Accessibility links

site logo site logo

რა სარგებლობა მოაქვს პინგვინს?


ზაზა ბურჭულაძე

რა საჭიროა პარლამენტარი, რომელიც პინგვინს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე საკუთარ ამომრჩეველს?

რა საჭიროა მინისტრი, რომელიც პინგვინს უფრო დიდ პატივს სცემს, ვიდრე საკუთარ თავს?

რა საჭიროა პრემიერი, ვისთვისაც პინგვინი უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი დედა?

რა საჭიროა პრეზიდენტი, რომელსაც პინგვინზე მეტი ჭკუა არ მოეკითხება?

რა საჭიროა მოსამართლე, რომელსაც პინგვინის ბედი უფრო აღელვებს, ვიდრე დაზარალებულის?

რა საჭიროა პროკურორი, რომელიც პინგვინის კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარი მოქალაქის?

რა საჭიროა პოლიციელი, რომელიც პინგვინის უსაფრთხოებას უფრო იცავს, ვიდრე საკუთარი ოჯახისას?

რა საჭიროა ჯარისკაცი, რომელიც „პინგვინის გადამბრუნებლობაზე“ ოცნებობს?

(არის ასეთი პროფესია. პინგვინის გადამბრუნებელს ევალება პინგვინის გადაბრუნება, თუ ჩიტი ისე წაიქცა, რომ ვეღარ დგება.)

რა საჭიროა ქვეყანა, სადაც პინგვინს უფრო ნათელი მომავალი აქვს, ვიდრე სტუდენტს?

რა საჭიროა ქვეყანა, სადაც პინგვინს უფრო კეთილმოწყობილი ყოფა აქვს, ვიდრე ინვალიდს?

რა საჭიროა ქვეყანა, სადაც პინგვინი უფრო დაფასებულია, ვიდრე პენსიონერი?

ჩვენთან ერთადერთ ადგილას ცხოვრობს პინგვინი. მაგრამ თვითონ პინგვინი არ არის საშიში, საშიში პინგვინის პატრონია, რომელსაც, თავის მხრივ, ეშინია ევროპის, სადაც უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი და არა პინგვინი. მაგრამ კიდევ უფრო ეშინია კრემლის, რომლის ჩრდილშიც თვითონ აღიქვამს საკუთარ თავს პინგვინად. ეს პინგვინის პატრონი რაღაცით მართლაც ჩამოჰგავს პინგვინს. კერძოდ - ქოჩორა პინგვინს. არის ასეთი eudyptes chrysocome, ჩიტი, რომელიც არ ფრენს.

ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი, პინგვინის გარშემო რომ ტრიალებს ქედდრეკილი, მადლიერი, ცუღლუტი და მანკიერი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG