Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული, თელავის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი გამართლდა


თელავის რაიონული სასამართლო.
თელავის რაიონული სასამართლო.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა, საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. გრემელაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით იყო ბრალდებული.

განაჩენის თანახმად, მიხეილ გრემელაშვილს გამოძიების მიერ ბრალად შერაცხილი ოჯახის წევრებზე ძალადობა, მუქარა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, არ ჩაუდენია.

„თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი ჩემს უდანაშაულობაში. ძალიან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ”, - განაცხადა გრემელაშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდეს გრემელაშვილის ოჯახის წევრებმაც.

ყოფილი დეპუტატის დედა, ია აჩუაშვილი ამბობს, რომ მას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა.

„ვერ აღვწერ იმ სტრესისა და ნერვიულობის შესახებ, რაც ჩვენმა ოჯახმა ორი წლის განმავლობაში გადაიტანა. არც იარაღის შენახვა დაუდასტურდა, არც ძალადობა და არც მუქარა. კარგი ურთიერთობა აქვს საკუთარ შვილებთან, ამ ხნის განმავლობაში, ჩემი შვილის უწესო საქციელი არავის გაუგია. ჩემზე უფრო კომპეტენტურებმა შეისწავლეს ეს საქმე და დაადგინეს, რომ მიხეილს დანაშაული არ ჩაუდენია”, - თქვა აჩუაშვილმა.

მიხეილ გრემელაშვილის ადვოკატი ქეთევან ზაქარიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობდა.

„ოჯახური ძალადობისა და მუქარის ნაწილში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ სასამართლოსათვის ჩვენება არავის მიუცია. რაც შეეხება იარაღს, თავადაც თავიდანვე ამბობდა, რომ იარაღი მას არ ეკუთვნოდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მისი გენეტიკური პროფილი ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე არ ამოვიდა. საუბარია იმ ავტომატზე, რომელიც ფორტეპიანოში აღმოაჩინეს - დაობებული, დაძველებული - არავინ იცის, როდის ჩადეს იქ. უცხო ადამიანების გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა ზედ, მამაკაცისა და ქალის. მე ველოდებოდი ამ განაჩენს და ვთვლი, რომ არის სწორი და სამართლიანი”, - განაცხადა ზაქარიაშვილმა.

ბრალდების მხარე გამამართლებელ განაჩენზე კომენტარს არ აკეთებს. ამ ეტაპზე უცნობია, გეგმავს თუ არა პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

თელავის საკრებულოს ყოფილ წევრს, რომელიც 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს, პროკურატურა ადანაშაულებდა ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. შსს-ს ინფორმაციით, გრემელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს და მათზე ფიზიკურად იძალადა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე ძალადობდა, სოციალური ქსელით პირველმა გაავრცელა მისმა ნათესავმა, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.

არჩევნებში ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, საკრებულოში ყოფნის პერიოდში კი პარტია დატოვა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდა.

XS
SM
MD
LG