Accessibility links

site logo site logo

ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი - ევროპარლამენტარების ჩამოსვლა დაძაბულ ფონზე


ევროპარლამენტარების შეხვედრა პარლამენტში. 20 ივლისი, 2022 წელი.

ევროპარლამენტის დელეგაცია პირველად ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ"  ევროპარლამენტის რეზოლუციას "შეურაცხმყოფელი" და "ჩალის ფასის" მქონე, ხოლო თავად ევროპელ დეპუტატებს - საქართველოს ომში ჩართვის მსურველები და "კრიმინალთა მფარველები" უწოდა.  

6-წევრიანი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა 20 ივლისს თბილისში თქვა, რომ ვიზიტის მთავარ თემას „ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადი“ წარმოადგენს და რომ გაწევრიანება „დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია“ და არა „ვაჭრობის საგანი“.

ევროპარლამენტარები თბილისში 21 ივლისსაც იმუშავებენ - შეაგროვებენ ახალი რეზოლუციისთვის საჭირო ინფორმაციას. ორდღიანი, შეხვედრებით დატვირთული ვიზიტი დაემთხვა საქართველოში ევროკავშირის ელჩის როტაციის დასასრულს და "ქართული ოცნების" განცხადებებს, რომ ელჩს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში "მხოლოდ უარყოფით როლი ჰქონდა" და "მას შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსი მიეღო".

მოწოდებები და ბრალდებები

„ახლა არის საკვანძო მომენტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ცალსახად აჩვენოს პოლიტიკური მიზანსწრაფულობა ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, - თქვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა, დევიდ მაკალისტერმა, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პოლარიზაციასა და ერთად მუშაობაზე უარის თქმის დამაზიანებელ პრაქტიკას ის მთელი პოლიტიკური სპექტრის პრობლემად მიიჩნევს და სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ მხარეები ურთიერთბრალდებებსა და დაპირისპირებაში ატარებენ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად საჭირო დროს.

დევიდ მაკალისტერმა აქტიურობა შეუქო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და თქვა, რომ ხელისუფლების, ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცალ-ცალკე შემუშავებულმა გეგმებმა გარკვეული იმედები გააჩინა, მაგრამ - ახლა საჭიროა ძალების გაერთიანება და რეკომენდაციების დროულად შესრულება, რადგან დრო არ ითმენს“.

დევიდ მაკალისტერმა ასევე თქვა:
  • „მინდა გავიმეორო ევროპარლამენტის პოზიცია - ევროკავშირის გაწევრიანება წარმოადგენს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც მოითხოვს რელევანტური რეფორმების დამტკიცებასა და განხორციელებას - დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკის მიმართულებებით და ასევე ევროკავშირის ყველა რელევანტური კანონის შესრულებას. ეს პროცესი შეეხება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს არ არის ვაჭრობის საგანი. საქართველო კვლავ შეფასდება საკუთარი დამსახურებების და კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებაში მიღწეული წარმატებების მიხედვით“.
  • „საქართველოს ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ჩვენი სურვილია მშვიდობიანი, დაცული ცხოვრება, თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რომ შეასრულონ ეს ლეგიტიმური მისწრაფებები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვიზიტით ჩვენ შევმატოთ იმპულსი და მიზანდასახულობა პროცესს, საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს ფაზაში“.
  • „ევროკავშირის არსი დაკავშირებულია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენებასთან და 2012 წელს ნობელის პრემიაც კი გადაეცა 60 წლის მანძილზე მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარების პროცესში ჩვენი წვლილის დასტურად. სწორედ ამიტომ მუდმივად იზრდება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების რიცხვი. ასევე საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენი მუშაობა მიმართულია მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. ამის მაგალითია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის ჩართვა თუ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საქართველოში მუშაობა“.

ევროპარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ საჯარო განცხადებაში ევროკავშირისთვის მშვიდობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, თუმცა არ შეუფასებია საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროპარლამენტარების მისამართით, რომ ისინი საქართველოში რევოლუციურ სცენარს და ქვეყნის რუსეთთან ომში ჩართვას უწყობენ ხელს.

ბრალდებები, თავისი გამოსვლისას, იმავე პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა.

„ჭიდილი არის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ასევე [ქვეყნის] გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პონგ-პონგი... მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ ჯობდეს, რომ პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში...

მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება ითქვას... არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი... არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რამე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა 20 ივლისს უპასუხეს პრეზიდენტს, რომ ევროკავშირს ისინი არასოდეს ადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში.
თუმცა ევროპარლამენტარებს დაამახსოვრდათ, მაგალითად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის გარანტირებული იქნება, თუკი ომი დაიწყება.

ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა შეწყვიტონ დაპირისპირება და პარლამენტში ერთობლივი ძალებით უნდა ჩაერთონ 12 პუნქტის შესრულების სამუშაო პროცესებში; უნდა გამოიყენონ ყველა ფორმატი და რიგგარეშე სესიის ინიცირებაც, პრეზიდენტის განმარტებით, ამ მიზანს ემსახურებოდა. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ამ ინიციატივაზე უარი თქვა ისევე, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უარს ამბობს, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ფორმატით, კომისიების მუშაობაში ჩართვაზე.

მთავარი თემა - ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გარდა, ევროპარლამენტარების დელეგაციამ 20 ივლისს შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო ოპოზიციასა და პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის წევრებთან.

წინასწარი ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატები 21 ივნისს შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს.

ოფიციალური ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულება და რომ საქართველოს პარლამენტი შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში აქტიურად გააგრძელებს მუშაობას .

„ცალსახაა, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო პოლიტიკას, ევროპულ პოლიტიკას, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას და არა ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ეს არაერთ შეხვედრაზე ამ ვიზიტის ფარგლებშიც გაჟღერდა.

ცალსახაა მათი პოზიცია, რომ პოლიტიკური პარტიები ოპოზიციიდან უნდა ჩაერთონ ფორმატებში, რომელიც შეიქმნა პარლამენტში და მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ. ცხადია, პირველ საკითხად დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შეტანა ჩამონათვალში ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მოელის საქართველოში უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას", - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ შეხვედრის შემდეგ უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროპარლამენტარების მტკიცე მოთხოვნაა, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე ერთად იმუშაონ პარლამენტში და რომ პროცესი აუცილებლად ინკლუზიური უნდა იყოს.

„რეკომენდაციები პუნქტობრივად არ გაგვივლია... მთავარი გზავნილი იყო - დასხედით, ერთად იმუშავეთ, რას აკეთებთო... მესიჯები იყო, რომ ხელისუფლებამ უნდა დაანებოს თავი დიდაქტიკურ ტონსა და ხელის გადაგრეხვის პოლიტიკას და უნდა მოუსმინოს ოპოზიციას, ხოლო ოპოზიცია სამუშაო პროცესში უნდა ჩაერთოს... მოკლედ, თუ ყველას ჩართულობა არ იქნება, [პარლამენტარების ნაწილმა] რაც არ უნდა სასწაულები მიიღოს, აზრი არ ექნება... პირადად მე, ხელისუფლების იმედი არა მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო იმ კუთხით, რაც მე შემიძლია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდია.

„ლელოს“ წარმომადგენელი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან „დაისვა საკითხი იმ მძიმე გარემოს შესახებ, რომელშიც ქართულ მედიას უწევს მუშაობს და ასევე დაისვა კონკრეტული საკითხი ნიკა გვარამიას პოლიტიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის შესახებ“.

სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ევროპარლამენტარებს 20 ივლისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილიც შეხვდა.

„როგორ მიდის პროცესები ამ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ძირითადად ამაზე იყო ლაპარაკი... ხელისუფლებას მოუწევს ჩვენთან მუშაობა, რადგან არასამთავრობო სექტორის ჩართულობა გათვალისწინებულია ამ რეკომენდაციებში, მაგრამ გუშინ (19 ივლისს) პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, კითხვა-პასუხით დავრწმუნდით, რომ ისინი არ აპირებენ რეფორმების სიღრმისეულ გატარებას... ამისთვის ცილს გვწამებენ და თავს გვესხმიან იმიტომ, რომ შექმნან კონფრონტაციული ფონი... ევროპარლამენტარები კარგად არიან ინფორმირებული, ჩვენც მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია პროცესებთან დაკავშირებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა სიმონიშვილმა.

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ ევროკომისიის გადაწყვეტილებები გაიზიარა და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულება დაავალა.
ამ 12 რეკომენდაციაში „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე სადავო და მნიშვნელოვანი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული ვალდებულება აღმოჩნდა. მას შემდეგ არ შეწყვეტილა განცხადებები, კომენტარები და ღია წერილები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და რომ მისი ამგვარად მოხსენიება სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
18 ივლისით დათარიღებულ წერილში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვლი ევროკომისიის პრეზიდეტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს განუმარტავდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციამ ზეგავლენა მოახდინა ბიძინა ივანიშვილის „ფინანსური გადარიცხვების შეჩერებაზე“. ღარიბაშვილის თხოვნაა, რომ ფონ დერ ლაიენი მკაფიოდ გაემიჯნოს ევროპარლამენტის რეზოლუციას და „დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას“.

„რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად", - წერს ღარიბაშვილი.

ევროპარლამენტარებმა რეზოლუცია 9 ივნისს დამტკიცეს; ბიძინა ივანიშვილის ტრანზაქციების შეფერხებაზე კი, მისმა ადვოკატმა და „ოცნების“ ლიდერებმა ჯერ კიდევ მაისში დაიწყეს ლაპარაკი.

ახალი რეზოლუციის წინ

დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი), რომელმაც 13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური ანგარიშისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის წარდგენისას, თქვა, რომ ტექსტი, რომელიც დიდწილად ეყრდნობა ევროკომისიის შეფასებებს, თბილისში ვიზიტის შემდეგ შეივსება.

13 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილული ყოველწლიური ანგარიშის პროექტი კრიტიკულია და მოიცავს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ევროკომისიის მიერ შემუშავებულ და ევროკავშირის ევროპული საბჭოს მიერ დამტკიცებულ 12 რეკომენდაციაშია ასახული. მათ შორის არის პოლარიზაციის დაძლევა და პოლიტიკური დიალოგი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია და სხვა.

[ევროპარლამენტი] შეწუხებულია, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ არის საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელი ფაქტორი; მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს, გააერთიანონ თავიანთი ძალები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მიზნის გარშემო, ამბიციური, დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით; [ევროპარლამენტი] კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზამკვლევს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად“, - წერია რეზოლუციის პროექტში.

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია ისეთსავე ზეგავლენას მოახდენს ევროკომისიის შემდეგ გადაწყვეტილებებზე, როგორც ეს მანამდე 9 ივნისის რეზოლუციის შემთხვევაში მოხდა.

ექსპერტის თქმით, ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესრულება პირდაპირ კავშირშია ევროკომისიის შეფასებებსა და 12 პუნქტად დეკლარირებულ რეკომენდაციებთან.

„ყველა ის საკითხი, რომელიც ევროკომისიის შენიშვნებში აისახა, ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებს მოიცავს. შეიძლება ასოცირების შეთანხმებაში პირდაპირ არ არის ნახსენები, მაგალითად, დეოლიგარქიზაცია, მაგრამ ეს აზრი გამოხატულია სხვა ტერმინებში, მაგალითად - ფუნქციური დემოკრატიის არსებობა, გამჭვირვალე მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობა... საბოლოოდ ყველაფერი მიდის ასოცირების შეთანხმების შეფასებამდე და მის იმპლემენტაციამდე. თუკი ასოცირების შეთანხმებაზე გვეტყვიან, რომ 100%-ით ყველაფერი შესრულებულია, მაშინ ვერანაირ შენიშვნას ვერ მოგცემს ევროკომისია“, - ეუბნება კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულების შესაფასებლად, არამედ საქართველოში არსებული სიტუაციისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისაც“, - თქვა 20 ივლისს, სვენ მიკსერმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ევროპელი დეპუტატების შეხვედრის შემდეგ.

მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ევროპარლამენტარები ისტორიულ მომენტში ჩამოვიდნენ და „ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG