Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: როდესაც საქართველო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება


ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში
ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ, სადაც ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ, ჟურნალისტებთან საუბარში უპასუხა შეკითხვას, რა არის ახლა ქართველი ხალხისადმი მისი გზავნილი.

ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ამას უარყოფითად არ უნდა შეხედონ, მათ [ქართველებს] ახლა აქვთ მკაფიო გზა, აქვთ შესასრულებელი საქმეები, განრიგი. ანუ ეს მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ,“ - განაცხადა ჟოზებ ბორელმა.

კითხვაზე, როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიენიჭება თუ არა მას კანდიდატის სტატუსი, ბორელმა უპასუხა, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება.

ზუსტად. ზუსტად, როდესაც კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება“, – განაცხადა ჯოზეპ ბორელმა.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი გაიმართება, რომელზეც მათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

2021 წლის მაისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში მოაწერეს ხელი მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ძალისხმევის გაერთიანებას. 2021 წლის ივლისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თანდასწრებით, საქართველოში, პეტრას ციხეზე მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას და დაადასტურეს, რომ სამ ქვეყანას აერთიანებს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.

17 ივნისს, საქართველო აღმოჩნდა „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.

"ქართული ოცნების" მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რადგან ვალდებულებები მათზე მეტად აქვს შესრულებული და ოპოზიციის ნაწილს, კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთა წინააღმდეგ მუშაობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება ომმა განაპირობა.

ოპოზიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბრალს სდებს ევროპული კურსიდან გადახვევასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში.

XS
SM
MD
LG