Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები პროტესტს ხმაურით გამოხატავენ


პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან
პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ინგოროყვას ქუჩაზე ხმაურია. აქციის, "შინ ევროპისკენ" მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს. ყოველ ორშაბათს დილით ამ შენობაში მთავრობის სხდომა იმართება ხოლმე.

გუშინდელი ღამის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციასთან მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი შემორჩა, თუმცა ადგილზე კვლავ რჩება ჯებირები და მობილიზებულია პოლიცია. რამდენიმე ათეულ პოლიციელს გადაკეტილი აქვს ეზოსთან ჩასასვლელი კიბეები - პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები შენობაში ძირითადად იმ შესასვლელით შედიან ხოლმე, რომელიც აღნიშნული კიბის ბოლოშია.

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული
მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელს ჯებირი აქვს შემორტყმული და პოლიცია იცავს
მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელს ჯებირი აქვს შემორტყმული და პოლიცია იცავს

"ძალიან არაპროპორციული მღელვარებაა პოლიციის მხარეს. სულ რამდენიმე ადამიანის აქციაა, რომელიც ხმაურით შემოიფარგლება. პოლიციას ვუთხარით, რომ არ ვაპირებდით წინააღმდეგობის გაწევას, თუ ჩვენს უკანონო დაკავებას დაიწყებდნენ, არავითარი გაყალბების საფუძველს არ მივცემდით", - უთხრა აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ღამე გაათენა საქართველოს პარლამენტთან 3 ივლისს გამართული ხალხმრავალი აქციის მონაწილეთა ჯგუფმა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, დღეს დილით ისინი ელოდებიან მთავრობის სხდომის დაწყებას, რათა მას პროტესტი კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.

მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" მონაწილეები მოითხოვენ, რომ გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა, რადგან ვერ უზრუნველყვეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეასრულებს. მოძრაობამ მთავრობის გადადგომა პირველად მოითხოვა 24 ივნისს, პარლამენტთან გამართულ ხალხმრავალ აქციაზე და "ქართულ ოცნებას" ვადა 3 ივლისამდე მისცეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ფარსად მიიჩნევენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად "ქართული ოცნების" მიერ 1 ივლისს გამოქვეყნებულ გეგმას. "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა 3 ივლისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ საზოგადოებამ მმართველი პარტიის "მოსატყუებელი კბილი უკვე ამოიღო". ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პუნქტების შესასრულებლად, 3 ივლისს გეგმა წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

24 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

XS
SM
MD
LG