Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუს "მაღლივ კორპუსთან" ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივი კორპუსის" შესასვლელი, სადაც ახალგაზრდებზე იძალადეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივი კორპუსის" შესასვლელი, სადაც ახალგაზრდებზე იძალადეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივი კორპუსის" შესასვლელთან დღეს, 30 ივნისს მომხდარ ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. დღეს დილით, სტუდენტების 3 ივლისის აქციაზე მისაწვევად, ახალგაზრდები ბუკლეტებს არიგებდნენ, რაშიც მათ ხელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა შეუშალეს. ადგილზე ისმოდა გინებაც და იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ძალადობას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს.

"მე მხარდამჭერი ვარ. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და ვიქნები ყოველთვის. გამოცდა მქონდა, გეტყვით ახლა... "ქართული ოცნების" მხარდამჭერს არ მაქვს პროტესტის უფლება, რას მეუბნები, ბიჭო?.. ჩემს პროტესტს გამოვხატავ, შენ რომ მიდგახარ და 3 ივლისს აქციას მიტარებ, პროტესტის უფლება არ მაქვს? არ მომწონს, აი, ამას რომ არიგებ [ბუკლეტებს]", - თქვა ნიკოლოზ მელიქიშვილმა, რომელიც მედიას "ქართული ოცნების" მხარდამჭერად გაეცნო.

დაპირისპირება იყო გორში, თელავსა და ხონშიც.

გუშინ, 29 ივნისს, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს სურთ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის პოლარიზება და არ უნდა უკვირდეთ, რომ მოქალაქეები უპირისპირდებიან.

3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე კი, მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან მოძრაობის მოთხოვნებს: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG