საქართველოს პროკურატურა სიცრუის ტირაჟირებას უწოდებს "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას გავრცელებულ ინფორმაციას პროკურორების შესახებ. პროკურატურა ამას მიიჩნევს, როგორც მათ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მცდელობას.
"პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას...
ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, პროკურატურის და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს", - წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე მას შემდეგ, რაც აღარ მუშაობს უწყებაში, აღარ არის ჩართული საქმიანობაში.
"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ იგი 2013 წლის შემდგომ არ მუშაობს უწყებაში და მას შემდგომ არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ქონდეს საქართველოს პროკურატურასთან. აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება არ არის ახალი და წლების განმავლობაში, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების არაერთი მაგალითი გვინახავს", - წერია განცხადებაში.
დღეს, 23 ივნისს "დროას" ლიდერმა მოსამართლეებისა და ბიზნესმენების შემდეგ დაასახელა პროკურორების ვინაობა, ვისი დასაქნცირებაც ითხოვა.
ხოშტარია ამბობს, რომ ეს ადამიანების ხელს უწყობენ საქართველოში არსებულ ოლიგარქიული სისტემის არსებობას.
"ამ სისტემის, მართლმსაჯულების და პროკურატურის სისტემის თავში დგას ოთარ ფარცხალაძე, რომელიც არის ჩართული მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში, დაახლოებულია ბიძინა ივანიშვილის კართან და მეორე მხრივ, მისი მთავარი დამსახურება ბიძინა ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი", - თქვა ხოშტარიამ.
"დროას" ლიდერმა მსგავსი ბრიფინგები გამართა 10 და 14 ივნისს. პირველ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენებზე ისაუბრა და მათი სანქცირება მოითხოვა.
14 ივნისს მან დაასახელა მოსამართლეების ვინაობა, რომელსაც ის ოლიგარქიული მმართველობის ხელშემწყობ პირებად მიიჩნევს და მათი სანქცირებაც ითხოვა.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქია არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, არამედ ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 21 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ ჩამონათვალს დაამატა "ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.