მადრიდში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.
პრემიერის განცხადებით, NATO-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან.
„ყოველთვის სასიამოვნოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა. NATO-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად”, - დაწერა „ტვიტერზე" ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
ღარიბაშვილმა NATO-ს მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია - 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“.
დაწერეთ კომენტარი