Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კუბო ბორბლებზე“ - მანქანა დაღუპული შვილის სანაცვლოდ


რუსულმა ტელეარხმა „როსია 1“ აჩვენა სიუჟეტი უკრაინაში დაღუპულ რუს ჯარისკაცზე. კომპენსაციით, რომელიც დაღუპულის ოჯახს გადაუხადეს, მშობლებმა ავტომობილი „ლადა“ შეიძინეს. როგორც დაღუპულის მამა ამბობს, მისი შვილი სწორედ ასეთ მანქანაზე ოცნებობდა.

„ის ფაშიზმს ებრძოდა, ისევე როგორც მისი ბაბუა და დიდი ბაბუა“, - ასე დაახასიათეს სიუჟეტში 31 წლის ასაკში გარდაცვლილი ალექსეი მალოვი, ტანკისტი სარატოვის ოლქის დაბა ვიაზოვსკიდან. ის სავარაუდოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა.

კომპენსაცია დაღუპული ჯარისკაცებისთვის 9 500 000 რუბლს შეადგენს, რაც თითქმის 170 ათასი დოლარია.

სიუჟეტი მაშინვე ვირუსულად გავრცელდა. სოციალურ ქსელში მას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ისინი წერენ:

„ინსტრუქცია: გაზარდე შვილი, გაუშვი „სპეცოპერაციაში“, მიიღე კომპენსაცია, იყიდე მანქანა“.

„ბიზნესი რუსულად“

„შეეწიე რუსულ ავტოწარმოებას - მოკალი შვილი!“

„კუბო ბორბლებზე“

„მადლობა, შვილო, მანქანისთვის“

„ვინც ეს სიუჟეტი გადაიღო, მიხვდა მაინც, რა გადაიღო?“

„ნატურალური ბარტერი რუსეთში მარტო კვერცხის კალოშებზე გაცვლა კი არაა, შვილსაც ცვლიან მანქანაში“.

„ვუყურებ ამ სიუჟეტს, დედა, მამა, მათი დაღუპული შვილი, თეთრი „ლადა“ და ვხვდები, რომ არაფრის მჯერა, არც იმის, რომ დედა დედაა, რომ მამა - მამაა, რომ შვილი მართლაც დაეღუპათ და რომ ეს „ლადა“ მართლაც მათია“.

საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ სიუჟეტი საგანგებოდ მომზადდა ცინიკური ელფერით და ის ამით ომის წინააღმდეგ პროპაგანდას ემსახურება.

„უნაურია, რომ ტელევიზორში ომის წინააღმდეგ პროპაგანდა გადის. „დაღუპულებისთვის გაცემულ ფულს „საკუბოეს“ უწოდებენ. მანქანაზე, რომელიც ამ ფულით იყიდა, დაღუპულის მამა პირველად ჯდება და სასაფლაოზე მიდის“ - ციტატა დასრულდა. ვინმე არის ისეთი, ვინც ახალი მანქანისთვის შვილს ომში გაგზავნის? არის? არის?“ - კითხულობს ერთი.

კირილ მარტინოვი, რედაქტორი გაზეთისა „ნოვაია გაზეტა. ევროპა“ ამბობს, რომ დაღუპულ ჯარისკაცზე გაკეთებული ეს სიუჟეტი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ იყო, რისი ნახვაც ომის დროს მოუხდა.

„ჯერ საბჭოთა და შემდეგ პუტინის სისტემაა დამნაშავე იმაში, რომ ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. კლასიკური სიუჟეტი მახსენდება რუსული ლიტერატურიდან, ბუნინის მოთხრობა, გლეხს შვილი უკვდება, ის კი წვნიანის ჭამას განაგრძობს, რომ არ გაფუჭდეს. აზნაურს, რომელიც სულ სხვა სოციალურ წრეს ეკუთვნის, ამის გაგება არ შეუძლია. თუ არაფერი გაქვს, მათ შორის არც მომავალი, დაღუპულისთვის კომპენსაცია მაინც აიღე და მანქანა იყიდე. კიდევ ერთი ცინიზმი ამ სიუჟეტის ისაა, რომ ის გადაღებულია, როგორც „ლადას“ რეკლამა. ეს ხალხი იმდენადაა გაჟღენთილი ცინიზმით, ომის პროპაგანდით, რომ მგონია, უკვე ხვდებიან კიდეც, როგორი ჩანს მათი ქმედება უცხო თვალისთვის“, - ამბობს ის.

„ოღონდ დაღუპულების უმეტესობა მაინც უგზო-უკვლოდ დაკარგული დარჩება და ოჯახები კომპენსაციას ვერ მიიღებენ“, - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ამ სიუჟეტთან დაკავშირებით.

რუსეთმა თავისი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 25 მარტს გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინაში 1 351 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. ამის საპირისპიროდ უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა ომში უკვე 38 000 ჯარისკაცი დაკარგა.

„ნოვაია გაზეტა. ევროპამ“ მოამზადა გამოძიება და გამოიკვლია, რომ რუსეთის მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან კომპენსაციისთვის 113 მილიარდი რუბლი გამოყო, აქედან 89 მილიარდი რუბლი უკვე გაცემულია. კომპენსაცია დაღუპულისთვის 9,5 მილიონი რუბლია, დაჭრილისთვის კი 4, 5 მილიონი. შესაბამისად, თანხა 15-17 ათას ჯარისკაცს ან მის ოჯახს უნდა მიეღო. გამოდის, რომ 150-ათასიანი რუსული არმიის 10-11 პროცენტი დაღუპული ან დაჭრილია.

სიუჟეტში, რომელიც „რუსია 1“ -ზე გავიდა, ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ დაღუპული ჯარისკაცი ნაციონალისტებს, ფაშისტებს ებრძოდა.

„ომი, რომელიც პუტინმა წამოიწყო, სწორედ იმას ემსახურება, რომ ეს იმპერიალისტური სულისკვეთება მომავალ თაობაშიც შენარჩუნდეს. რუსეთში ახლა ბევრი დაკარგავს მეგობარს, გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ ომის შედეგად დაშავდნენ და ისევ წამოწევენ იმ იდეას, რომ აი, მაშინ უკრაინას რომ ვერ მოვერიეთ, ამის გამო ისევ იმპერიულ პრაქტიკას უნდა დავუბრუნდეთ. პუტინი ცდილობს, ქვეყანა საკუთარ თავს დაამგვანოს ანუ იმპერიას შეუნარჩუნოს სიცოცხლე არა მხოლოდ მიწების დაპყრობით, არამედ მსოფლხედველობითაც. საშინელი ეროვნული ტრაგედიაა ის, თუ როგორ ესმის ხალხს, როგორ აიძულებს ხელისუფლება, „გაიგოს“, რომ ეს „არის სპეცოპერაცია ნეონაცისტების წინააღმდეგ“, - ამბობს კირილ მარტინოვი.

რამ შეიძლება შეცვალოს ხალხის ცნობიერება? მედიაკრიტიკოსი ალექსანდრ მელმანი გერმანიის გამოცდილებას იხსენებს.

„1945 წელს, როდესაც გერმანია დამარცხდა, გერმანელების შინაგანი იმპერიალიზმიც ჩამოიშალა. ერმა როგორც იქნა გაიგო, ეს ომი სინამდვილეში რას წარმოადგენდა. თუ რუსეთიც სასტიკად და სამარცხვინოდ დამარცხდება, შესაძლოა აღარც აქ ჰქონდეთ ასეთი იმპერიალისტური განწყობა. იმპერიალიზმი რუსი ხალხის გენშია, პუტინმა ეს იცის და ტელევიზიის მეშვეობით ამას კიდევ უფრო ახალისებს. იცის, როგორ დამცირებულად გრძნობს რუსი ერი თავს სსრკ-ის დაშლის შემდეგ, - ამბობს ალექსანდრ მელმანი, - სხვა საკითხია, რომ ადრე თავად აქვს ნათქვამი, ვისაც სსრკ-ის დაშლა არ სწყინს, მას გული არ აქვს, მაგრამ ვისაც მისი აღდგენა სურს, მას ჭკუა არ გააჩნიაო. ჰოდა, სად აქვს ახლა ჭკუა პუტინს, მე ამ ჭკუას ვერ ვხედავ“.

რადიო თავისუფლების სტატიების მიხედვით მოამზადა თეა თოფურიამ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG