Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ელჩებს აბულინგებს


გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრემიერი
გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრემიერი

​საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოქმედი ხელისუფლების ყოფილი ლიდერი მთავრობას ელჩების ბულინგში ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ლიდერების კომენტარებს გიორგი გახარია "ტვიტერში" აფასებს.

"აშშ-ის ელჩის შემდეგ საქართველოს მმართველი პარტია ახლა თავს დაესხა ევროკავშირის ელჩს. კატეგორიულად ვგმობ საქართველოს მთავრობის მიერ ელჩების ბულინგს. მიმაჩნია, რომ შეთანხმებული თავდასხმა ჩვენი უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეების წინააღმდეგ და ფარული მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ", - წერს გახარია.

ირაკლი კობახიძემ დღეს, 20 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა.

უფრო ადრე, 15 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრაზე "ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა".

24 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.

XS
SM
MD
LG