ეკონომიკური შეტევა.

DW-ს ინფორმაციით, ავარიული გეგმის პირველი, ანუ გამაფრთხილებელი საფეხური უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, მარტიდან ამოქმედდა. მეორე საფეხურზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ გაზით მომარაგებაში შეფერხებები, ან განსაკუთრებულად გაზრდილი მოთხოვნაა, თუმცა, ადგილობრივი ბაზარი პრობლემას ჯერ კიდევ საკუთარი ძალებით უმკლავდება. მესამე საფეხურის ამოქმედების შემთხვევაში, სიტუაციის მოგვარება შეუძლებელი იქნება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე და აუცილებელი გახდება გაზის მიწოდებაზე კვოტების დაწესება.

უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, მოსკოვმა მოითხოვა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც რუსულ გაზს იღებენ, საფასური რუბლით გადაიხადონ. ქვეყნებს, რომლებმაც ამაზე უარი თქვეს კომპანია „გაზპრომმა“ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

გარდა ამისა, რუსეთმა შეამცირა ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა. კონსალტინგური კომპანიის ICIS-ის მონაცემებით, თუ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი უზრუველყოფდა ევროკავშირის საჭიროების 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი 20%-ია. ევროპის სახელმწიფოები მარაგების შევსებას სხვა წყაროებით ცდილობენ. ვარაუდობენ, რომ ზამთრისთვის რუსეთი ევროკავშირის სახელმწიფოებს გაზის მიწოდებას მთლიანად შეუწყვეტს.

XS
SM
MD
LG