Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ფორმატი 12 პუნქტისთვის - როგორ მოახერხებენ მმართველი და ოპოზიციური პარტიები შეთანხმებას?  


აქცია რუსთაველის გამზირზე. თბილისი, 3 ივლისი, 2022 წელი.
აქცია რუსთაველის გამზირზე. თბილისი, 3 ივლისი, 2022 წელი.

პარლამენტში ორი სამუშაო ფორმატი ამოქმედდა იმ ფონზე, როცა ბრიუსელიდან დეპუტატებს ერთად მუშაობისა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთობლივად შესრულებისკენ მოუწოდებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ არ შეუერთდნენ „ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს. 

ოპოზიციის დიდ ნაწილს მმართველ პარტიასთან ერთად კანონპროექტებზე მუშაობა უიმედო, მკვდრადშობილ პროცესად მიაჩნია - მხარეები ორ, პარალელურ სივრცეში მოქმედებენ. ამ ეტაპზე შეუთანხმებლობისთვის განწირული ერთ-ერთი საკითხი - დეოლიგარქიზაციაა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სწორებას უკრაინის მსგავსი კანონის მიღებაზე აკეთებენ და დარწმუნებული არიან, რომ უკრაინული კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები ვერაფრით მოერგება მმართველი პარტიის დამფუძნებელს - ბიძინა ივანიშვილს; ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის კი უდავოა ერთ-ერთი ევროპარლამენტარის ახსნილი ფორმულა - დეოლიგარქიზაცია უდრის დებიძინიზაციას.

საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის შეუთანხმებლობა საქმეს უორმაგებს არასამთავრობო სექტორს, რომლის წარმომადგენლებიც, ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე, აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

დროს არ დავკარგავთ

„არ ვაპირებთ დროის დაკარგვას უშედეგო პროცესში ჩართვისთვის“; „კონკრეტული კანონპროექტებია მოსამზადებელი შემოდგომამდე“, - აცხადებენ ოპოზიციონერი დეპუტატები და ამბობენ, რომ მათი ტაქტიკა შედეგზეა ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, რომ მომზადებული კანონპროექტები, კენჭისყრისას მაინც ჩავარდება, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე.

ოპოზიციის გაცხადებული გეგმა ასეთია: იმუშავებენ ინტენსიურად ივლის-აგვისტოში, მოამზადებენ შესაბამის კანონპროექტებს და სექტემბრიდან, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდეგ, წარადგენენ პარლამენტში, მათ შორის - უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად განსახილველად.

მაგალითად, დეპუტატი რომან გოცირიძე ენმ-დან იმედოვნებს, რომ სექტემბრისთვის სხვა ვითარება იქნება და ხელისუფლება ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტების ხელაღებით იგნორირებას ვეღარ შეძლებს.

„უმრავლესობა იყო საჭირო მაშინაც, როცა 120/30-ზე დამტკიცდა [შერეული საარჩევნო სისტემა - 120 დეპუტატი პროპორციული სიით და 30 მაჟორიტარი - რთ]. იძულებული გახდნენ, რომ მიეღოთ... თუ იქნება დიდი წნეხი, ამასაც მიიღებენ... ამ მუშაობით წინ წაგდებული გვექნება საქმე. უკვე მზად რომ გვექნება კანონპროექტები, გამოჩნდება, ვის უნდა რეალურად [12 პუნქტის - რთ] შესრულება და ვის არა. ზეწოლაც იქნება - საერთაშორისოც, შიდაც, სანქციების შიშიც და ასე შემდეგ... და ამიტომ უნდა გვქონდეს ჩვენ მზად კანონპროექტები შემოდგომისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რომან გოცირიძე.

ოპოზიციის წარმომადგენლების წამოწყებულ პროცესს „ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრებას“ უწოდებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წარმომადგენელი ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც ახლახან ყურადღების ცენტრში ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის გაკრიტიკების გამო მოექცა. მან თქვა, რომ ელჩს უკეთესად მუშაობა შეეძლო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

„ეს არის [ოპოზიციის მხრიდან - რთ] ძალიან უბადრუკი მცდელობა იმისა, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს იმ სამუშაო პროცესისა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა... ყველა, ვინც არ უერთდება ამ სამუშაო პროცესს, ისინი თავიანთ ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - აცხადებს სამხარაძე.

ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციამ წამოიწყო „პარალელური პროცესი, რომელიც ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან“ და „ეს არის პოლარიზაციისა და დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა“.

„ლელოს“ დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი, რომელიც 25 ივლისს მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ „თავის გაფუჭებულ საქმეს მუდმივად სხვებს აბრალებს“ და რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე უარის თქმით, „პროცესი კონსტიტუციური ჩარჩოდან“ თავად „ოცნებამ“ გაიყვანა.

ორმა ფორმატმა ამ ეტაპზე შრომა გაუორმაგა არასამთავრობო სექტორს, რომელიც მზად არის მონაწილეობა მიიღოს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის სამუშაო ჯგუფებში.

როგორც 25 ივლისს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, გურამ იმნაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დეპუტატებს ორივე ჯგუფში თავიანთ ხედვებს აცნობენ.

„სამწუხაროდ, რაც ამ ეტაპზე ჩანს, "ქართულ ოცნებას" არა აქვს მკაფიო სიღრმისეული გეგმები, მაგალითად, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით; მაშინ როცა ოპოზიციური პარტიები მზად არიან იმუშაონ ყველა იმ საკითხზე, რომელიც წაადგება რეალურ რეფორმას... ოპოზიციას საბოლოოდ მოუწევს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა - რათა პროცესს დაერქვას ინკლუზიური და მრავალმხრივი [რასაც ითხოვს ევროკომისია - რთ].

საჭიროა ასევე, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ პოზიციებზე, საკუთარ დღის წესრიგზე არ აკეთებდეს აქცენტს და თუკი რაიმე რაციონალურს შესთავაზებს ოპოზიცია, განიხილოს და გაიზიაროს... სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ ხელისუფლებას ასეთი მზაობა აქვს“, - ამბობს იმნაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 19 ივლისს შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და რეალური რეფორმებისთვის მზაობის დანახვა სწორედ ამ შეხვედრაზე გაუჭირდათ.

რატომ თქვა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარი მუშაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, დეპუტატი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მუშაობა აზრს არის მოკლებული, რადგან 12-დან 4 მთავარ პუნქტზე მმართველმა პარტიამ უკვე წინასწარი უარი განაცხადა.

„რანაირად უნდა შევიდეთ პროცესში, სადაც წინაპირობებს გვიყენებენ და ვიცით, რომ 4 საკითხში აპრიორი არ იქნება შესრულებული ევროკავშირის მოთხოვნა... შექმნეს კომისიები წინაპირობებით: დეოლიგარქიზაცია არ ეხებაო ბიძინა ივანიშვილს; დეპოლარიზაცია - ოპოზიციის გაჩუმებას ნიშნავსო; საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ ვრცელდებაო [ევროკომისიის რეკომენდაციების - რთ] 12 პუნქტი; კლანი სასამართლოში არ არისო და ჩვენ რომ კანონს დავწერთ მართლმსაჯულებაზე, კლანს არ შეეხებაო... პირდაპირ გვითხრეს ეს“, - ამბობს ვაშაძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის საკითხსაც მოიცავს, პარლამენტმა პირველი მოსმენით ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა; თუმცა „ოცნებამ“ ჯერ უვადოდ გადადო საკითხი და შემდეგ განაცხადა, რომ პაკეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამტკიცებს, თუკი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ოპონენტები ამ ფაქტს ევროკავშირისთვის პირობების იქით წაყენებად აფასებენ.

ბარიერის საკითხი პრიორიტეტულია პარტია „გირჩისთვის“, მაგრამ გაცხადებული უარის მიუხედავად, პარტიის დეპუტატები მაინც მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ფორმატებში.

„გირჩმა“ თავიდანვე განაცხადა, რომ შედეგის მიღების იმედი არა აქვს და არ სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ 12 პუნქტს შეასრულებს; მაგრამ, როგორც აცხადებენ, ითვალისწინებენ ბრიუსელის მოწოდებას, რომ საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად იმუშაოს და ასე უკეთესად გამოჩნდება, თუკი საბოლოოდ „ოცნება“ უარს იტყვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე.

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში ამ ეტაპზე მონაწილეობენ - „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ და „პარტია საქართველოსთვის“.

დეოლიგარქიზაცია

ევროკომისიის მიერ შემუშავებული და ევროპული საბჭოს მიერ მხარდაჭერილი რეკომენდაციებიდან „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა დეოლიგარქიზაციის პირობა.

ივნისში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს მრავალი განცხადება იმის შესახებ, რომ ოლიგარქის სტატუსი არცერთ შემთხვევაში არ მიესადაგება პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და თუკი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უკრაინის მსგავს კანონმდებლობას მიიღებენ, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდება არა ივანიშვილი, არამედ, მაგალითად - პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი.

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში დეოლიგარქიზაციის საკითხზე მუშაობა 19 ივლისს დაიწყო და მმართველმა პარტიამ უფრო აქტიურად დაიწყო ლაპარაკი უკრაინის მსგავსი კანონმდებლობის შექმნაზე.

ევროკომისიის შეფასებებში კონკრეტულად არავინ დასახელებულა, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძლიერ, არაფორმალურ ზეგავლენებზე საუბრისას, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, პოლიტიკიდან დეკლარირებულად წასული ბიძინა ივანიშვილის გვარი.
ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი 13 ივლისს, ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზეც უწოდეს და ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ - დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის დებიძინიზაციას ნიშნავს.
18 ივლისს მიწერილ ღია წერილში პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციასთან და, კერძოდ, ევროკომისიას „დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციასთან“ მკაფიო გამიჯვნას სთხოვდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 19 ივლისს განაცხადა, რომ „ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის გაცემული რეკომენდაციიდან გამომდინარე ნათელია, რომ მათი [ევროკომისიის - რთ] სურვილია ამ კანონის იმპლემენტაცია და, შესაბამისად, თუკი ევროკომისიის მიზანია უკრაინაში ამ კანონის იმპლემენტაცია, ლოგიკურია, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც ამ კანონის მიღებაც და იმპლემენტაციაც უნდა იყოს სწორი“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმავე დღეს ივარაუდა, რომ ევროკომისიას დააკმაყოფილებს უკრაინის მსგავსი კანონმდებლობის საქართველოში დამტკიცება.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ წაყენებულ პრეტენზიებს შორის ერთ-ერთი შეეხება იმას, რომ მმართველი გუნდი არ ცდილობს, ბრიუსელთან დააზუსტოს - კონკრეტულად რა იგულისხმება ევროკომისიის 12 პუნქტში და რომ ამის ნაცვლად, საერთაშორისო პარტნიორებს ესხმის თავს.

„ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფში ჩართული ოპოზიციონერი პარლამენტარები და მათ შორის - „მოქალაქეების“ ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ უკრაინული კანონი საქართველოში პირდაპირ არ უნდა გადმოიტანონ. „გირჩში“ კი ფიქრობენ, რომ კანონის მიღება საერთოდ არ არის საჭირო.

17 ივნისს გამოქვეყნებულ შეფასებებში ევროკომისიამ უკრაინის მიერ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად სწორედ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება დაასახელა და კიევს იმპლემენტაციაც დაავალა. თუმცა იქვე აღინიშნა, რომ „ეს უნდა გაკეთდეს იურიდიულად დასაბუთებული გზით, შესაბამის კანონმდებლობაზე ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით“.

დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის რადის მიერ დამტკიცებულ კანონს პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2021 წლის ნოემბერში, ომამდე 3 თვით ადრე, მოაწერა ხელი. ასამოქმედებლად განისაზღვრა 180 დღე და ახალი კანონი 2022 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში. უკრაინის მედიის ცნობით, პროცესი შეფერხდა და ოლიგარქების რეესტრი, ომის გამო, ჯერ არ არის შედგენილი.

უკრაინაში მიღებული კანონის სრული სახელწოდებაა - კანონი „ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების აღმოფხვრის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ ზეგავლენასთან“.
კანონის თანახმად, ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარება ევალება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, მინისტრთა კაბინეტის, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკისა თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის წარდგინებით.
კანონის თანახმად, იმისათვის, რომ ესა თუ ის პირი ოლიგარქად იქნეს აღიარებული, ის უნდა აკმაყოფილებდეს ოთხიდან სამ კრიტერიუმს: 1. მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში; 2. მნიშვნელოვანი ზეგავლენა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; 3. საბოლოო ბენეფიციარობა ან ფლობა ბიზნესსუბიექტისა, რომელიც კანონის ამოქმედების დროისთვის არის ბაზრის მონოპოლისტი ანდა უჭირავს მონოპოლიური მდგომარეობა და ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ მდგომარეობას; 4. მისი ან მისი ბიზნესსუბიექტების აქტივების დადასტურებული ღირებულება აღემატება 1 მილიონ საარსებო მინიმუმს, რომელიც დადგენილია შრომისუნარიანი ადამიანებისთვის შესაბამისი წლის 1 იანვრისთვის (უკრაინაში 2021 წელს ეს მაჩვენებელი - 2.27 მილიარდ გრივნას შეადგენდა)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა, რომელიც ასევე მონაწილეობს როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციის მიერ შექმნილ ფორმატებში, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არასამთავრობო სექტორი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტული კანონის მიღებას არ უჭერს მხარს, რადგან სუსტი ინსტიტუციების პირობებში ის უფრო მეტ პრობლემას შექმნის და თუკი ევროკომისიის დანარჩენი რეკომენდაციები შესრულდება, საქართველოში დეოლიგარქიზაცია თავისთავად მოხდება.

გასულ კვირაში, როცა საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სტუმრობდა, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი“ და, მაგალითად, „მნიშვნელოვან თანამდებობებზე მნიშვნელოვანი დანიშვნები გამჭვირვალედ უნდა ხორციელდებოდეს“, რათა არავის მიეცეს „პროცესის მონოპოლიზების საშუალება“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG