Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ ოჩაკოვის დაბომბვის ერთ-ერთი მსხვერპლი ბავშვია


ლისიჩანსკი
ლისიჩანსკი

უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წუხელ ღამით რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

ნიკოლაევის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის თქმით, რუსეთის ჭურვები მოხვდა კულტურის სასახლესა და ორ საცხოვრებელ სახლს. ექვსი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის არის ოთხი ბავშვი. ქალაქის ამ ნაწილში ახლა არ არის წყალმომარაგება და ელექტროენერგია.

შავი ზღვის პირას მდებარე ოჩაკოვში განლაგებულია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა. რუსეთის ჯარებმა ახლახან დაიკავეს კინბურის ზოლი, რომელიც ქალაქიდან დაშორებულია სრუტით, რაც არტილერიით ქალაქის დაბომბვის საშუალებას იძლევა. დარტყმები განახორციელეს ოლქის დედაქალაქ ნიკოლაევზეც.

ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში, ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, წუხელ მინიმუმ 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა. როგორც აცხადებენ, სისტემა „ურაგანის“ ჭურვი მოხვდა ხალხის ჯგუფს, რომელიც წყლის ასაღებად იყო შეგროვილი. ქალაქის გარეუბნებში ბრძოლები მიმდინარეობს. ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქის უკანასკნელი ქალაქია, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. რუსეთის ჯარები ცდილობენ, გადაკეტონ დონეცკის ოლქთან ლისიჩანსკის დამაკავშირებელი გზები და სრულ ალყაში მოაქციონ ქალაქი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოჩაკოვთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ლისიჩანსკზე აცხადებენ, რომ ის სამხრეთიდან არის ბლოკირებული.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის უკანასკნელი ცნობებით, უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედებები მისი რესურსების ამოწურვაზე მეტყველებს. კერძოდ, უკანასკნელ დღეებში რუსეთმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ესროლა უკრაინის ტერიტორიას. ეს იარაღი შეიქმნა სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეების გასანადგურებლად, მაგრამ რუსეთი მათ ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს. გუშინ, როგორც ჩანს, ასეთი სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა სამოქალაქო ობიექტი - ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი, რასაც მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG