Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ფლოიდის მოკვლის საქმეში ბოლო ორი ბრალდებული გაასამართლეს


შეერთებულ შტატებში 2020 წელს პოლიციის მიერ დაპატიმრებისას მოკლული ჯორჯ ფლოიდის საქმეში ბოლო ორი ბრალდებული გაასამართლეს.

მინეაპოლისის პოლიციის ყოფილი ოფიცრები, ტუ ტაო და ჯეი ალექსანდრე კუენგი, რომლებიც მონაწილეობდნენ ფლოიდის დაკავებაში, დამნაშავედ ცნეს დახმარების არ გაწევაში და მათ პატიმრობა მიუსაჯეს.

კუენგი ციხეში სამ წელს გაატარებს, ტაო - 42 თვეს.

ორივე ყოფილი პოლიციელი იმ რაზმში ირიცხებოდა, რომელმაც ფლოიდი დააკავა. ისინი თავად არ შეხებიან ფლოიდს, მაგრამ ახლოს იყვნენ და არაფერი გააკეთეს, როცა ფლოიდმა დახმარება ითხოვა.

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი პოლიციამ მინეაპოლისში დააკავა ეჭვის გამო, რომ მაღაზიაში ყალბი კუპიურით გადაიხადა. დაკავებისას პოლიციელებმა ფლოიდი ტროტუარზე დააგდეს მიუხედავად იმისა, რომ თვითმხილველების თქმით, წინააღმდეგობა არ გაუწევია. ერთ-ერთმა პოლიციელმა, დერეკ შოვინმა, კისერზე მუხლი დააბჯინა, მეორეს - თომას ლეინს - ფეხები ეჭირა. ფლოიდი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა, რომ ვერ სუნთქავს, მაგრამ შოვინმა ის არ გაუშვა. ფლოიდი გაიგუდა და გარდაიცვალა.

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა ძლიერი რეაქცია გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით შეერთებული შტატების აფროამერიკელებს შორის. რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა აშშ-ის ასობით ქალაქში, ლოზუნგით, „შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ (Black Lives Matter).

ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე და გაიმართა მრავალი დისკუსია სისტემური რასიზმის შესახებ შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში.

2021 წლის ივნისში სასამართლომ დერეკ შოვინი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და მიუსაჯა 22,5 წლით თავისუფლების აღკვეთა. თავად შოვინს ბრალი არ უღიარებია. თომას ლეინს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მინეაპოლისის ხელისუფლება დათანხმდა ჯორჯ ფლოიდის ოჯახისთვის 27 მილიონი დოლარის გადახდას, რაც ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი ოდესმე მინესოტას შტატში გადაუხდიათ ადამიანის გარდაცვალების გამო კომპენსაციის სახით სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG