Accessibility links

site logo site logo

ვინ და რატომ დაუპირისპირდა 68 წლის მამაკაცზე ძალადობისთვის დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახს


სოფელ კაბალის მოსახლეობა

სოფელ კაბალში 68 წლის მამაკაცზე ძალადობის, არაადამიანური მოპყრობის, შანტაჟისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახს, მისივე თანასოფლელების ერთი ნაწილი დაუპირისპირდა. 50-მდე ადამიანი არასრულწლოვნის სახლთან შეიკრიბა და მის მამას პოლიციაში შეტანილი განცხადების გამოტანა მოსთხოვა.

საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც ძალადობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს უკავშირდება. მას კაბალში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ფიზიკურად გაუსწორდა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ახალგაზრდამ ყვარლის ტყეში ასაკოვან მამაკაცს სცემა და შეურაცხყო.

17 წლის ბრალდებულმა ცემის დროს მრავლობითი დაზიანებები მიიღო და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ის პოლიციამ მკურნალობის შემდეგ დააკავა.

შვილის ცემისთვის მამამ თანასოფლელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით ადგილობრივ პოლიციას მიმართა.

ადგილობრივი ახალგაზრდები დღეს დაკავებულის მამისგან მოითხოვდნენ ამ განცხადების უკან გატანას.

„იმ ბიჭმა რა საქციელიც ჩაიდინა, ჩვენ მას შესაბამისად ვუპასუხეთ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ მომავალში შესაძლოა კიდევ ეცემა სხვა მოხუცი. მამამისმა გვიჩივლა და ახლა მოვითხოვთ, რომ საჩივარი უკან გაიტანოს. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ 68 წლის კაცზე ძალადობაში ბრალდებულის ორივე ოჯახმა სოფელი დატოვოს და სხვაგან წავიდეს საცხოვრებლად, თორემ ჩვენ სხვაგვარად მოვიქცევით“, - თქვა კაბალში მცხოვრებმა რახიმ ბუხთიევმა.

სოფელ კაბალის მოსახლეობა
სოფელ კაბალის მოსახლეობა

არასრულწლოვნის სახლთან ადგილობრივები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იდგნენ და დაკავებული არასრულწლოვნის მამასთან შეხვედრას ითხოვდნენ. პერიოდულად ისმოდა შეძახილები „გამოიტანე საჩივარი და დატოვე სოფელი“.

როგორც არასრულწლოვანი ბრალდებულის მეზობლებმა განაცხადეს, იმ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მათ თანასოფლელების ნაწილის საქციელს მორიგი დანაშაული უწოდეს.

„ჩვენმა მეზობელმა ახალგაზრდამ დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ამისთვის ხომ არსებობს გამოძიება? ის ბიჭი უკვე დაკავებულია და ციხეშია. ამის მშობლებმა რა დააშავეს ახლა, რომ აქ მოვიდნენ და ყვირიან. ჩვენ არ ვართ მომხრე ასეთი საქციელის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მეზობელმა.

დაპირისპირება სოფელ კაბალში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

ადგილობრივები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მივიდა.

რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, 17 წლის არასრულწლოვნის ცემის საქმეზე მიმდინარეობს თუ არა გამოძიება? უწყებაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის საქმეს სწავლობენ.

სასამართლომ, კახეთში 68 წლის კაცზე ძალადობისთვის დაკავებულ ორ ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობა 28 ივნისს შეუფარდა. მათგან ერთი არასრულწლოვანია. პროკურატურა მათ ძალადობას, ძარცვას, გამოძალვას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 2022 წლის 24 ივნისს, ყვარლის მიმდებარედ ტყეში, სოფელ კაბალში მცხოვრებმა ორმა ახალგაზრდამ, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა, სცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თანხა წაართვა 68 წლის კაცს. სრულწლოვანი თავდამსხმელი ნასამართლევი იყო ძალადობაზე და პირობით მსჯავრს იხდიდა.

პოლიცია სოფელ კაბალში
პოლიცია სოფელ კაბალში

ბრალდება აცხადებს, რომ თავდამსხმელები ასაკოვან კაცს არაადამიანურად მოეპყრნენ, დაამცირეს და ეს მობილური ტელეფონით გადაიღეს. გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით კი რამდენიმე დღეში 1000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ.

სავარაუდოდ, სწორედ ეს კადრები გავრცელდა 28 ივნისს ფეისბუკითა და ინსტაგრამით. სოციალურ ქსელებში 2 ვიდეო აიტვირთა.

ვიდეომასალებში ჩანს სულ მცირე 3 ადამიანი. ერთი მათგანი თავად დაზარალებულია, ორიდან ერთი ახალგაზრდა ვიდეოს იღებს, კიდევ ერთი ასაკოვან მამაკაცს ურტყამს. შემდეგ ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ კაცს სახეში, მუცელში, წელსა და ხელ-ფეხზე.

მოძალადეებიდან ერთ-ერთი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებასაც ცდილობს.

სოფელი კაბალი
სოფელი კაბალი

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ მოძალადე ასაკოვან მამაკაცს ზურგში ხელჯოხსაც ურტყამს და ამის შემდეგ ის მდინარეში ვარდება.

ვიდეომასალაში ისმის მსხვერპლის ყვირილი: „კარგით. რა იყო, მომკალით ბარემ“, რაზეც მოძალადეები პასუხობენ, რომ ტყუილად ყვირის, მის ხმას ვერავინ გაიგებს.

„თქვი, ვინა ხარ! ვინა ხარ შენ?!” - უყვირიან კაცს და აიძულებენ აღიაროს გენდერული იდენტობა.

ვიდეოში ჩანს, რომ ასაკოვან მამაკაცს სახეზე სისხლი მოსდის.

ვიდეომასალებიდან არ ირკვევა, კონკრეტულად რატომ ძალადობენ მამაკაცზე.

ძალადობისა და კიდევ სამი სხვა მუხლით ბრალდებულები ერთმანეთის მეზობლები არიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო და ფოტო რეპორტაჟებს, სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. რადიო თავისუფლების რეგიონული კორესპონდენტია 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG