პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ აშშ-ის ფინანსური დანაშაულის ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ საქართველო არის საზღვაო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადასაზიდად. მისივე განმარტებით, ასეთი დოკუმენტის გამოქვეყნებას თან უნდა ახლდეს საქართველოს მთავრობის განცხადებები განმარტებებით, რომლებიც საზოგადოებას არ მოუსმენია.
"ამერიკის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა, ეს არის უწყებები, რომლებიც ერთობლივად ახდენენ სანქციების მონიტორინგს და კონტროლს, გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც, ერთის მხრივ, საუბრობს იმ შავ ხვრელებზე, რომლებიც უკვე არსებობს სანქციების თავიდან არიდების თვალსაზრისით და, მეორეს მხრივ, მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული სისხლის მანქანის მომარაგება და მინდა აღვნიშნო, აქ ერთად განიხილება რუსეთი და ბელარუსი, როგორც სამიზნე ამ სანქციების.
ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, არის სავაჭრო გზა, კერძოდ, საზღვაო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისთვის. ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია - პირველად, უმაღლეს ოფიციალურ დონეზე, ამერიკა საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა გამოიყენება სანქციების თავიდან არიდების მიზნით. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას საგანგებოდ უნდა მოვთხოვოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ, გვაქვს საფრთხე, ქვეყანა, პორტი არ დასანქცირდეს და არ დაზარალდეს ქვეყანა იმის გამო, რასაც აკეთებენ ოლიგარქი და მისი საცეცები.
ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია 22 პუნქტი და მე-16 პუნქტი საუბრობს, რომ აკრძალულია სანქცირებულ პირებთან ბიზნესის წარმოება. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ რუს სანქცირებულ პირთან, მიხაილ ფრიდმანთან, რომელიც ფლობს "ბორჯომს", საქართველომ გააფორმა კონტრაქტი და დღეს ფრიდმანი, სანქცირებული ადამიანი, 49,9%-ს ფლობს "ბორჯომში", რაც ასევე ძალიან საყურადღებოა და ასევე ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.
დოკუმენტი, რომელზეც ელენე ხოშტარია საუბრობს, 28 ივნისს არის გამოქვეყნებული და მასში საქართველო ნახსენებია სხვა ქვეყნებთან ერთად. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ ქვეყნების გავლით ხვდება აკრძალული ან კონტროლირებადი ექსპორტი რუსეთში ან ბელარუსში. აქვეა აღნიშნული, რომ ეს შესაძლოა არ იყოს სრული სია იმ ქვეყნების, რომლებსაც რუსეთი და ბელარუსი იყენებენ ტრანზიტისთვის.
„BIS-მა დაადგინა გარკვეული სატრანზიტო პუნქტები, რომლებშიც ცნობილია, რომ აკრძალული ან კონტროლირებადი ექსპორტი გადის დანიშნულების ადგილზე, რუსეთსა და ბელარუსში ჩასვლამდე. ეს პუნქტები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ქვეყნებით: სომხეთი, ბრაზილია, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთი აფრიკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული სამეფო და უზბეკეთი.
ზოგ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ კონტროლირებადი რიგი ნივთები შეიძლება კანონიერად იყოს ექსპორტირებული ამ და სხვა იურისდიქციებში, სხვა მზა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის სახით. თუმცა ამ მზა პროდუქციის და საქონლის შემდგომი ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში, პოტენციური სატრანზიტო პუნქტების გავლით, შესაძლოა აკრძალული იყოს. რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტზე ახლად დაწესებული კონტროლი შეიძლება გახდეს ისტორიული სატრანზიტო ტენდენციების ცვლილების გამომწვევი მიზეზი, ხოლო BIS-ი აქტიურად ეწევა რელევანტური ინფორმაციის მონიტორინგს ასეთი ცვლილებების გამოსავლენად. როგორც ასეთი, პოტენციური სატრანზიტო პუნქტების სია არასრულია, მაგრამ მას შეუძლია დაგვეხმაროს ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების რისკების შემოწმებაში“, - წერია დოკუმენტში.
დაწერეთ კომენტარი