აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ავღანეთში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი.
ამერიკელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკან არასდროს იხევს, სამართალი აღსრულდა და ტერორისტების ეს ლიდერი აღარ არის.
ჯო ბაიდენის თქმით, ის როგორც მთავარსარდალი პასუხისმგებელია, რომ აშშ იყოს უსაფრთხოდ და მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს „ალ-ყაიდასგან“ ნებისმიერი ადგილიდან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალებას.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე სახლზე, სადაც „ალ-ყაიდას“ ლიდერი იმყოფებოდა, მაღალი სიზუსტის დარტყმა გასულ კვირას, 31 ივლისს განხორციელდა. პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, ალ-ზავაჰირის ოჯახის წევრებიდან არავინ დაშავებულა და მსხვერპლი არც ავღანეთის სამოქალაქო მოსახლეობაშია.
აშშ-ის პრეზიდენტის ვიდეომიმართვამდე ცოტა ხნით ადრე, სააგენტო Reuters-მა და ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობები, რომ "ალ-ყაიდას" მეთაური მოკლულია უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული დარტყმის შედეგად.
თეთრი სახლის თანახმად, სპეცსამსახურებმა წელს მიიღეს ინფორმაცია ალ-ზავაჰირის სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ, ბოლო თვეებში კი, ეს ცნობები სულ უფრო სანდო ხდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატიდან დარტყმა განხორციელდა ქაბულში მდებარე სახლის აივანზე, სადაც მანამდე ალ-ზავაჰირი არაერთხელ დააფიქსირეს.
ეგვიპტელი ქირურგი აიმან ალ-ზავაჰირი კოორდინაციას უწევდა „ალ-ყაიდას“ მიერ აშშ-ში 2001 წელს განხორციელებულ ტერაქტებს, რომელთა შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ალ-ზავაჰირი დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგა 2011 წელს, ამერიკელების მიერ „ალ-ყაიდას“ ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ. აშშ-ს აიმან ალ-ზავაჰირის ადგილსამყოფლის შესახებ სანდო ინფორმაციისთვის 25 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.