კრემლი ბელარუსის ქალაქ მოზირში საცხოვრებელი სახლების აფეთქებას გეგმავს, რათა ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაებას. ამის შესახებ 24 ივნისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განაცხადა.
"ამისათვის დივერსიული ჯგუფები ჩავიდნენ ქალაქ მოზირში, მშვიდობიანი მოსახლეობის საფარქვეშ. მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები და პრიგოჟინისა და შოიგუს მიერ კონტროლირებადი კერძო სამხედრო კომპანიების დაქირავებულები", - აღნიშნავს უკრაინის სამხედრო დაზვერვა ცნობაში.
დაზვერვის მონაცემებით, ზოგადად, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ტერაქტების მთელ სერიას გეგმავს, როგორც ეს ჩეჩნეთში ომის წაქეზების დროს მოხდა.
ჯერჯერობით შეუძლებელია უკრაინის დაზვერვის ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება. რუსულ მხარეს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.