Accessibility links

site logo site logo

გენიოსის ანდერძი


„მშვიდობით, ლეონორა“ (2022, იტალია, რეჟისორი პაოლო ტავიანი)

ძალიან ძნელია ამის აღიარება, უტაქტობაცაა გარკვეული თვალსაზრისით და ბედნიერი ვიქნები, თუ ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ „მშვიდობით, ლეონორა“ მსოფლიო კინოს კლასიკოსის, 91 წლის პაოლო ტავიანის უკანასკნელი ფილმია. ეს სურათი, რომელიც პაოლო ტავიანიმ 4 წლის წინ გარდაცვლილ ძმას და მუდმივ თანაავტორს, ვიტორიოს მიუძღვნა, უბრალოდ თავიდან ბოლომდე სიკვდილის წინათგრძნობაა. როგორ შეიძლება გადავლახოთ მოახლოებული ფინალის შიში? ზოგი ამ დროს ლოცულობს, ზოგი პანიკაშია, ზოგი აღსარებას აბარებს... პაოლო ტავიანი დასცინის სიკვდილს! ზუსტად ისე, როგორც ამას მუდმივად აკეთებდა ძმასთან ერთად გადაღებულ შედევრებში „მამა-ბატონი“, „წმინდა ლორენცოს ღამე“, „დილა მშვიდობისა, ბაბილონო“, „ქაოსი“... მისი ახალი ფილმი, რომლის უსაშველოდ ცუდად დუბლირებული რუსული ვერსია აღმოვაჩინე ქართულ ინტერნეტსაიტებზე, ყველაზე მეტად სწორედ „ქაოსს“ გაგახსენებთ - ლუიჯი პირანდელოს მოთხრობების ეკრანიზაციას, წარმოუდგენლად ლამაზი ფინალური სცენით, რომელშიც პირანდელო ბავშვობას იხსენებს.

„მშვიდობით, ლეონორა“ ეძღვნება არა მარტო ვიტორიო ტავიანის. ფილმის ავტორი სიყვარულს უხსნის ლუიჯი პირანდელოსაც, ნობელის პრემიის ლაურეატს, რომელიც მართალია 1924 წელს მუსოლინის პარტიაში გაწევრიანდა, თავის ნაწარმოებებში დუჩეს მორალური თუ პოლიტიკური პრინციპები არასდროს გაუზიარებია. ანდერძი დაწერა, რომელშიც უარი თქვა „სახელმწიფო-პატრიოტულ დაკრძალვაზე“, რამაც ფაშისტების უკმაყოფილება გამოიწვია. ომი დასრულდა და შესაძლებელი გახდა დიდი მწერლის და დრამატურგის ბოლო თხოვნის შესრულება - მისი ფერფლის გადატანა მშობლიურ მიწაზე, სიცილიაში.... ამერიკელი ჯარისკაცების დახმარებით.

„მშვიდობით, ლეონორას“ პირველი ნაწილი ისტორიულად ზუსტი, მაგრამ მაინც აბსურდული და ტავიანების ხელწერისთვის დამახასიათებელი სასაცილოდ ნაღვლიანი „როუდ მუვია“ - ფერფლის მოგზაურობა ომის შემდგომ იტალიაში, სადაც ხალხი თითქოს განთავისუფლებას ზეიმობს, მაგრამ ამერიკელი სამხედროების სიმრავლეს მაინცდამაინც არ მიესალმება. ფილმის უჩვეულო ჟანრული გადაწყვეტა (სწორედ ის, რაც საეჭვოა იგრძნოთ, თუკი ძმები ტავიანების საუკეთესო სურათები არ გინახავთ) კიდევ უფრო გასაიდუმლოებული, მაგიური, ძნელად ასახსნელი და, რაც მთავარია, აბსოლუტურად თავისუფალი ხდება (ყველა ჟანრს თავისი კანონები აქვს, რომლებსაც პაოლო და ვიტორიო ტავიანები არასდროს იცავდნენ) მეორე ნაწილში, როცა პირანდელოს ფერფლის თავგადასავალი „გადაიზრდება“ მწერლის უკანასკნელი ნაწარმოების, პატარა მოთხრობის, „ლურსმნის“ ეკრანიზაციაში. ამ ორ ნოველას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს სიკვდილისა და სიცოცხლის ეფემერულობის თემის გარდა. პაოლო ტავიანი ანდერძს გვიტოვებს, გამოხატულს დაუვიწყარი კინემატოგრაფიული სახეებით.

„მშვიდობით, ლეონორა“ გაგახსენებთ იტალიური კულტურის საუკეთესო ეპოქას - ერთი მხრივ, ლიტერატურაში, პირანდელოს სახით და, მეორე მხრივ, კინოში - ნეორეალიზმის შედევრების ციტირებით ფილმის ექსპოზიციაში. „რენესანსი, მელოდრამა და ნეორეალიზმი“ - იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია“, - აღნიშნა პაოლო ტავიანიმ წელს, ბერლინის კინოფესტივალზე, სადაც გაიმართა „ლეონორას“ პრემიერა და სადაც ტავიანი-უმცროსის შედევრი პრიზის გარეშე დატოვეს (ფრანგული „ლიბერასიონი“ ჟიურის გადაწყვეტილებას „უპრეცედენტოდ სამარცხვინოდ“ უწოდებს). არადა, სწორედ ბერლინის ფესტივალზე გააცოცხლეს დიდი კლასიკოსების შემოქმედება, როცა ძმები ტავიანების წინა ნამუშევარი, „ლიდერი უნდა მოკვდეს“ ამ კინოფორუმის მთავარი პრიზით, „ოქროს დათვით“ აღნიშნეს. იმხანად კრიტიკოსები წერდნენ, რომ კინოს ისტორიაში დღემდე ვერავინ გაბედა იტალიელი რეჟისორების სტილის უმნიშვნელო კოპირებაც კი, რადგანაც მათი ხელწერა უბრალოდ არ ემორჩილება ეპიგონებს. არადა, თითქოს უცნაურია - ტავიანების კინო იტალიური კულტურის ორგანული ნაწილია და პირველ რიგში ნეორეალიზმის რეანიმაცია პოსტმოდერნიზმის ეპოქაში. ფილმში „ლიდერი უნდა მოკვდეს“ პაოლო და ვიტორიო ტავიანები გვიამბობენ პატიმრებზე, რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, შექსპირის „იულიუს კეისარს“ თამაშობენ სამხრეთ იტალიის ციხის თეატრში. ძმები ტავიანები უბრუნდებიან ნეორეალისტების იდეას, თუ გნებავთ, ილუზიას: ხალხი მანამდე იქნება ბნელი და ჩამორჩენილი, სანამ ამას მმართველი ელიტები მოისურვებენ. სანამ ადამიანს არ ექნება საშუალება, ასწავლოს თავის შვილებს... ასწავლოს, გამოკვებოს და სინათლე დაანახოს. ხალხი „საეკლესიო თეატრს“ მიაკითხავს, რადგან მხოლოდ აქ მიეცემა კომუნიკაციის, კონტაქტის, აზრის გამოთქმის საშუალება. სხვაგან მას კარს ჩაუკეტავენ, როგორც კრიმინალს, როგორც ქურდს, როგორც ზარმაცს. მაგრამ ხალხის იდეალიზაცია არანაკლებ საშიშია, რადგანაც ეს პროცესი, როგორც წესი, ცრუ მესიის დაბადებით სრულდება ხოლმე. ტავიანებმა ეს კარგად იციან - ამიტომაცაა ამდენი „შავი იუმორი“ მათ ფილმებში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხის კოლექტიური პორტრეტის შექმნას იწყებენ. სწორედ აქ გადაიკვეთება „ლეონორაში“ ფილმის პირველი და მეორე ნოველა - დე სიკას და ლატუადას შედევრების ციტატები და ისტორია სიცილიელი ბიჭისა, რომელიც დედას და სამშობლოს ჩამოაშორეს, ფაქტობრივად გაყიდეს შეერთებულ შტატებში, სადაც ბრუკლინის ერთ იტალიურ რესტორანში ცეკვით უნდა გაართოს ამერიკელები. „სპეციალურად მოვკალი ამერიკელი გოგო“, - იტყვის ის პოლიციაში, შემზარავი მკვლელობის შემდეგ. ამ სიტყვას, „სპეციალურად“, ის რამდენჯერმე იმეორებს. თითქოს იმის ხაზგასასმელად, რომ მისი საქციელი სულაც არაა ბავშვური. ის წარმოადგენს „ხალხს“, რომელიც შიმშილმა მკვლელად აქცია.

დიახ, იუმორი პაოლო ტავიანის იარაღია პათეტიკისგან თავის დასაცავად. როდესაც ქმნი დისტანციას იმასთან, რასაც გვიყვები, აღარც სენტიმენტალიზმია საშიში. „მშვიდობით, ლეონორას“ პაოლო უძღვნის გარდაცვლილ ძმას, მაგრამ საკუთარი თავის გამოტირებასაც არ თაკილობს. თანაც ამაზე მაგრად ეცინება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. "რადიო თავისუფლებაში" 1995 წლიდან. მუშაობს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG