Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთიდან უშიშროების ძალების მიერ გატაცებული გეი ძმები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაიყვანეს

სალეჰ მაგამადოვი და ისმაილ ისაევი სასამართლოს მონიტორზე
სალეჰ მაგამადოვი და ისმაილ ისაევი სასამართლოს მონიტორზე

უშიშროების ძალების მიერ გატაცებული გეი ძმები, ისმაილ ისაევი და სალეჰ მაგამადოვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ისაევი განათავსეს კრასნოდარის წინასწარი დაკავების ნომერ პირველ იზოლატორში, ხოლო მაგამადოვი - ვლადიმირში ე.წ. "ვლადიმირსკი ცენტრალში", როგორც იქ მდებარე ნომერ მე-2 ციხეს უწოდებენ.

საიტ "კავკაზ.რეალიის" ცნობით, სალაჰ მაგამადოვი ერთ წელს გაატარებს მკაცრი რეჟიმის ვლადიმირის ცენტრალურ ციხეში, საიდანაც მას სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

რაც შეეხება ისაევს, კრიზისულ ჯგუფ "სკ SOS"-ის ცნობით, მას ეტაპით გადაიყვანენ სხვა საერთო რეჟიმის კოლონიაში, თუმცა სად, უფლებადამცველებმა ჯერჯერობით არ იციან.

20 წლის მაგამადოვისა და 18 წლის ისაევის გამამტყუნებელი განაჩენი ჩეჩნეთის აჩხოი-მარტანოვსკის რაიონულმა სასამართლომ 2022 წლის 22 თებერვალს გამოიტანა. ჩეჩნეთის უზენაესმა სასამართლომ 11 მაისს სააპელაციო საჩივარი განიხილა და განაჩენი უცვლელი დატოვა. ისინი დამნაშავედ ცნეს "ბოევიკების" დახმარებაში. მაგამადოვს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ისაევს - ექვსით.

  • მაგამადოვი და ისაევი ამტკიცებენ თავიანთ სრულ უდანაშაულობას. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მტკიცებულების არარსებობაზე და სასამართლო პროცესზე მრავალ პროცედურულ დარღვევაზე და მიიჩნევს, რომ ძმების დევნა დაკავშირებულია მათ სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან (ერთი მათგანი გეია, მეორე აპირებს სქესის შეცვლას), ასევე მათ მონაწილეობასთან ჩეჩნეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ტელეგრამის არხის მოდერაციაში.
  • 2021 წლის თებერვალში მაგამადოვი და ისაევი გაიტაცეს ნიჟნი-ნოვგოროდის ბინიდან და გადაიყვანეს ჩეჩნეთში. 2021 წლის აგვისტოში მათ განაცხადეს, რომ სცემენ და ითხოვენ აღიარებით ჩვენებას. ჩეჩნეთის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა უარი თქვა მათი წამების შესახებ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.
XS
SM
MD
LG