Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ემუქრება ჩეჩნეთს კადიროვისთვის გამოცხადებული ჯიჰადის შემდეგ?


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ცოტა ხნის წინ იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებმა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურს რამზან კადიროვსა და მის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში ორი ნიღბიანი მამაკაცი ირწმუნება, რომ ჯიჰადის გამოცხადების მომენტიდან რესპუბლიკაში დაიწყება იატაკქვეშა მოძრაობა, რომლის მომხრეები, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის გარემოცვაშიც იმყოფებიან.

რა ძალები დგანან კადიროვის საწინააღმდეგო ჯიჰადის უკან, რამდენად სერიოზულია მათი ეს მუქარა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას უახლოეს ხანში? ექსპერტების პასუხები ამ შეკითხვებზე არაერთმნიშვნელოვანია.

მიზანი „იჩქერიის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობაა"

ჯიჰადის გამოცხადების შესახებ ვიდეო Twitter-ზე 20 ივლისს გამოქვეყნდა - ორი დაუდგენელი მამაკაცი, რომლებსაც სახეები დაფარული აქვთ, თავს „იჩქერიის შვილებს“ უწოდებენ და ოფიციალური ჩეჩნეთის დროშას წვავენ. ისინი ამბობენ, რომ მათი მშობლები ფედერალურმა ჯარებმა სავარაუდოდ წინა ორი ომის დროს მოკლეს, რაშიც ვიდეოზე დაფიქსირებულმა პირებმა რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელი ახმატ კადიროვი დაადანაშაულეს. ვიდეო გვამცნობს, რომ ჯიჰადის გამოცხადების შემდეგ, რესპუბლიკაში მუშაობას დაიწყებს წინააღმდეგობის იატაკქვეშეთი, რომლის მომხრეებიც, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ამჟამინდელი ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვაშიც არიან.

მანამდე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობაში იატაკქვეშა მოძრაობის სამზადისის დაწყების შესახებ იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ვაჟმა, ანზორ მასხადოვმა და უკრაინის მხარეს მებრძოლი შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის სპიკერმა, ისლამ ბელოკიევმა განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, მომზადების მიზანი „არაღიარებული იჩქერიის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობაა“.

ბელოკიევმა აჩვენა რუკა, რომელზეც ჩეჩნეთი დაყოფილია სამ ფრონტად (ჩრდილოეთი, ცენტრალური, სამხრეთი) და 16 სექტორად. შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის სპიკერის თქმით, სამოქალაქო მოსახლეობასთან მუშაობა დაიწყო თითოეულ ამ სექტორში ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების, მათი განლაგებისა და იარაღის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

მაგრამ რაც შეეხება ჯიჰადის ანუ საღმრთო ომის გამოცხადებას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წინააღმდეგ, როგორც საიტი „კავკაზ.რეალიი“ წერს, აქ გაუგებრობამ იჩინა თავი. თავდაპირველად ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ პუტინთან დაახლოებულ კადიროვს ჯიჰადი სწორედ უკრაინაში მეომარი ბატალიონების წევრებმა გამოუცხადეს. მაგრამ ბელოკიევმა განაცხადა, რომ ისინი არ არიან ბატალიონის წევრები და საერთოდ არაფერი იცის ზემოხსენებულ ვიდეოზე გამოსახულ ადამიანებზე.

მოსახლეობის მომზადება უკვე დასრულებულია და განმათავისუფლებელი არმიის ფორმირება დასასრულს უახლოვდება...
ბოგდან ჩეჩენსკი

მათ არ იცნობენ და არც შესაბამისი ვიდეოს სოციალურ ქსელში გამავრცელებლების შესახებ ინფორმაციას ფლობენ შეიხ მანსურის ბატალიონის საინფორმაციო სამსახური უფროსი, ბოგდან ჩეჩენსკი და არაღიარებული იჩქერიის პრეზიდენტის ვაჟი, ანზორ მასხადოვი. ამასთან, ორივე სპიკერმა დაადასტურა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე იატაკქვეშა მოძრაობის აღორძინების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მასხადოვის თქმით, „მიმდინარეობს მძლავრი მუშაობა მოსახლეობაში“, ხოლო იატაკქვეშა მოძრაობის ამოცანა, ჩეჩენსკის სიტყვებით, „იჩქერიის დეოკუპაციაა“.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული იჩქერიის დეოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე ეტაპის გავლას ვაპირებთ. შევჩერდები პირველ სამ ფუნდამენტურ ეტაპზე, ესენია: უკრაინის გამარჯვება, ჩეჩენი ხალხის მომზადება მოსალოდნელი ცვლილებებისთვის, თანამედროვე ომის მეთოდებისთვის კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი ჩეჩნეთის განმათავისუფლებელი არმიის შექმნა“, - თქვა ბოგდან ჩეჩენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის მომზადება უკვე დასრულებულია და განმათავისუფლებელი არმიის ფორმირება დასასრულს უახლოვდება. იჩქერიის მომხრეების კონკრეტული გეგმების შესახებ ცნობილი არ არის, მაგრამ ბოგდან ჩეჩენსკი უარყოფს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რაიმე საომარი მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას.

რუსეთში ხალხებისა და რესპუბლიკების გამოყოფის საკითხის დაყენება განიხილება, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მუხლით ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახით ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„არ გამოირიცხება რუსეთის მხრიდან პროვოკაცია“

საიტ „კავკაზ.რეალიის“ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ კადიროვის წინააღმდეგ ჯიჰადის შესახებ განცხადება უფრო განზრახვების დეკლარაციად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე რეალურ გეგმებად. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში შეიარაღებული იატაკქვეშა ბრძოლა არასოდეს შეწყვეტილა, არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ ან ექვს თვეში რეგიონში მეორე ფრონტი გაიხსნება, - ამბობს ნიკოლაი ზამიკულა, უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი. ის არ გამორიცხავს, რომ ვიდეო კადიროვისთვის ჯიჰადის გამოცხადების შესახებ, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების პროვოკაციაც იყოს, რომელიც მრავალი წელია ცდილობს ჩეჩნების წარმოდგენას რელიგიურ ფანატიკოსებად და ისლამისტ რადიკალებად.

„არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებმა ეს აქცია სუფთა გულითა და გულწრფელი შთაგონებით ჩაატარეს, მაგრამ, ამავე დროს, ასევე სავარაუდოა პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საფუძვლის შექმნას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მკაცრად მოუჭირონ მარწუხები. ამავე დროს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კადიროვს და მის გარემოცვას უკვე აქვთ მიღებული უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები“, - მიიჩნევს ექსპერტი.

რუსი პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის მთავრობის აპარატის ყოფილი თანაშემწე, აბას გალიამოვი ფიქრობს, რომ შესაძლოა არაღიარებული იჩქერიის მომხრეებს პროტესტისკენ კადიროვის რეჟიმის შესუსტებამ უბიძგა.

ისინი მოწყვეტილები არიან ოჯახებს, გადახვეწილი არიან შორს და მშობლიურ მიწას ვერ სტუმრობენ. ეს საკმარისია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გამოსაცხადებლად. მაგრამ ჯიჰადად ამის გამოცხადება დამოუკიდებელი ჩეჩენი თეოლოგების მიერ უნდა მოხდეს...
თემურ ბერიძე

„იქნებ ეს მხოლოდ სიტყვებია, რომელსაც, შესაძლოა, რეალური მოქმედებები მოჰყვეს. ახლა ერთი რამ აშკარაა: უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად კადიროვის რეჟიმი შესუსტდა, კადიროველთა სამხედრო წარმატებების არარსებობამ უკმაყოფილო ჩეჩნები შთააგონა და, ალბათ, ისინი მართლაც დაიწყებენ მოქმედებას“, - ამბობს გალიამოვი.

„კავკაზ. რეალიიმ“ უკრაინის სევეროდონეცკის მუსლიმი თემის იმამს თემურ ბერიძეს მიმართა, არაღიარებული იჩქერიის მომხრეთა განცხადება რელიგიის თვალსაზრისით შეეფასებინა. მისი აზრით, კადიროვის რეჟიმის მსხვერპლს ჯიჰადის გამოცხადების კარგი მიზეზები აქვს, თუმცა ასეთი ნაბიჯის კანონიერებას იმამი საეჭვოდ მიიჩნევს.

„ეს ადამიანები თავიანთი მიწა-წყლიდან გააძევეს კრემლის პოლიტიკურ რეჟიმთან და მის ხელქვეით კადიროვთან წინააღმდეგობის გამო. ისინი მოწყვეტილები არიან ოჯახებს, გადახვეწილი არიან შორს და მშობლიურ მიწას ვერ სტუმრობენ. ეს საკმარისია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გამოსაცხადებლად. მაგრამ ჯიჰადად ამის გამოცხადება დამოუკიდებელი ჩეჩენი თეოლოგების მიერ უნდა მოხდეს. ვიმეორებ, ობიექტური შეფასებისთვის ისინი დამოუკიდებელი უნდა იყვნენ როგორც კადიროველებისგან, ისე უკრაინისათვის მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონებისგან“, - ამბობს თემურ ბერიძე.

სამხედრო ჯიჰადი, ისლამური ტერმინოლოგიით, ალაჰის გზაზე ისეთი ღვწაა, რომელიც რწმენისთვის შეიარაღებულ ბრძოლაში მდგომარეობს. ყურანის თანახმად, ყველა მუსლიმმა, საფრთხის შემთხვევაში, გულმოდგინება უნდა გამოიჩინოს ისლამის განმტკიცებისა და დაცვის საქმეში, ამას მოანდომოს მთელი თავისი მატერიალური რესურსები და ძალა. საფრთხის შემთხვევაში ჯიჰადი რელიგიის მტრების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაზე გადასვლას ითვალისწინებს.

რას გულისხმობს კადიროვის ჯიჰადი?

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჯიჰადის გამოცხადების, ისე იატაკქვეშეთის აღორძინების მხრივ იჩქერიის მომხრეების კონკრეტული გეგმები უცნობია, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ უკვე უპასუხა სოციალური ქსელებით გავრცელებულ ამ ცნობებს.

„ვიცით, რომ ჩვენმა განცხადებებმა კადიროვს სერიოზული ზომების მიღება აიძულა. მან მოითხოვა საჰაერო თავდაცვის განყოფილების შექმნა შალინსკის რაიონში სწორედ იმ ბაზის ტერიტორიაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. მან განაახლა მანქანების შუშების დაბურვის წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო [ადგილობრივმა მცხოვრებლებმა] ზოგიერთ რაიონში კავშირის დაკარგვა შენიშნეს“, - აღნიშნავს ისლამ ბელოკიევი.

კადიროვს და მის გარემოცვას ნათლად ესმით, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ვიმეორებ, თუნდაც სისხლის აღების ტრადიციით, ეს მუქარა შეიძლება განხორციელდეს ერთ წელიწადში, ათი წლის შემდეგ...
ჯამბულატ სულეიმანოვი

ევროპაში მოქმედი ჩეჩნეთის სახელმწიფო საფუძვლების კომიტეტ „ტოლამის“ ხელმძღვანელი, ჯამბულატ სულეიმანოვი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როდის შესრულდება და საერთოდ შესრულდება თუ არა მუქარა კადიროვის მისამართით, ჯიჰადის გამოცხადება ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერს სერიოზულ საფიქრალს გაუჩენს.

ექსპერტს მხედველობაში აქვს ჩეჩნურ ტრადიციულ საზოგადოებაში ფესვგამჯდარი პირადი შურისძიება, რომელიც რამდენიმე თაობის შემდეგაც შეიძლება განხორციელდეს, ხოლო როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ღირსებას, - ღალატი არასოდეს იქნება ნაპატიები.

„კადიროვს და მის გარემოცვას ნათლად ესმით, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ვიმეორებ, თუნდაც სისხლის აღების ტრადიციით, ეს მუქარა შეიძლება განხორციელდეს ერთ წელიწადში, ათი წლის შემდეგ, მაგრამ თავად ჯიჰადის გამოცხადების ფაქტი - ძალიან სერიოზული აქტია. დამნაშავე ამის შემდეგ იძულებული იქნება, ყოველი დღე ანგარიშსწორების შიშით იცხოვროს“, - აცხადებს სულეიმანოვი.

თავის მხრივ, საფრთხის ამ მოლოდინმა შეიძლება ჩეჩნეთის ხელმძღვანელს საპასუხო ზომების მიღებისა და რესპუბლიკაში ტოტალიტარული რეჟიმის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ უბიძგოს.

„კადიროვისთვის შესაძლოა ღირსების საქმედ იქცეს იმათი განადგურება, ვინც მას არ ეთანხმება და ამის შესახებ საჯაროდ აცხადებს“, - მიიჩნევს აბას გალიამოვი.

აღსანიშნავია, რომ ცნება „ჯიჰადს“ თავიანთ რიტორიკაში კადიროვის გარემოცვის წევრებიც იყენებენ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე თავიანთ ომს „წმინდად“ ნათლავენ. მაგალითად, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაში მონაწილე ჩეჩნეთის მკვიდრნი „ისლამს იცავენ“. კადიროვის მრჩევლის ადამ შახიდოვის თქმით, უკრაინაში მეომარი ჩეჩენი სამხედროები „ალაჰის გზაზე შემდგარი მოჯაჰედები“ (ისლამური ტერმინოლოგიით, „მეომრები“ - რედ.), ხოლო იქ მოკლულები - „შაჰიდები“ (ჯიჰადის დროს დაღუპულები, მოწამეები - რედ.) არიან.

ჩეჩნეთის მუფთი, სალაჰ მეჟიევი, რომელიც უკრაინის ომს ჯიჰადს უწოდებს, ამას წინათ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ მოხალისეები არ გახდებით, მაშინ „ყველა ჭუჭყი და რაც რელიგიით მიუღებელია“, რუსეთში ნატოსთან ერთად შემოვაო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG