Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ახალი დოქტრინა და "ახალი გამყოფი ხაზი" შავ ზღვაზე


რუსეთის ახალ საზღვაო დოქტრინაში, რომელიც ოკეანეების, ზღვებისა თუ სრუტეების უდიდეს ნაწილზე ზეგავლენის გაძლიერებას ისახავს მიზნად, საგანგებოდ იკვეთება პუტინის ახლებური ამბიცია შავი ზღვის რეგიონის მიმართაც.

რუსეთი ავლებს საზღვრებს დასავლეთთან, მოქმედებების თავისუფლებას აცხადებს და ამბობს, რომ ახალი საფრთხეების გათვალისწინებით გააძლიერებს დასავლეთთან წინააღმდეგობასა და კონკურენციას „მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების პირობებში“.

  • რამდენად რეალისტურია რუსეთის გეგმები?
  • იქმნება თუ არა ახალი საფრთხეები საქართველოსთვის?

ოკეანეებში, ზღვებში, სრუტეებში

უკრაინაში შეჭრიდან 5 თვეში და 3 თვეში მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა, შავ ზღაში, რუსეთს ეროვნული სიამაყე - ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" ჩაუძირეს, ვლადიმირ პუტინი რუსეთისთვის „დიადი საზღვაო სახელმწიფოს“ ტიტულსა და თამაშის ახალ წესებზე იწყებს საუბარს.

„ჩვენ ღიად დავაწესეთ რუსეთის ეროვნული ინტერესების საზღვრები და ზონები და ასევე - ეკონომიკური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ინტერესებისთვის... პირველ რიგში, ეს არის არქტიკული აკვატორიები, შავი ზღვის, ოხოტისა და ბერინგის ზღვების წყლები... მათ დაცვას უზრუნველვყოფთ მტკიცედ და ყველა საშუალებით“, - რუსეთის მედიის თანახმად, ეს სიტყვები პუტინმა, 31 ივლისს, სამხედრო-საზღვაო აღლუმზე წარმოთქვა მას შემდეგ, რაც სანქტ-პეტერბურგის ისტორიული მუზეუმის შენობაში, ახალ საზღვაო დოქტრინას მოაწერა ხელი.

პუტინი აღნიშნავს, რომ მთელი ამ პროცესების საკვანძო ფაქტორი „სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაძლებლობებზეა დამყარებული“ და „მას შეუძლია ელვისებურად უპასუხოს ყველას, ვინც ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“. დოქტრინაში კი აღნიშნულია, რომ ეროვნული ინტერესების დასაცავად, რუსეთის ფედერაციას აქვს „უდავო უფლება“, ოკეანეებსა და ზღვებში „წარმოდგენილი იყოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალებით (ჯარი) და გამოიყენოს ისინი“.

დოქტრინის ტექსტში რუსეთის ინტერესებად დასახელებულია:
  • „დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობა, რომელიც ვრცელდება - შიდა ზღვებზე, ტერიტორიულ ზღვაზე, მის ფსკერზე და საჰაერო სივრცეზე მის თავზე“;
  • „რუსეთის ფედერაციისთვის დიადი საზღვაო სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება, რომლის საქმიანობაც მიმართულია მსოფლიო ოკეანეში სტრატეგიული სტაბილურობის მხარდაჭერისკენ, ეროვნული ზეგავლენების გაძლიერებისა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისკენ საზღვაო საქმიანობის სფეროში, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების პირობებში“;
  • „რუსეთის ფედერაციისთვის გლობალურ სატრანსპორტო კომუნიკაციებზე გარანტირებული წვდომის უზრუნველყოფა“;
  • „რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ უმაღლეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტს“;
  • „საკუთარი ეროვნული ინტერესების გარანტირებული უზრუნველყოფისა და დაცვისთვის [რუსეთი] თავად განსაზღვრავს მსოფლიო ოკეანის პრიორიტეტულ ზონებს“.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მთავარ საფრთხეებად ნატო და აშშ სახელდება. ტექსტში ვკითხულობთ, რომ აშშ ეწინააღმდეგება რუსეთის „დამოუკიდებელ შიდა და საგარეო პოლიტიკას“ და რუსეთის მიმართ წარმოებული „შეკავების პოლიტიკით“ ცდილობს რუსეთის განვითარების შეფერხებას, „პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და საინფორმაციო წნეხით“.

ამ დოკუმენტის თანახმად, შავ ზღვაში, ისევე როგორც ყველა სხვა ზღვაში, ოკეანესა თუ სრუტეში - ანუ მთლიანად მსოფლიო ოკეანეში - რუსეთის მოტივაცია საკუთარი ზეგავლენების განმტკიცება და დასავლეთთან აგრესიული შეჯიბრებაა.

სწორედ ამიტომ მოსწონთ ეს დოქტრინა რუს ექსპერტებს.

„საზღვაო დოქტრინა - ეს არის ჩვენი პასუხი აშშ-ისა და ნატოს მიერ შექმნილ საფრთხეებზე ყველა მიმართულებით... აქ გასათვალისწინებელია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი... დასავლელმა კოლეგებმა უნდა შეიგნონ, რომ დგება მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ერა და ასეთ მსოფლიოში, ოკეანეებსა და ზღვებში რუსეთის პოლიტიკაც სხვანაირი გახდება“, - ეუბნება რუსეთის მედიას რუსი სამხედრო ექსპერტი, თადარიგის კაპიტანი ვასილი დანდიკინი.

დოქტრინის ტექსტმა რუს ექსპერტებს, ჩანს, დაანახვა პერსპექტივა ახალი ტერიტორიების ასათვისებლად:

„დოკუმენტში [საზღვაო დოქტრინაში] აღნიშნულია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია შექმნას თავისი ბაზები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, როდესაც ეს გამართლებულია კომუნიკაციების, სამოქალაქო პირებისა და ჩვენი ინტერესების დასაცავად - აზიაში, აფრიკასა თუ ლათინურ ამერიკაში“.

და რა გეგმა აქვს შავ ზღვაში?

ახალ დოქტრინაში შავი ზღვა „მნიშვნელოვან ზონად“ არის დასახელებული. ეს „ზონა“, დართული განმარტების მიხედვით - გავლენას ახდენს რუსეთის „ეკონომიკურ განვითარებაზე“, „მოსახლეობის მატერიალურ კეთილდღეობაზე“, ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოების მდგომარეობაზე“ და ასევე „სახელმწიფოს სტრატეგიული და რეგიონული უსაფრხოების დაცვაზე“.

შავი ზღვისა და მისი სრუტეების გარდა, დოქტრინის მიხედვით, ამ „ზონაშია“ ასევე:
  • რუსეთის სანაპიროს მიმდებარე ოკეანეებისა და ზღვების აკვატორიები - აზოვის ზღვა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი;
  • ბალტიისა და კურილიის სრუტეები;
  • რაიონები, სადაც მსოფლიო საზღვაო სატრანსპორტო კომუნიკაციები გადის.

„ახალ დოქტრინაში გამოჩნდა ის, რაც აქამდე დაფარული იყო და მხოლოდ სხვა დოკუმენტებში იკითხებოდა. ეს არის რუსეთის განსაკუთრებული ინტერესი შავი ზღვაში მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. აქ იგულისხმება არაფერი სხვა, თუ არა ამ სახელმწიფოების რუსეთის ზეგავლენის ტერიტორიებად გამოცხადება... ცხადია, ეს ეგზისტენციალურ საფრთხეებს უქმნის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ.

დოქტრინის ტექსტში ქართველი ექსპერტი ხედავს ასევე პუტინის ამბიციას, რომ „დასავლეთსა და რუსეთის იმპერიის სამფლობელოს შორის ახალი გამყოფი ხაზი უნდა გადიოდეს შავ ზღვაზე“ და რომ ამ სქემით, რუსეთის ზეგავლენის ზონაში დარჩებიან, „პირველ ეტაპზე - უკრაინა და საქართველო“.

რამდენად რეალისტურია ახალ დოქტრინაში ასახული მიზნები?

თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ეს გეგმები რუსეთის დღევანდელ შესაძლებლობებს აბსოლუტურად არ შეესაბამება და ამ მხრივ სასაცილოც კი არის, მაგრამ „რუსეთი არასდროს მალავს, რომ მისი ამბიციები შესაძლებლობებზე მეტი და მუდმივად მზარდია“.

ფხალაძე თვლის, რომ ბევრი რამ, ამ მხრივ, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებით განისაზღვრება.

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე რუსეთის ახალ საზღვაო დოქტრინას ჰიბრიდული ომისა და საკუთარ მოქალაქეებზე ზემოქმედების სტრატეგიის ნაწილად განიხილავს.

„ამ დოქტრინით პუტინმა კიდევ ერთხელ მიმართა საკუთარ მოქალაქეებს - აი, ჩვენ გვყავს გარე მტრები დასავლეთში და ამიტომ თქვენ უნდა ითმინოთ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, კორუფცია, გაღარიბება, წნეხი... სამაგიეროდ მე დაგიცავთ არარსებული მტრებისგან და აღვადგენ რუსეთის სიდიადეს“, - ეუბნება ბადრიძე რადიო თავისუფლებას.

მოუხედავად იმისა, რომ დოქტრინა ამ ეტაპზე საფრთხეებს არ ზრდის, ექსპერტი იმედოვნებს, რომ, უკრაინაში ომის ფონზე, დასავლეთი უკეთესად გაიაზრებს შავი ზღვის მნიშვნელობას, რადგან - „მისი ენერგეტიკული უსაფრთხოება სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოებას უკავშირდება“.

რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირების გზების ძიებაში, ამ ეტაპზე უკვე დაიგეგმა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის გაორმაგება, სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდება თურქეთს და შემდეგ ევროპულ ქვეყნებს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი კი, აზერბაიჯანის ნავთობს, საქართველოსა და თურქეთის გავლით მსოფლიოს ბაზრებზე ანაწილებს. სწორედ ამ მილსადენს განიხილავს ყაზახეთი ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად, რუსეთის გვერდის ავლით, თავისი ნავთობის ევროპისკენ ტრანსპორტირებისთვის.

საჭიროა მეტი

მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში „შეიმჩნევა ნატოს აქტივობების ზრდა“, „ქვეყნების დახმარება“, „გაზრდილია ნატოს გემების საპორტო ვიზიტები“ და „გრძელდება ერთობლივი სამხედრო სწავლებები ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ხელშესაწყობად“, რუსეთის ახალი განაცხადის ფონზე, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, საჭიროა „უფრო მკაფიო სტრატეგია“ და „დაცულობის უფრო მაღალი ხარისხი, არა მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის“.

შავი ზღვის სამეზობლოში, რუსეთთან, საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, ნატოს წევრი სამი ქვეყანაა - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.
შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სწორედ ყირიმის ანექსიის შედეგ, 2016 წელს შეიმუშავა და ექსპერტები შენიშნავენ, რომ საქართველო ამ პროგრამაში ჩართულია როგორც სადაზვერვო მონაცემების გაცვლის კუთხით, ასევე „საქართველოს მეშვეობით ხდება საჰაერო სივრცისა და ზღვის კონტროლი“.
ნატოს წევრი თურქეთი კიევსა და მოსკოვს შორის დღემდე შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს. მაგრამ 2022 წლის იანვრის მიწურულს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გარკვევით თქვა, რომ ნატოს წევრი თურქეთი, პრინციპულ საკითხებში, „შეასრულებს ნატოს წევრობის მოთხოვნებს“.

რუსი ექსპერტებიც აღიარებენ, რომ ახალი საზღვაო დოქტრინის შესრულებას ახალი კანონებისა და ნორმატიული აქტების დამტკიცება დასჭირდება და ის თვალის დახამხამებაში ნამდვილად ვერაფერს შეცვლის.

ამ დოკუმენტს ისინი აღიქვამენ „დიდებულ ჩარჩოდ“ - რომლის ფარგლებშიც რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს და მათ შორის - ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი სამხედრო გემებისა და ავიამზიდების მშენებლობაა. სხვა საკითხია, მოხერხდება თუ არა ასეთი პროგრესი რუსეთში, დასავლეთის მიერ დაკისრებული მძიმე და მზარდი სანქციების ფონზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG