Accessibility links

site logo site logo

ნატო რუსეთსა და ჩინეთს საფრთხის მთავარ წყაროდ მიიჩნევს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მადრიდი, 2022 წლის 29 ივნისი

2010 წლის შემდეგ პირველად, ალიანსის განახლებული სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცება - ნატოს მადრიდის სამიტის ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება იყო.

ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგზე თავდაცვის გაძლიერებისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების გაზრდის გარდა, ახალ კონცეფციაში ყურადღებას იქცევს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ალიანსის მთავარ საფრთხედ მოხსენიება.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ორმხრივად მზარდი მცდელობა, შეარყიონ ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებსა და ფასეულობებს“, - ნათქვამია ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში.

ამ საფრთხის გათვალისწინებით, მოკავშირეები პირობას დებენ, რომ პასუხისმგებლობით იმუშავებენ მოკავშირეთა უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის, მაგრამ შეინარჩუნებენ კომუნიკაციის არხებს როგორც რუსეთთან, ისე ჩინეთთან, თუ მოსკოვი და პეკინი შეწყვეტენ კონფრონტაციას და სრულად დაიცავენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ნატო რუსეთს „ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში“ გაძლიერებით უპასუხებს

ნატო ბოლო წლებში ყოველთვის მზარდ საფრთხედ მიიჩნევდა რუსეთის აგრესიულ, ანტიდასავლურ საერთაშორისო პოლიტიკას, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკვე მეხუთე თვეა განაგრძობს ფართომასშტაბიან, დამანგრეველ ომს ალიანსის დაწინაურებული პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, მადრიდში შეკრებილ ნატოელ მოკავშირეებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ იმისათვის, რომ რუსეთისათვის „პირდაპირი საფრთხე“ ეწოდებინათ.

„მკაფიოდ ვიტყვით, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას“, - რამდენჯერმე გაიმეორა მადრიდის სამიტის მსვლელობის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც ყოველთვის მოკავშირეთა საერთო აზრს ახმოვანებს.

ახალი სტრატეგიული კონცეფციის თანახმად, ნატო აღარ განიხილავს „პარტნიორად“ რუსეთს, რომელიც წარმოადგენს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს მოკავშირეთა უსაფრთხოების, ასევე ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის.

„იგი იძულებით, ძირგამომთხრელი საქმიანობით, აგრესიითა და ანექსიით ესწრაფვის გავლენის სფეროების შექმნასა და პირდაპირი კონტროლის დამყარებას. რუსეთი იყენებს კონვენციურ, კიბერნეტიკულ და ჰიბრიდულ საშუალებებს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. მისი ძალადობრივი სამხედრო პოზიცია, რიტორიკა და დადასტურებული მზადყოფნა, ძალის გამოყენებით მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს, ძირს უთხრის ნორმებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს“, - ნათქვამია ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში.

საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის სერიოზული გამოწვევა გახდა რუსეთის მიერ 2019 წელს საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გასვლა. ამას წინ უძღოდა მოსკოვის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, რომ არ განათავსებდა ევროპის საზღვრებთან 500-დან 5 500 კილომეტრამდე მოქმედების ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს.

ამას გარდა, რუსეთის ფედერაცია ახდენს თავისი ბირთვული ძალების მოდერნიზებას, აფართოებს მის ხელთ არსებულ ორმაგი დანიშნულების უახლეს დამანგრეველ გადატანის სისტემებს.

„მისი ძალისხმევა მიმართულია ჩვენგან აღმოსავლეთითა და სამხრეთით მდებარე ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ. ჩრდილოატლანტიკური გაერთიანებისთვის სტრატეგიულ გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის შესაძლებლობა, შეაფერხოს მოკავშირეთა ძალების ზრდა უკიდურეს ჩრდილოეთში და თავისუფალი ნაოსნობა ჩრდილოეთ ატლანტიკის გავლით“, - ნათქვამია ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბელარუსთან სამხედრო ინტეგრაციასთან ერთად, ალიანსის უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის სერიოზული გამოწვევაა „მოსკოვის სამხედრო ძალის ზრდა, მათ შორის, ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში“.

ნატო თავის მხრივ კვლავ იმეორებს, რონ არ ესწრაფვის კონფრონტაციას და არ უქმნის საფრთხეს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ „ერთიანად და პასუხისმგებლობით მოეკიდება“ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და მტრულ ქმედებებს.

ნატოს მადრიდის სამიტის მსვლელობის დროს არაერთხელ ითქვა, რომ ალიანსი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ყველა მოკავშირის შეკავებისა და თავდაცვის უნარებს, აამაღლებს მათ მდგრადობას რუსეთის ძალმომრეობის წინააღმდეგ და მხარს დაუჭერს პარტნიორ ქვეყნებს, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის წინასწარგამიზნულ ჩარევასა და აგრესიას.

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, ნატოს სამიტის მსვლელობის დროს, ვრცლად ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ალიანსი „გაძლიერდება ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში - ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში“.

ბაიდენმა, რომელიც ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა, თქვა, რომ ვაშინგტონი ოთხიდან ექვსამდე აძლიერებს აშშ-ის საზღვაო გამანადგურებლების ფლოტს როტაში, ესპანეთში. ასევე, პოლონეთში შექმნის ამერიკის არმიის მე-5 კორპუსის მუდმივ შტაბბინას. ბაიდენის თქმით, ის რუმინეთში გაგზავნის „დამატებით საროტაციო ბრიგადას“, რომელშიც „3000 მეომარია და კიდევ 2000 ჯარისკაცი საბრძოლო ჯგუფიდან“, და გააუმჯობესებს როტაციას ბალტიის ქვეყნებში. უხილავი თვითმფრინავების, F-35-ების ორი დამატებითი ესკადრილია გაიგზავნება დიდ ბრიტანეთში, დამატებით საჰაერო თავდაცვისა და სხვა საშუალებები განთავსდება გერმანიასა და იტალიაში.

ამასთან, ნატოს წევრები გამოთქვამენ მზადყოფნას, შეცვალონ ასეთი ურთიერთობა რუსეთთან, თუ მოსკოვი უარს იტყვის აგრესიულ ქმედებაზე და სრულად დაიცავს საერთაშორისო კანონმდებლობას.

„მისი მტრული პოლიტიკისა და მოქმედების გამო ჩვენ ვერ ჩავთვლით პარტნიორად რუსეთის ფედერაციას. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავინდებურად მზად ვართ, შევინარჩუნოთ ღია კავშირის არხები მოსკოვთან რისკების მართვისა და შემცირების, ესკალაციის თავიდან აცილებისა და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით“, - ვკითხულობთ ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში.

ჩინეთის განცხადებული ამბიციები და ნატო

ნატოს ინტერესების, უსაფრთხოებისა და ფასეულობების გამოწვევას წარმოადგენს ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და ძალდატანების პოლიტიკა, - ნათქვამია ნატოს მადრიდის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში.

პეკინი, რომელიც არაგამჭვირვალე რჩება თავისი სტრატეგიის, განზრახვისა და სამხედრო ძალის გაზრდის მხრივ, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს იყენებს იმისათვის, რათა უფრო დიდი კვალი დატოვოს გლობალურ პროცესებზე და გაზარდოს ძალის დემონსტრირება.

რუსეთის მსგავსად, „ჩინეთის მავნებლური ჰიბრიდული და კიბეროპერაციები, ასევე მისი კონფრონტაციული რიტორიკა და დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეს ნატოს მოკავშირეები წარმოადგენენ, ზიანს აყენებს ალიანსის უსაფრთხოებას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ესწრაფვის კონტროლის დამყარებას მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ სექტორებზე, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, ასევე სტრატეგიულ მასალებსა და მიწოდების ჯაჭვზე. ის ასევე ესწრაფვის შეარყიოს ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, მათ შორის, კოსმოსურ, კიბერნეტიკულ და საზღვაო სფეროებში“, - აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში.

კოლექტიურ დასავლეთს და მის ფლაგმან სამხედრო ორგანიზაციას, ცხადია, ძალიან აფიქრებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმებას. მათ შორისაა გაზის მიწოდების, ინტერნეტტექნოლოგიებში, კოსმოსის, მეცნიერებისა და შეიარაღების სფეროებში თანამშრომლობის შეთანხმებები.

ამ დროს კი, ჩინეთის მედია უკრაინის კონფლიქტს ისე აშუქებს, როგორც კრემლი მოიწონებდა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ორმხრივად მზარდი მცდელობა, შეარყიონ ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებსა და ფასეულობებს“, - ნათქვამია ნატოს ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში.

როგორც რუსეთის შემთხვევაში, მოკავშირეები პირობას დებენ, რომ აამაღლებენ საერთო ინფორმირებულობას, მდგრადობასა და მზადყოფნას, და ასევე, გაზრდიან დაცულობას ჩინეთის ძალმომრეობის ტაქტიკისა და მცდელობისგან, განხეთქილება შეიტანოს ალიანსში.

თუმცა, დოკუმენტში არ არის ნათქვამი, რომ ალიანსი აღარ განიხილავს ჩინეთს პარტნიორ ქვეყნად. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ნატოსა და ჩინეთს შორის არ არსებობს თანამშრომლობის და კონსულტაციების ისეთი ფორმატი, როგორიც არის 2002 წლის რომის სამიტზე შექმნილი ნატო-რუსეთის საბჭო, რომელმაც მუშაობა შეწყვიტა რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსიის შემდეგ. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ კოლექტიური დასავლეთისთვის მაინც უფრო იოლი იყოს ჩინეთთან საერთო ენის გამონახვა.

ნიშანდობლივი განცხადება გაკეთდა ჩინეთის მისამართით „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც სულ ერთი დღით უსწრებდა წინ ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ფიქრობს, რომ შესაძლებელია წონასწორობის მოძებნა საერთო ფასეულობების დაცვასა და ჩინეთთან ბიზნესის კეთებას შორის.

ჯონსონმა ეს განაცხადა 26 ივნისს, როცა ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ლიდერები გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მართავდნენ. „ჩინეთი არის ჩვენი ცხოვრების გიგანტური ფაქტი. თითოეული აქ შეკრებილი ქვეყანა უზარმაზარ ბიზნესშია ჩართული ჩინეთთან. საკითხავი ისაა, შევძლებთ თუ არა ამის კეთების გაგრძელებას“, - უთხრა ბრიტანეთის პრემიერმა CNN-ის გადაცემა „State of the Union“-ს და დასძინა: - „ვფიქრობ, საჭიროა ბალანსის დაცვა. ეს შეიძლება ძნელი იყოს, მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც უნდა ვცადოთ“.

ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში „ბალანსის დაცვაზე“ არაფერია ნათქვამი, მაგრამ ალიანსი ადასტურებს, რომ კარი თანამშრომლობისთვის, როგორც რუსეთის შემთხვევაში, ჩინეთთანაც ღია რჩება.

„მოკავშირეები დაიცავენ საერთო ინტერესებსა და ნორმებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ნაოსნობის თავისუფლების ჩათვლით. ჩრდილოატლანტიკური კავშირის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და მათ შორის ურთიერთგამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ კვლავინდებურად გახსნილი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG