Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო „მიწების დამწველებს“ აფრთხილებს


მარცვლულის აღების შემდეგ ყანისთვის წაკიდებული ცეცხლი კახეთში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დღეს, 19 ივლისს, მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმით ისჯება. ერთი დღით ადრე, 18 ივლისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოქალაქეებს მიმართა, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გაზრდილია ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი და მოუწოდა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. კახეთში, მიწის არაერთ ნაკვეთს, საიდანაც ხორბლის და ქერის მოსავალი უკვე აიღეს, ცეცხლი 18 ივლისსაც ეკიდა.

მარცვლეულის ყანების მცენარეული ნარჩენებისგან "გასუფთავების მიზნით" ნაკვეთებში ცეცხლის გაჩენის, გარემოს დამაზიანებელ პრაქტიკაზე ფერმერთა ნაწილმა უარი არც წელს თქვა. ფერმერი ნიკა ბაგალიშვილი ამბობს, რომ ალაზნისა და შირაქის ველებზე ათეულობით ჰექტარ ფართობზე ნამჯას ცეცხლი უკიდია: „ეს ინფორმაცია აქვს, მაგრამ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ რეაგირებს. როცა დავრეკე სამინისტროში მითხრეს, თუ კონკრეტულად იცით, ვინ გააჩინა ცეცხლი მოვალთ და დავაჯარიმებთო. ფაქტია, რომ ფერმერების 95 პროცენტი აკეთებს ამას. ერთ-ერთი გამოსავალი არის, რომ თანამედროვე კომბაინებს მიეცეთ ვალდებულება, ნამჯის დასაქუცმაცებელი მოწყობილობა ჩაუბან. ასე ნამჯა ფქვილად იქცევა და ნიადაგს შეერევა“. ნიკა ბაგალიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ჯარიმა 10 000-20 000 ლარამდეც კი უნდა გაზარდოს.

ცეცხლის ალში გახვეული ალაზნისა და შირაქის ველები თითქმის მთელი კახეთიდან ჩანს, განსაკუთრებით ღამით. გარემოს დამცველმა ამირან კოდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პრობლემა იმაზე ბევრად მასშტაბური და საგანგაშოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს:„ზოგიერთი ფერმერი ალბათ, ფიქრობს, რომ ხანძრის გაჩენით მხოლოდ მავნებელ მწერს და მღრღნელს ანადგურებს და ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ მავნებელთან ერთად ნადგურდებიან სასარგებლო ცხოველები, ფრინველები და მწერები. ნადგურდება მიწის ნაყოფიერი ფენაც, რაც ერთობლიობაში იწვევს მიწის დეგრადაციას“.

ცეცხლწაკიდებული ნამჯა კახეთში
ცეცხლწაკიდებული ნამჯა კახეთში

ამ თემაზე რადიო თავისუფლება გასულ წლებშიც მუშაობდა. 2019 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო ჩიქოვანმა გვითხრა, რომ მომზადებული ჰქონდათ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ჯარიმების გაზრდას და რეგულაციების გამკაცრებას. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 18 ივლისს დავუკავშირდით იმის გასარკვევად, გაიზარდა თუ არა ჯარიმა, რა იციან მინდვრების გადაწვის წლევანდელ შემთხვევებზე და ზოგადად, რამდენი კანონდამრღვევი ფერმერი გამოავლინეს და დააჯარიმეს. სამინისტროში პასუხად გვითხრეს, რომ განცხადებას გაავრცელებენ.

დღეს, 19 ივლისს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ზოგადი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა, რომელსაც ფერმერები დღემდე იყენებენ, საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას და იწვევს გაუდაბნოებას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა და ითვალისწინებს 500-დან 1300-ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. დეპარტამენტი იმასაც აცხადებს, რომ მისი თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების რისკი არსებობს და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

"მიწების გადაწვის" მოწინააღმდეგე ფერმერები და გარემოს დამცველები ამბობენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, კახეთის უხვმოსავლიანი მიწები რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, საერთოდ მოუსავლიანი გახდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG