Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინზინგერი: თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის


ადამ კინზინგერი

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ წამოწყებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე თქვა, რომ თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, "რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა". ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

კინზინგერმა აღნიშნა ისიც, რომ ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო.

"ახლა მთავრობას არჩევანი არ აქვს, ისინი სიმპათიებით უნდა იყვნენ განწყობილნი დასავლეთისა და ამერიკის მიმართ, რადგან ესაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავს დასავლეთად აღიქვამს და ჩვენც, საქართველოს დასავლეთად აღვიქვამთ. ასე რომ შეშფოთების საგანი ისაა, რომ არსებობს მოძრაობა, ან მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის.

ნება მომეცით, ეს პირადად ვუთხრა ქართველ ხალხს: ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს უკიდურესად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს - იქნება ეს ეკონომიკური, რეგიონული თუ სხვა მიმართულებით.

ჩვენი ურთიერთობებისადმი არსებობს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის კონგრესსა და საპრეზიდენტო ოფისში. ნებისნიერი მცდელობა, რომელიც ჩვენ შორის დისტანციის შექმნას ემსახურება, ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს არ წაადგება, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება.

"ვფიქრობ მომავალი განისაზღვრება იმით, დღეიდან როგორ და სად წავალთ. კიდევ ერთხელ, არავინ ამბობს, რომ საქართველო კრიტიკული არ შეიძლება იყოს ამერიკის ელჩის მიმართ, თუ ეს მიზეზები ლეგიტიმურია.

ჩვენ, როგორც ქვეყნებს, შეიძლება დიდი განსხვავებები გვქონდეს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რომელიმე ელჩს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. მაგრამ არ შეიძლება, რომ ვიტყუებოდეთ იმაზე, რაც ხდება და ვცდილობდეთ, რომ ყალბი სურათი შევქმნათ.

კიდევ ერთხელ, ამერიკა და საქართველო ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ელჩი დეგნანი კი სუპერგმირია, რომელიც ცდილობს, რომ ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს [საქართველო-ამერიკას შორის]. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა, თუმცა ეს საბოლოოდ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია", - თქვა კინზინგერმა.

28 ივლისს კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათი მიზანი არის ქვეყნისთვის საფრთხეების არიდება და არა საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. მან "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ყალბ ინფორმაციას იმეორებს მიზნად აშშ-ის ძალისხმევის არასწორად წარმოჩენა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG