Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ახლა შესაძლოა კოვიდის მეშვიდე ტალღა იწყებოდეს

ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საქართველოში ახლა შესაძლოა, კორონავირუსის მეშვიდე ტალღა იწყებოდეს, რაზეც მიანიშნებს ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი. ამის შესახებ მან მედიაცენტრ "მთავარში" ისაუბრა.

"ჩვენ ტალღას ვეძახით პერიოდს, როცა აღმავალი მრუდია - სტაბილურობაა და შემდეგ შემთხვევების რაოდენობა იმატებს. შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისია, შეიძლება დავარქვათ მეშვიდე ტალღის დასაწყისი... ჩვენ ახლა არ გვაქვს ის უნიკალური ვაქცინა, რომელიც ვირუსისგან დაგვიცავს, ვაქცინაციას შერჩა ძალა, დაიცვას ადამიანი სიკვდილისგან და მძიმე მდგომარეობისგან - ბუსტერის დოზა სამიზნე ჯგუფებისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ინფიცირება იყოს ნაკლები, ადამიანებს უნდა მოვუწოდოთ, ატარონ პირბადე, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში", - თქვა კულუმბეგოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა რეპროდუქციული ინდექსის მაჩვენებელი 18-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული კოვიდინფიცირებული ადამიანი 18 ადამიანს აინფიცირებს.

"მხოლოდ ასაკი და ქრონიკული დაავადებებია ის რისკი, რომლითაც ადამიანი შეიძლება მოხვდეს ჰოსპიტალში. კლინიკური ნიშნები [გავრცელებულ ვარიანტს] არ აქვს, ის არის სტანდარტულად მიმდინარე რესპირაციული დაავადება. ასაკიანმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა სიმპტომების პირველივე დღეებში უნდა ჩაიტარონ ტესტირება. ეს არის გარანტია იმისა, რომ ის მიიღებს უსასყიდლოდ მედიკამენტს და დავიცავთ ჰოსპიტალში მოხვედრისგან", - თქვა მან.

ბიძინა კულუმბეგოვი მოუწოდებს მოსახლეობას, გაიკეთონ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა.

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ორჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში. 4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში, ვირუსი დაუდასტურდა 5154 ადამიანს, წინა კვირაში - 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კი - 2570-ს.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 666 257 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 847 ​ადამიანი.

XS
SM
MD
LG