Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოხანაშვილის თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების შეთავაზება ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება


ანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი დესტაბილიზაციისა და ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება. ამის შესახებ მან დღეს, 4 აგვისტოს პარლამენტში ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა.

"საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს.

ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია - სურთ დესტაბილიზაცია და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

რუსეთის და ბელარუსი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება პარტია "ლელომ" მოითხოვა.

"განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.

ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა რუსეთი პირდაპირ დაასახელა, როგორც საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ", - ვკითხულობთ ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

ამავე მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ონლაინ ათასობით მოქალაქე აწერს ხელს.

შსს-ს მონაცემებით, ივნისში საქართველოში შემოვიდა რუსეთის დაახლოებით 135 000 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG