Accessibility links

site logo site logo

„დიდ შვიდეულს“ სურს რუსეთის ოქროს იმპორტის აკრძალვა, რათა „გულში დარტყმა“ მიაყენოს პუტინის სამხედრო მანქანას


ელმაუს სასახლე კრიუნში, გერმანიაში, სადაც იმართება "დიდი შვიდეულის" სამიტი 2022 წლის 26 და 27 ივნისს

26 ივნისს გერმანიის ალპებში, კრიუნში, ელმაუს სასახლეში დაიწყო მუშაობა "დიდი შვიდეულის" სამიტმა, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამართეს ორმხრივი შეხვედრა. ბაიდენმა მადლობა უთხრა შოლცს უკრაინის კრიზისის პერიოდში წამყვანი როლისთვის.

ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების, „დიდი შვიდეულის,“ წევრი სახელმწიფოები ორდღიან სამიტზე გამოაცხადებენ რუსეთის ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ, რათა გააძლიერონ სანქციები, აღნიშნავენ ბრიტანელი და ამერიკელი პოლიტიკოსები.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მდიდარი რუსები ბოლო ხანებში ყიდულობენ ოქროს ზოდებს, რათა საერთაშორისო საფინანსო სანქციებით მიღებული დარტყმა შეამსუბუქონ.

რუსეთის მთავრობას, ეკონომიკას, ამ ქვეყნის მოხელეებს და მათ ახლობლებს დასავლეთმა მკაცრი სანქციები დაუწესა 24 თებერვლის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ეს ნაბიჯი „პირდაპირ დარტყმას მიაყენებს რუს ოლიგარქებს და პუტინის სამხედრო მანქანისთვის პირდაპირ გულში იქნება დარტყმა“. ლონდონის თანახმად, შარშან რუსეთის ოქროს ექსპორტმა 15 მილიარდ დოლარს მიაღწია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტვიტერით განაცხადა, რომ აშშ-მა „პუტინს გზა ჩაუკეტა უკრაინასთან ომის ხარჯების დაფარვის შემოსავლებისკენ“. ბაიდენის თქმით, „დიდი შვიდეული“ რუსეთის ოქროს იმპორტის აკრძალვას გამოაცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ ოქრო „მსხვილი ექსპორტია, რომელსაც რუსეთისთვის მილიარდობით დოლარი მოაქვს“.

„დოიჩე ველეს“ თანახმად, სამიტის დროს შეიძლება მოილაპარაკონ უკრაინისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავს დახმარებაზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიწვეულია სამიტზე, მაგრამ, ალბათ, ვიდეოკავშირის ფორმით ჩაერთვება მასში.

"დიდი შვიდეულის" წევრები არიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საფრანგეთი და კანადა. შეხვედრის მონაწილეთა უმეტესობა მოგვიანებით გადაინაცვლებს მადრიდში, სადაც ნატოს სამიტი გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG