თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების („შინ ევროპისკენ") ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" განცხადებას აქვეყნებს.
„3 ივლისის მასშტაბურმა პროტესტმა საზოგადოების ნაწილს სამართლიანი კითხვები გაუჩინა დემონსტრაციის მიზნებსა და გეგმასთან დაკავშირებით. მაინც რა მოხდა მესამე აქციაზე?" - ვკითხულობთ განცხადების შესავალში.
როგორც „სირცხვილია" აცხადებს, მათ საინიციატივო ჯგუფში ფართოდ გახსნეს კარი სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფისა და ორგანიზაციისათვის, რათა ყველას შესძლებოდა, წვლილი შეეტანა ეროვნული ინტერესის დაცვაში. აგრეთვე დააწესეს პროტესტის მკაცრი ტაქტიკური ჩარჩო – არაძალადობრიობა.
„სირცხვილია" აცხადებს, რომ ვერ შეძლეს ადამიანებამდე გეგმის მკაფიოდ მიტანა. ორგანიზაცია საზოგადოების წინაშე ბოდიშს იხდის.
„ჩვენ ახლაც ვრჩებით მაქსიმალური ჩართულობისა და წარმომადგენლობითობის პრინციპის ერთგულნი, მაგრამ იმავდროულად, ვაცნობიერებთ შეცდომებსა და ხარვეზებს, რომლებმაც ბევრი ინტერესის დაბალანსებისა და კონსენსუსის ძიების პროცესში თავი იჩინეს. ამ მცდელობებმა მიითვისეს ყურადღება, რომელიც მთავარი აქტორისთვის – ხალხისთვის უნდა დაგვეთმო, რათა 3 ივლისის აქციის მიმართ მოლოდინები სწორად გვემართა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ უფრო მკაფიოდ და გასაგებად მიგვეტანა ადამიანებამდე სამოქმედო გეგმა, რათა მათ წინასწარ სცოდნოდათ, რისთვის მოდიოდნენ აქციაზე. შეკრების თავდაპირველი მიზანი, მთავრობის სხდომის გაუქმება, გადაფარა საორგანიზაციო გუნდს მიღმა შექმნილმა ცრუ მოლოდინმა, რომ ოლიგარქია იმავე დღეს დაემხობოდა და ბრძოლაც დასრულდებოდა.
გულითად ბოდიშს ვიხდით და გპირდებით, აღარაფერს და აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას, რომელიც სახალხო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” ყველაზე მკაფიოდ 20 ივნისს გამოხატა.
ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი და ჩვენთვის არცერთი მოთხოვნა, პოლიტიკური გემოვნება თუ მისწრაფება არ დგას ეროვნულ იდეაზე – ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე მაღლა.
ჩვენ არ უნდა გაგვიფანტოს ყურადღება ვიწროპარტიულმა ინტერესებმა და უნდა ვკონცენტრირდეთ 12 მოთხოვნაზე, რომელიც პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება, შემდეგ კი ჩვენგან – ევროკავშირს", - ვკითხულობთ „სირცხვილიას" განცხადებაში.
სამოქალაქო მოძრაობა აპირებს, რომ საშუალო და გრძელვადიანი გეგმები მხოლოდ ევროინტეგრაციის უზენაეს მიზანს დაუკავშიროს.
8 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გადადგომისა და ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნის მოთხოვნით გამართული აქციები თბილისში უშედეგოდ დასრულდა.
ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში თბილისში მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ინიციატივით, სამი აქცია გაიმართა. მოძრაობის მიზანი მთავრობის შეცვლა, ეროვნული თანხმობის საფუძველზე დროებითი მთავრობის ფორმირება და ევროკავშირის მიერ დასახული იმ 12 ამოცანის შესრულებაა, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება. ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რას აპირებს მომავალში მოძრაობა მიზნების მისაღწევად.
დაწერეთ კომენტარი