Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია წლის ბოლოსთვის აღარ იქნება დამოკიდებული რუსეთის ქვანახშირსა და ნავთობზე


რუსეთის ქვანახშირსა და ნავთობზე უარის თქმა, ძირეულად შეცვლის გერმანიის ენერგომომარაგების სტრუქტურას. ქვეყანაში მოხმარებული ქვანახშირისა და ნავთობის 40%-ს გერმანია რუსეთისგან იღებდა, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს შეიცვლება. ამის შესახებ 13 ივლისს განაცხადა გერმანიის კანცლერის ოფისის წარმომადგენელმა იორგ კუკისმა.

მან დაადასტურა, რომ 1 აგვისტოდან გფრ უარს იტყვის რუსეთის ქვანახშირის იმპორტზე, 2022 წლის 31 დეკემბერს კი - რუსეთის ნავთობის იმპორტზე. ეს ზომები გათვალისწინებულია ადრე ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით. ევროკავშირმა აპრილის დამდგეს, სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, შეათანხმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის სრული შეჩერება. აკრძალვა 10 აგვისტოს ამოქმედდება. რუსეთის ნავთობის იმპორტზე ნაწილობრივი ემბარგო, რომელიც წლის ბოლოსთვის შევა ძალაში, მაისში შეთანხმდა. თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი განაგრძობს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით. მაგრამ გერმანია მათ რიცხვს არ განეკუთვნება.

„ყველას, ვისთვისაც ცნობილია ნავთობსადენ „დრუჟბის“ ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის იარაღის ფუნქციას ასრულებდა, ესმის, რომ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა იოლი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას რამდენიმე თვის განმავლობაში მოვახერხებთ“, მოჰყავს Reuters-ს გერმანელი მოხელის სიტყვები.

ამასთან, გერმანია უახლოეს მომავალში არ აპირებს უარის თქმას რუსეთის გაზზე, ვინაიდან ჯერჯერობით არ შეუძლია მისი იმპორტის მთლიანად ჩანაცვლება. გამოკითხვა ნათელყოფს, რომ საწვავის ფასების ზრდის გამო გერმანელ ამომრჩეველთა უმრავლესობა რუსეთის გაზზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია.

გერმანია დაჩქარებული წესით მუშაობს გათხევადებული გაზის მიღებისთვის საჭირო ტერმინალების მშენებლობაზე. მაგრამ ეს სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ამასთან ბერლინი შიშობს, რომ თავად რუსეთმა შეიძლება პოლიტიკური მოტივებით შეწყვიტოს გაზის მიწოდება, ამიტომ ის ახლავე მიმართავს ზომებს ენერგიის მოხმარების შესაზღუდად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG