უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის მოქალაქეებს მიმართა, რომ ომში მათ ჩათრევას ცდილობენ კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე ეს ხდებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან პირველ თვეებში. ბელარუსის სამოქალაქო და სამხედრო პირებისადმი ზელენსკის რუსულენოვანი მიმართვა 26 ივნისს, ღამით გამოქვეყნდა.
უკრაინის პრეზიდენტი ბელარუსის მოქალაქეებს მიმართავს, რომ მათ ნაცვლად კრემლში უკვე ყველაფერი გადაწყვიტეს და რუსეთისთვის მათი სიცოცხლე არაფრად ღირს, მაგრამ ისინი არ არიან მონები და საზარბაზნე ხორცი და აქვთ ძალა, რომ არავის მისცენ მათ გარეშე საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლება. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბელარუსის ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და არა ომს და სწორედ ამიტომ, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ომში მათ ჩათრევას და სიძულვილის დათესვას.
„ვიცი, რომ შეგიძლიათ მონაწილეობა არ მიიღოთ ამ ომში, თქვენი სიცოცხლე მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და არა ვიღაცას კრემლში“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
25 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელეს სარაკეტო და საავიაციო შეტევა უკრაინის კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებზე. 26 ივნისს, უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, ერთობლივი სასწავლო პატრულირების საბაბით, ოპერატიულ-ტაქტიკურ ავიაციას აძლიერებს ბელარუსის გომელის ოლქში.
24 ივნისს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერაქტებით და პროვოკაციებით აპირებს უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში ბელარუსის ჩათრევას. კერძოდ, რუსეთი ბელარუსის ქალაქ მოზირში გეგმავს აფეთქებებს საცხოვრებელ სახლებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სკოლებში და ამ მიზნით, მოზირში იმყოფებიან სამოქალაქო პირებად შენიღბული დივერსანტები. გარდა ამისა, უკრაინული დაზვერვა ირწმუნება, რომ რუსეთი აპირებს საარტილერიო და სარაკეტო დარტყმა მიაყენოს მოზირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ეს უკრაინის იერიშად შენიღბოს.